1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პანევროპული მოძრაობა

დააარსა 1923 წელს ავსტრიელმა რიხარდ კუდენხოვ-კალერგიმ. 1926 წელს მან მოახერხა ერთად შეეკრიბა ევროპის სხვადასხვა გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურები პირველ პანევროპულ კონგრესზე ვენაში. აღნიშნულ კონგრესამდე, ევროპა, როგორც პოლიტიკური კონცეფცია, არ არსებობდა. კუდენხოვ-კალერგის აზრით, ურთიერთზიზღი ევროპაში წამლავდა ატმოსფეროს და ევროპის პრობლემების მოგვარება მხოლოდ თავად ევროპელებს შეეძლოთ. მისი აზრით, ევროპის მშვიდობიანი გაერთიანების გზაზე ერთერთი ურთულესი დაბრკოლება საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული ათასწლიანი შუღლი იყო. პან-ევროპული მოძრაობის ოქროს წლები მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარი იყო, როდესაც ხელმოწერილ იქნა ლოკარნოს შეთანხმება (1925წ. გერმანიის დასავლეთის საზღვრების გარანტიის შესახებ) და ბრიან-კელოგის პაქტი (1928წ. ომზე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის იარაღზე, უარის თქმა). 1929 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიანმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა ევროპის სახელმწიფოების ფედერაციის იდეა: ფედერაცია, რომელიც ეფუძნება სოლიდარობასა და სურვილს, მიღწეულ იქნეს ეკონომიკური სიმდიდრე და პოლიტიკური და სოციალური თანამშრომლობა. იდეას აღფრთოვანებით შეხვდნენ ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური მოღვაწეები. ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ერთიანობის კონცეფცია სწრაფად ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა, თუმცა რიგმა ეკონომიკურმა და, შემდეგ, პოლიტიკურმა მოვლენებმა რამდენიმე წლით შეაფერხა მისი საბოლოო ფორმით ჩამოყალიბება და სრული რეალიზება. 1930 წელს დაიწყო ეკონომიკური დეპრესია ყველა თანმდევი პრობლემებით, ხოლო 1933 წელს გერმანიაში ხელისუფლებაში მოვიდა ჰიტლერი. ნაციონალიზმმა კიდევ უფრო დიდი სიმძაფრით იჩინა თავი, და ევროპა ახალმა კატასტროფამ მოიცვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა ევროპის ერთიანობის საჭიროება. ევროპამ გააცნობიერა თავისი სისუსტე - ომმა ბოლო მოუღო ევროპის ტრადიციულ ჰეგემონიას მსოფლიოში. ორ ახალ სუპერსახელმწიფოს - აშშ-სა და საბჭოთა კავშირს - გააჩნდათ ბევრად უფრო დაწინაურებული ეკონომიკა, ისინი ბევრად უკეთეს პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ევროპის ყველა სახელმწიფო ერთად. ორივე მსოფლიო ომი დაიწყო, როგორც ევროპის ომი და ევროპის კონტინენტი მთავარი საომარი ველი იყო ორივე შემთხვევაში. ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში იყო ევროპული სახელმწიფოების გაერთიანებაში. ამ იდეის მატარებელნი იმედოვნებდნენ, რომ ამ გაერთიანებით შეიქმნებოდა მესამე (იმ პერიოდის ორ სუპერსახელმწიფოს - აშშ-სა და სსრკ-ს შემდეგ) ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, და ევროპა დაიბრუნებდა თავის ისტორიულ ფუნქციას მსოფლიო სისტემაში. უმნიშვნელოვანესი ხდებოდა გერმანიისა და საფრანგეთის შერიგების საკითხი, მათ შორის, არსებული ისტორიული პრობლემების მოგვარება. შუამავლად შეიძლება აშშ გამოსულიყო, და ეს მშვიდობის გარანტია გახდებოდა. გარდა ამისა, მეცნიერთა აზრით, ევროპელებს შორის სულ უფრო და უფრო მატულობდა სურვილი ეცხოვრათ თავისუფალ, სამართლიან და ეკონომიკურად ძლიერ კონტინენტზე, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები განვითარდებოდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 1946 წელს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ციურიხის უნივერსიტეტში, ბევრის აზრით, ომის შემდეგ პირველი ნაბიჯი იყო ევროპის ინტეგრაციისაკენ. ჩერჩილის თქმით, მთელი ევროპა ისეთივე თავისუფალი და ბედნიერი უნდა ყოფილიყო, როგორც შვეიცარია. ამის მიღწევა, მისი აზრით, შესაძლებელი იყო ერთიანი ევროპული ოჯახის შექმნით და მისი ისეთი სტრუქტურით უზრუნველყოფით, რომლის პირობებშიც მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი