1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დემოკრატია

  1. ბერძნული სიტყვაა: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“: ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ. თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს. დემოკრატია ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
    „ინდივიდუალური ავტონომიის“ პრინციპი: რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს წესებს, რომლებიც სხვათა მიერ არის დაწესებული;
    „თანასწორობის“ პრინციპი: რომ ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ადამიანებს საზოგადოებაში. დემოკრატიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ლიბერალური ან წარმომადგენლობითი დემოკრატია წარმოადგენს, სადაც მოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან კანონებს და პოლიტიკას და ნიშნავენ სახელმწიფო მოხელეებს. თეორიულად, წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს ხელისუფლების თავისუფალ და სამართლიან არჩევას ხალხის ხმათა უმრავლესობით. ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ძალაუფლების გაყოფა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობათა დაცვა. კანონის უზენაესობა არის პრინციპი, როდესაც ხელისუფლება და სასამართლო მხოლოდ დაწერილი კანონების შესაბამისად მოქმედებენ. აღნიშნული პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალაუფლების გაყოფის პრინციპთან, რომლის თანახმად ხელისუფლების საკანონმდებლო (პარლამენტი), აღმასრულებელი (მთავრობა) და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები საერთო ფასეულობების სისტემას წარმოადგენს. შესაბამისად, მცირე წარმომადგენლობის მქონე ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, როგორიცაა ბავშვები, ქალები, ემიგრანტები, რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დაცული არიან დისკრიმინაციისგან და ხდება მათი ინდივიდუალობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა.
    ტერმინი „დემოკრატია“ აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ტიპს, ასევე ხელისუფლების გარკვეულ ტიპს. დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს მმართველობის ყველაზე სამართლიან მეთოდს უმეტესი ხალხისთვის და მაქსიმალურ თანასწორობას, გაცილებით მეტი ადამიანია აქტიური და არა პასიური მონაწილე. დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყველა ადამიანისთვის, ჯგუფისთვის თუ საზოგადოების შემადგენელი ყველა თემისთვის. ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად ცდილობს სოციალური საკითხების გადაჭრას ხალხის დიდი ნაწილის სასარგებლოდ, უფრო სავარაუდოც არის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ მის გადაწყვეტილებებს. დემოკრატია არსებობს როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
  2. პოლიტიკური მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ასხვავებენ უშუალო დემოკრატიას (ხალხის მიერ ხელისუფლების ორგანოების უშუალოდ არჩევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის მეშვეობით და ა.შ.) და წარმომადგენლობით დემოკრატიას (გადაწყვეტილებების მიღება, თანამდებობის პირების დანიშვნა ხალხის მიერ არჩეული ორგანოების მიერ და ა. შ.).
    Source: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  3. მმართველობის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია არჩევნებზე, ხალხის ნებასა და მართვის განხორციელებაზე არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. არჩევნები, პოლიტიკური უფლებები და მოსახლეობის მონაწილეობა დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტებია Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
    Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
  4. უწოდებენ მმართველობის ფორმას, როდესაც სუვერენს შეუძლია მმართველობითი ფუნქცია დააკისროს მთელ ხალხს, ან მის უდიდეს ნაწილს ისე, რომ რიგით მოქალაქეებს მოქალაქე-მაგისტრატები სჭარბობდნენ.
    Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
  5. ბოლო დრომდე აღიარებული დემოკრატიის ,,რეალისტური“ (იგულისხმება ცხოვრებაში განხორციელებადი) დეფინიცია ეკუთვნის რობერტ დალს. მისი ელეგანტური და მომჭირნე დეფინიციით დემოკრატია (იგი მას პოლიარხიას უწოდებს), სხვა არაფერია თუ არა ,,კონკურენცია, რომელიც ღიაა მონაწილეობისათვის“. /Robert Dahl, Polyarchy, Participation and Opposition, New Haven/London 1971./ ეს, მეცნიერული თვალისაზრისით, მეტად მომჭირნე დეფინიცა, ბევრის აზირთ, ოპერაციონალურ დონეზე რთული მოსახმარია და იგი დამატებით კონსტიტუციურ-სამართლებრივი განზომილების შემოღებას მოითხოვს. ანუ, კონკურენცია და მასში მონაწილეობის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში უნდა იქნეს რეგულირებული.
  6. თუ დემოკრატიის თეორიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის სარტორის დეფინიციას დავეყრდნობით, დემოკრატია არის პოლიტიკური თანაცხოვრების ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა და ტიპი.
    Source: აფრასიძე დავით. არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიული გარდაქმნისათვის // ახალი აზრი,- №2 (8),- 2003
  7. ჩერჩილის კლასიკური განსაზღვრებით მმართველობის საკმაოდ ცუდი ფორმაა და მისი ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური სისტემა კიდევ უარესია.
    Source: როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ: 1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები საქართველოში და ქართული დემოკრატია [მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი] - თბ.: CIPDD, 2000.
  8. (დიუი) - „დემოკრატია არ წარმოადგენს მმართველობის ფორმას, არც სოციალურ მიზანშეწონილობას. იგი არის ადამიანისა და მისი გამოცდილების ბუნებასთან მიმართების მეტაფიზიკა“.
    (ჯეიმსი) - „დემოკრატია თავისებური რელიგიაა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი კრახი“.
    Source: პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ პოლიტიკური იდეალიზმი?: უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში / მშვიდობის, დემოკრატ. და განვით. კავკას. ინ-ტი; [რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000
  9. ხალხის მმართველობა; დემოკრატია გულისხმობს როგორც ხალხის მონაწილეობას, ისე მთავრობის დგომას საზოგადო ინტერესის სამსახურში, რაც შეიძლება მრავალგვარი ფორმით განვითარდეს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9