1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო ჩრ ჩხ
ჩრდ

ჩრდილოეთი ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია

  1. E. North Atlantic Treaty Organization - NATO
    ნატო შეიქმნა 1949 წელს როგორც სამხედრო კავშირი, თუმცა ძალიან მალე მან სერიოზული პოლიტიკური ფუნქციაც შეიძინა. თავდაპირველად ნატოს ძირითადი მიზანი იყო წევრი სახელმწიფოების დაცვა კომუნისტური საბჭოთა კავშირისაგან. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ კი მისი მიზანი შეიცვალა და ახლა ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნებაში მდგომარეობს. ამჟამად ნატოში გაერთიანებულია შემდეგი სახელმწიფოები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, ნორვეგია დანია, ისლანდია, პორტუგალია, საბერძნეთი, თურქეთი, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი. მისი ძირითადი ამოცანაა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს აგრესიის მოგერიებაში, ითანამშრომლოს საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარებისათვის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისათვის და სხვ. ნატოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო. ნატოს ჩარჩოებში მოქმედებს ევროჯგუფი, რომელშიც შედიან ნატო-ს წევრი დასავლეთ ევროპული ქვეყნების (საფრანგეთის და ისლანდიის გარდა) თავდაცვის მინისტრები. მისი მთავარი ამოცანააა ამ ჯგუფში გაერთიანებული ქვეყნების შეიარაღების გეგმების კოორდინაცია. ნატოს ფარგლებში მოქმედებს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (1991წ.), რომლის მიზანია განამტკიცოს მჭიდრო ურთიერთობა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებთან. მისი წევრია ნატოს ყველა წევრი და, აგრეთვე ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქმენეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სლოვაკია, სლოვენია, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, შვედეთი და სხვ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ტენდენციები, რომლებიც შეინიშნება ამ ორგანიზაციაში ცივი ომის დასრულების შემდეგ. ეს არის ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ეს ორგანიზაციის სწორედ იმ ფუნქციას უკავშირდება, რომელიც გულისხმობს ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას. ვინაიდან ნატოს წევრობის კანდიდატები ყოფილი სოციალისტური სახელმწიფოებია, გასაკვირი არ არის რომ ამ პროცესით უკმაყოფილოა რუსეთი.
    Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
  2. ნატო ამჟამად აერთიანებს 15 ქვეყანას და უზრუნველყოფს მათ ურთიერთკავშირს სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. როგორც სამხედრო კავშირი, იგი უპირობოდ ყველაზე განვითარებულ და სრულყოფილ სტრუქტურას წარმოადგენს. არსებობს მექანიზმების მთელი სისტემა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება წევრ სახელმწიფოთა ერთობლივი მოქმედება, დაწყებული შეთანხმებული პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებენ ნატო-ს წევრები საერთაშორისო არენაზე, დამთავრებული საომარი მოქმედებების ორგანიზების განსაზღვრით ომის შემთხვევაში. ნატო-ს უმაღლეს პოლიტიკურ ინსტანციას წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური საბჭო. რაც შეეხება კავშირის სამხედრო ორგანიზაციას, მის გულს წარმოადგენს ინტეგრირებული სამეთაურო სტრუქტურა, რომელიც უზრუნვეყოფს წევრ სახელმწიფოთა ჯარების ურთიერთქმედებას და მათ მზადყოფნას კოლექტიური თავდაცვისათვის კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში. ცივი ომის დასრულებასთან ერთად ფართომასშტაბიანი შეჯახების საფრთხე ფაქტობრივად მოიხსნა. გარკვეულწილად სამხედრო ალიანსის არსებობამ მიზანიც კი დაკარგა. ამ პირობების წინ წამოიწია ადაპტირების პრობლემამ და იმ კონფლიქტურ საკითხებში ნატო-ს როლის განსაზღვრამ, რომლებიც პოსტკონფრონტაციულ პერიოდს ახასიათებს. შემუშავდა ნატოს სტრატეგიის ახალი კონცეფციები. ალიანსის გარდაქმნა ძირითადად შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს: ხდება სამხედრო აქტივობის გარკვეული შემცირება ნატო-ს ჩარჩოებში. შედარებით შემცირდა შეიარაღებული ძალების რაოდენობაც. ნატო-ს გარდაქმნის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ალიანსის არასამხედრო ფუნქციების გაძლიერებაზე. 