ცხოვრება იქნებოდა. მისი აზრით, შესაქმნელი იყო ევროპის გაერთიანებული შტატები, ხოლო ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო თანამშრომლობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი მოსფლიო ომის შემდგომი პერიოდისაგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღარ მიმართეს იზოლაციონისტურ პოლიტიკას და, როგორც მსოფლიოს უძლიერესმა სახელმწიფომ, თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ჩარეულიყვნენ ევროპის საშინაო საქმეებში. ამერიკის მთავრობა დარწმუნდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შემაფერხებელი გარემოებების დიდი დამსახურება იყო ის საერთაშორისო დაძაბულობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა ქვეყნები. ამრიგად, 1945 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის აგიტაცია და მისი მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება ამერიკის ძირითადი პირობა გახდა იმ ევროპული სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც სურდათ აშშ-ისაგან ეკონომიკური დახმარების მიღება. ცივი ომის პირობებში ამერიკამ შეიმუშავა მარშალის გეგმა, რომლის მიზანიც იყო ევროპაში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დაჩქარება, რათა ის არ გადაქცეულიყო კომუნისტური რეჟიმის გავლენის სფეროდ. ასევე აშშ-ის ინიციატივით 1949 წელს დასავლეთ ევროპის უმეტესმა სახელმწიფომ, აშშ-მა და კანადამ დააარსეს ჩრდილოეთატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც უპირისპირდებოდა სოციალისტურ ქვეყნებს. ეს იყო კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და მასში გაერთიანებით ევროპულმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს პოლიტიკური ერთიანობისაკენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის სამმა ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯი გაერთიანებისკენ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გადადგა. ესენია: ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. 1944 წელს მათ შექმნეს ბენილუქსი - საბაჟო კავშირი. 1948 წელს ამ ქვეყნებმა დაიწყეს საერთო საგარეო ტარიფის შემოღებაზე მუშაობა. 1949 წელს ევროპის საბჭოს შექმნა კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ევროპის გაერთიანებისკენ. მისი მიზანი იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვა. ევროპის კავშირის შექმნის პროცესში პირველი ნაბიჯი იყო 1950 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის წინადადება, საფრანგეთსა და გერმანიას, აგრეთვე ყველა სხვა მსურველ სახელმწიფოს შეეერთებინათ თავიანთი ქვანახშირისა და ფოლადის რესურსები. ამ ეკონომიკურ ინტეგრაციას შორს გამიზნული გეგმა ჰქონდა - მჭიდრო ეკონომიკური კავშირით დაეზღვიათ ევროპა შესაძლო ომისაგან. 1951 წელს პარიზის ხელშეკრულებით ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება დაარსდა, რომლის დამფუძნებელიც იყო ექვსი ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. ნათელი იყო, რომ ეკონომიკური კავშირი ერთადერთი შესაძლო გზა იყო პოლიტიკური ერთიანობისაკენ, და იმ ისტორიულ ეტაპზე ეკონომიკური კავშირები უფრო მყარი შეიძლებოდა ყოფილიყო ევროპის სახელმწიფოებს შორის, ვიდრე პოლიტიკური და სამხედრო. 1957 წელს ექვსი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შესახებ და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესახებ. 1992 წელი გარდამტეხი პერიოდია ევროპისათვის. ამ წელს ხელი მოეწერა მაასტრიხტის ხელშეკრულებას (ევროპის კავშირის ხელშეკრულება). მასში მოდიფიცირებული იყო პარიზის, რომისა და სხვა საკვანძო ხელშეკრულებები, დახვეწილი და განვრცობილი იყო ევროპის მოკლე და გძელვადიანი ეკონომიკური მიზნები და ჩამოყალიბებული ევროპის ქვეყნების პოლიტიკური თანამშრომლობის ძირითადი ამოცანები. მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ოფიციალურად დამკვიდრდა ტერმინი ,,ევროპის კავშირი” (ევროკავშირი).
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9