1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრებიში რაულ

დაიბადა არგენტინაში 1901 წელს. იგი ცნობილი გახდა როგორც ლათინური ამერიკის ეკონომიკური კომისიის დირექტორი და სტრუქტურალიზმისა და დამოკიდებულების თეორიების ფუძემდებელი. მან განათლება მიიღო ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში და 1925 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა. 1950 წელს პრებიში გახდა გაერო-ს ლათინური ამერიკის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივანი. მან ინტენსიურად დაიწყო მესამე სამყაროს ქვეყნების პრობლემების შესწავლა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს. პრებიში განიხილავდა ვაჭრობის პირობებს განვითარებადი ქვეყნებისათვის (პერიფერიისათვის). მან აჩვენა, რომ ვაჭრობის პირობები პერიფერიისათვის ათწლეულების მანძილზე უარესდებოდა და სულ უფრო აძნელებდა ამ ქვეყნების განვითარებას. ამასთან, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების შემოსავლებს შორის განსხვავება, შემცირების მაგივრად, გამუდმებით იზრდებოდა. ეს პრობლემა მჭიდროდ იყო დაკავშირებული, აგრეთვე, უმუშევრობასთან პერიფერიაში, რაც აორმაგებდა რა ღარიბი ქვეყნების მძიმე მდგომარეობას, ხელს უშლიდა მათ თავიანთი რესურსების სრულად გამოყენებაში. პრებიში იყო ეკონომიკური განვითარების სტრუქტურალისტური ხედვის ფუძემდებელი. სტრუქტურალიზმმა მკაფიოდ გამიჯნა განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკების სტრუქტურები. ამ თეორიით პრებიშს სურდა აეხსნა, თუ რატომ იყო მესამე სამყაროს ქვეყნებში მასობრივი უმუშევრობა, რატომ უარესდებოდა მათი ვაჭრობა, რატომ იზრდებოდა სხვაობა შემოსავლებს შორის და ა.შ. ამისათვის მან განიხილა როგორც საერთაშორისო ვაჭრობა, ასევე შიდა ფაქტორები, რომლებიც აფერხებდნენ განვითარებად სახელმწიფოებში ეკონომიკურ ზრდას. პრებიშის იდეები საფუძვლად დაედო, აგრეთვე, დამოკიდებულების თეორიას, რომელმაც შემდგომ თავისი განვითარება, საკმაოდ რადიკალური ფორმით, პოვა სხვა ლათინურმერიკელი ეკონომისტების ნაშრომებში. 1963 წელს პრებიში გახდა ვაჭრობასა და განვითარებაზე გაერო-ს კონფერენციის (UNCTAD) გენერალური მდივანი, ხოლო 1969 წელს - ეკონომიკური და სოციალური დაგეგმის გაეროს ლათინურამერიკული ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9