1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრანსნაციონალური კორპორაცია

კორპორაცია, რომლის მფლობელობა, მენეჯმენტი წარმოება და საქმიანობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია და სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებშია მოქცეული. მას გააჩნია სათავო ოფისი ერთ სახელმწიფოში და ფილიალები სხვა სახელმწიფოებში. კორპორაციის ძირითადი მიზანია მსოფლიო ბაზრებისთვის საქონლის მაქსიმალურად დაბალ ფასში წარმოება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია პროდუქციის წარმოებისათვის ყველაზე წარმატებული ადგილის შერჩევით ან მასპინძელი სახელმწიფოსაგან საგადასახადო შეღავათების მიღებით. ტრანსნაციონალურ კორპორაციებს გააჩნიათ გამორჩეული მენეჯერული ნიჭი, ფინანსური საშუალებები და ტექნიკური რესურსები, და ისინი ეწევიან უდიდეს საქმიანობას კოორდინირებული გლობალური სტარტეგიის ფარგლებში. მრავალნაციონალური კორპორაციები, გილპინის აზრით, ცდილობენ განავრცონ და გაიმაგრონ საბაზრო პოზიციები კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღების ვერტიკალური ინტეგრაციისა და ცენტრალიზაციის გზით. ჯენერალ მოტორსი, დაიმლერ კრაისლერი, ტოიოტა, ფორდ მოტორი, ნესტლე და სხვ. ტიპიური მაგალითებია (The Political Economy of International Relations, Robert Gilpin, Princeton University Press, Princeton 1987). ასეთი კორპორაციები ეკონომიკური ურთიერთობების ინტერნაციონალიზაციის ყველაზე თვალსაჩინო მოვლენაა. არსებითად, ეს არის კაპიტალის გატანის ერთ-ერთი ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსაციონალური კორპორაციები ინტენსიურად მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ვრცელდება, მათ წინამორბედები გააჩნდათ. მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ჯერ დაიწყო აშშ-ის კორპორაციების რაოდენობის ზრდა, შემდეგ დასავლეთ ევროპისა და იაპონიის. მეოცე სუკუნის ბოლოსათვის კი ტრანსნაციონალური კორპორაციები ჰქონდათ არა მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, არამედ მესამე სამყაროს ქვეყნებსაც, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის და შორეული აღმოსავლეთის. ეს კორპორაციები დღეს თითქმის ყველა დარგშია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მხოლოდ იმით, თუ რას აწარმოებენ, არამედ იმითაც, თუ როგორ აწარმოებენ, ტექნოლოგიის დონით, მენეჯმენტის სტილით და მათი პროდუქციის ბაზრის სტრუქტურით. მენეჯმენტი და მარკეტინგი ასეთ კორპორაციებში ხშირად შერეულია (საერთაშორისო). ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში მარკეტინგის შედეგად პროდუქცია იყიდება მთელ მსოფლიოში. უმეტეს შემთხვევაში, ტრანსნაციონალური კორპორაციები რამოდენიმე ქვეყნის იურისდიქციას ექვემდებარება, რაც აძნელებს მათ გაკონტროლებას ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მიერ. ტრანსნაციონალური კორპორაციები შეიძლება დაიყოს შემდეგი მახასითებლების მიხედვით: მათი სიდიდე, მათი ფილიალების რაოდენობა, საქმიანობის ტიპი (მოპოვებითი, სამრეწველო, მომსახურება/სერვისი, ტურიზმი, სასტუმროები, დაზღვევა, ფინანსები, ტრანსპორტი, შერეული, სასოფლო-სამეურნეო), უცხოურ ფილიალებთან კავშირის ტიპი, ანუ როგორ საკუთრებაშია - მთლიანი, ნაწილობრივი, ერთობლივი. მრავალნაციონალურ კორპორაციებში გამოირჩევა სამი ტიპი, რომლებიც განსხვავდება მშობელი და ფილიალის კონტროლის პროპორციებით, დომინირების ხასიათითა და ხარისხით. ● პირველი ტიპის ტრანსნაციონალური კორპორაციებისათვის დამახასიათებელია მშობლის მიზნებისათვის ყველაფერის დაქვემდებარება. უმეტესად ტრანსნაციონალური კორპორაციები ამჯობინებენ სრულ მფლობელობას, რომელიც ფილიალებზე მაქსიმალურ კონტროლს ნიშნავს. ამ კორპორაციების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია მოქნილობა და მობილურობა. თანამედროვე ტენდენციაა სწორედ ასეთი კორპორაციების გავრცელება. ისინი ყველაზე მომგებიანია, თუმცა ვინაიდან ამ ტიპის კორპორაციების მიზნები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მიმღები სახელმწიფოების მიზნებს, ეს ხშირად კონფლიქტების მიზეზი ხდება; ● მეორე ტიპის ტრანსნაციონალური კორპორაციების ფილიალები გარკვეული დამოუკიდებლობით, ავტონომიით სარგებლობენ. ისინი უფრო მეტად ითვალისწინებენ და ექვემდებარებიან მიმღები სახელმწიფოს იურისდიქციას და, შესაბამისად, ნაკლებად შედიან მასთან კონფლიქტში; ● მესამე ტიპის ტრანსნაციონალური კორპორაციები ძალიან განსხვავდება პირველი რისაგან. მის მენეჯმენტში არ არის რომელიმე ეროვნების უპირატესობა, ფილიალები პრაქტიკულად იმ ქვეყნებს ეკუთვნიან, რომლებშიც ფუნქციონირებენ და ეწევიან თავიანთ საქმიანობას. ეს ხდება კონტრაქტაციის ბაზაზე. [...] ტრანსნაციონალური კორპორაციები სამ ორგანიზაციულ ტიპად იყოფა: ვერტიკალურად ინტეგრირებულ, ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ და კონგლომერატულ ტიპებად. ვერტიკალურად ინტეგრირებული კორპორაციები ძირითადად მინერალური ნედლეულის მოპოვებითა და გადამუშავებით არიან დაკავებულნი, ნავთობწარმოების სფეროში კი მათი ფუნქციები ძირითადად დისტრიბუციას მოიცავს. ასეთი კორპორაციები ხშირად ფლობენ ბენზინგასამართ სადგურებს. წარმოების სფეროში მომრავლდა ისეთი ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც ნაწილებს ერთ ქვეყანაში ამზადებენ და სხვაგან აწყობენ. მაგალითად, იაპონიისა და ამერიკის ელექტროსაქონლის მწარმოებელ ფირმებს ამწყობი ქარხნები აქვთ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ტაივანი, ტაილანდი, ფილიპინები, მალაიზია, სამხრეთ კორეა და სხვ., სადაც მათ ქვეყნებთან შედარებით იაფი მუშახელია. ჰორიზონტალური ინტეგრაცია გულისხმობს ერთი ტიპის ქარხნების მუშაობას სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ როდესაც ცენტრალური ქარხანა და მისი შვილობილი კომპანიები იდენტური საქმიანობით არიან დაკავებულნი. კონგლომერატული ტიპის კორპორაციები ბევრ განსხვავებულ სფეროში არიან ჩაბმულნი ერთდროულად, მაგ., ნავთობის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების გადამუშავების, მედიის, სამმხედრო ტექნიკის წარმოების და სხვ.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9