1991 წ. ალიანსის რომის სესიაზე მოწონებულ იქნა „ახალი სტრატეგიული კონცეფცია“, რომელშიც აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების გარნატირების პოლიტიკურ ასპექტებზე დიალოგისა და თანამშრომლობის გზით. 1994 წ. ბრიუსელის სამიტზე ასევე ხაზი გაესვა ნატო-ს პოლიტიკურ როლს ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნის საქმეში და მისი ურთიერთქმედების მნიშვნელობას კონტინეტზე არსებულ სხვა სტრუქტურებთან. ნატო-ს ამჟამინდელი სტრატეგიით წინ წამოწეულია აშშ-ის სტრატეგიული როლი ევროპის საქმეებში და იმავდროულად უზრუნველყოფილია ალიანსის ევროპელ წევრთა უფრო დიდი დამოუკიდებლობა. 1994 წ. ოფიციალურად მოწონებულ იქნა ნატო-ს ჩარჩოებში „უსაფრთხოების სფეროში ევროპის იდენტურობის“ ფორმირების (European Security and Defence Identity – ESDI) კურსი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ალიანსის სამხედრო შესაძლებლობები შეიძლება გამოყენებული იყოს დასავლეთ ევროპის კავშირის ოპერაციებისათვის. აღებულია კურსი ალიანსში არშემავალ ქვეყნებთან ფართო კონტაქტებსა და კოოპერატიული ურთიერთქმედების აქტიურ განვითარებაზე. 1991წ. შეიქმნა საკონსულტაციო ფორუმი, რომელშიც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად შევიდნენ ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიც. შემდგომში ნატო-ს პარტნიორი გახდა ზოგიერთი ნეიტრალური ქვეყანაც და პარტნიორთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. 1994 წ-დან მოქმედებს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რომელშიც მოწვეულია ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყანა ინდივიდუალური პროექტების საფუძველზე იმგვარ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სამხედრო დაგეგმარებისა და სამხედრო ხარჯების გამჭვირვალობის დაცვა, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის შემოღება, ერთობლივი დაგეგმარება, სამხედრო შენაერთების სწავლება და მომზადება სამშვიდობო მისიებისა და ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად. ამ პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც. 1993 წ-დან დისკუსიებში ცენტრალური ადგილი დაიკავა ნატო-ს მომავალი წევრების საკითხმა. 1999 წ. ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი. რუსეთი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მას უკვე აღარ ჰქონდა ძალა, რომ შეეკავებინა ყოფილი მოკავშირეების აღმოჩენა ბანაკში, რომელსაც კვლავაც საკუთარ პოტენციურ მოწინააღმდეგედ აღიქვამს. შემდგომში თანდათანობით მთავარი ყურადღება გამახვილდა ალიანსის ახალ მისიებზე. ამასთანავე ხაზი ესმევა კავშირის ორიენტირებას კრიზისული რეგულირებისა და სამშვიდობო მისიების შესრულებაში, შესაბამისად სამხედრო მომზადების შეცვლას და შეაიაღებული ძალების სისწრაფისა და მობილურობის უზრუნველყოფას. 1999 წ. „ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში“ შესაძლებელ ამოცანათა შორის პირველად დასახელდა „ოპერაციების ჩატარება კრიზისული სიტუაციების მოსაწერიგებლად, რომლებიც არ თავსდებიან ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 პუნქტში“ (ანუ არ არიან დაკავშირებულნი გარეშე აგრესიისაგან კოლექტიურ თავდაცვასთან). პირველი პრაქტიკული ოპერაცია ამ მხრივ გახდა საჰაერო დარტყმები იუგოსლავიაზე 1999 წ. კოსოვოს კრიზისის დროს, რამაც რუსეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სწორედ მისი და ჩინეთის პოზიციამ შეუშალა ხელი გაერო-ს ჩაბმულიყო ამ ოპერაციაში. ამდენად, ნატო-მ ამ შემთხვევაში უკვე გაერო-ს როლი იტვირთა.
    Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9