1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰეგემონური სტაბილურობის თეორია

  1. თანამედროვე პოლიტიკური ეკონომიკის თანამედროვე თეორიებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია ჰეგემონური სტაბილურობის თეორია, რომელიც მერკანტილიზმისგან იღებს რაღაც ელემენტებს მაგრამ ასევე ლიბერალიზმისგანაც არ არის შორს. ამ თეორიის დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ ჰეგემონის, ანუ დომინანტური ეკონომიკური და სამხედრო ძალის არსებობა არის საჭირო ლიბერალური საბაზრო ეკონომიკური წესრიგის შესაქმნელად, რადგან ასეთი ძალის არსებობის გარეშე ლიბერალური წესები ვერ დაკანონდება მსოფლიოში. სხვანაირად რომ ითქვას, ჰეგემონი არის ძალა, რომელსაც აქვს უნარი და სურვილი რომ დაამყაროს და შეინარჩუნოს წესრიგი. ამასთანავე, ჰეგემონი ამას აკეთებს არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად არამედ ის ქმნის თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც ეფუძნება თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც ყველა მონაწილე ქვეყნისთვის არის სასარგებლო და არა მარტო ჰეგემონისთვის. რომ არ იყოს ჰეგემონი, ეკონომიკური ურთიერთობები გახდება ნაციონალისტური მისწრაფებების ტყვე და პროტექციონისტური, რის შედეგადაც ქვეყნები შეეცდებიან თავიანთ მეზობლებს ყველაფერი წაართვან თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ. ასეთი სიტუაცია იყო 1930-იან წლების ეკონომიკური კრიზისის დროს. ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატები უკვე იყო უდიდესი ქვეყანა ეკონომიკური თუ სხვა მაჩვენებლებით, მაგრამ მას არ ქონდა სურვილი, რომ თავის ხელში აეღო ლიბერალური ეკონომიკური წესრიგის შექმნა და შენარჩუნება. ეს სიტუაცია შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკამ თავისი იზოლაციონისტური პოლიტიკა დათმო. თეორეტიკოსებმა ყურადღება მიაპყრეს იმ ფაქტს, თუ რა ტიპის ძალა არის საჭირო ჰეგემონობისათვის. ეს ცოტა რთული საკითხია ვინაიდან ძალა განიხილება მისი ჩანაცვლებადობის (fungibility) ხარისხის მიხედვით. ძალა ითვლება ჩანაცვლებადად თუკი მისი გამოყენება შესაძლებელია რამოდენიმე სფეროში. მაგალითად, სამხედრო ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო საბრძოლო ოპერაციების დროს, არამედ საგარეო პოლიტიკის წარმოების სხვა ასპექტებშიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებდა თავის სამხედრო ძალას დასავლეთ ევროპის თავდაცვისათვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამ გარემოებამ კი საშუალება მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებს გავლენა ჰქონოდა ევროპაზე სხვა სფეროებში, როგორიც არის სავაჭრო პოლიტიკა. შესაბამისად, სამხედრო უსაფრთხოებით უზრუნველყოფამ ევროპისათვის ამერიკას მიანიჭა ბერკეტები ეკონომიკის სფეროში. ჯოსეფ ნაის 1990 წლის ნაშრომის მიხედვით ცივი ომის შემდეგ სამხედრო ძალის ჩანაცვლებადობა კლებულობს. ხოლო, რობორტ კიოჰეინი ამბობს, რომ სამხედრო ძალის გარდა ჰეგემონურ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს კიდევ ოთხი ეკონომიკური რესურსი: ბუნებრივი ნედლეული, კაპიტალი, ბაზარი და ჰეგემონის კონკურენტუნარიანობა იმ საქონლის წარმოებაში, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი საფასური აქვს. ჰეგემონის არსებობის აუცილებლობად ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისთვის თეორეტიკოსები ხსნიან იმ მომსახურეობის თავისებურებებით, რომლებიც საჭიროა ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დროს. ლიბერალური მსოფლიო ეკონომიკა არის სახალხო ანუ კოლექტიური სიმდიდრე, რომელიც ყველას სარგებლობაშია. ეს არის საქონელი/მომსახურეობა, რომელიც ერთხელ შექმნის შემდეგ ყველას სარგებლობაშია. მაგალითად, ჰაერი, შუქურა, გზები და ტროტუარები წარმოადგენენ კოლექტიური სიმდიდრის კარგ მაგალითებს. ლიბერალური ეკონომიკის ელემენტები, როგორიცაა მსოფლიო სავალუტო ბაზარი, ან ღია ბაზრები, სადაც ყველას შეუძლია ვაჭრობა, ასევე წარმოადგენენ კოლექტიური სიმდიდრის მაგალითებს. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ კოლექტიური სიმდიდრე მიეწოდება არასაკმარისად და ყოველთვის იწვევს უფასოდ სარგებლობის ფაქტებს, ანუ ამ სიმდიდრის გამოყენება ზოგის მიერ ხდება საფასურის გაღების გარეშე. საბოლოო ჯამში კოლექტიურ სიმდიდრესაც აქვს გამოყენების ზღვარი და რომ არ იქნეს ამოწურული მისი ეფექტურობა, საჭიროა მისი შენახვა. სწორედ ამისთვის არის საჭირო ჰეგემონი სისტემაში. იგი დაარეგულირებს ,,უფასოდ მგზავრობის” პრობლემას ჯარიმების დაწესების გზით იმიტომ, რომ მას თვითონ აქვს საგრძნობლად მაღალი ინტერესი სისტემის შენარჩუნებასა და ნორმალურად ფუნქციონირებაში. ასახელებენ მსოფლიო ჰეგემონის ორ კლასიკურ მაგალითს: დიდ ბრიტანეთს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში და ამერიკის შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დიდი ბრიტანეთი იყო გლობალური ძალა და ამასთანავე იმპერიალური ძალა, რომლის ინტერესში შედიოდა ღია საბაზრო ეკონომიკის შენარჩუნება. ბრიტანეთმა დაკარგა თავისი ჰეგემონია მეოცე საუკუნის დასაწყისში როცა მის ძლიერებას კონკურენცია გაუწიეს გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამ უკანასკნელმა თავის ხელში აიღო მსოფლიო წესრიგის მართვის სადავეები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩამოაყალიბა ახალი ინსტიტუტები, რის შედეგადაც მოხდა ლიბერალური ეკონომიკის ტრანსფორმაცია. მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ზოგადი შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ, რომელიც შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ შეცვალა, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიაცია და ასე შემდეგ. ეს ინსტიტუტები კი იყო ბრეტონ ვუდსის შეთანხმების ნაწილი, რომელიც 1947 წელს შედგა. ლიბერალური ეკონომიკის აღდგენა რაღა თქმა უნდა ამერიკის ინტერესებში იყო. ამ გზით ის უფრო ადვილად შედიოდა უცხო ბაზრებზე რის შედეგადაც ეკონომიკურ წარმატებებს აღწევდა. ევროპის და იაპონიის აღდგენა და აღმშენებლობა ასევე მის ინტერესებში იყო, რადგან მას ჭირდებოდა ძლიერი რეგიონული ძალა რუსეთის ექსპანსიის შესაჩერებლად. მაგრამ, ბევრს სჯერა რომ ამერიკის ქმედებები ალტრუიზმის ელემენტებსაც შეიცავდა. მაგალითად მარშალის გეგმა და ამერიკის მიერ დასავლეთ ევროპის და იაპონიისთვის განსაკუთრებული სავაჭრო პრიორიტეტების მინიჭება ასეთ მაგალითებად განიხილება.
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
  2. პირველად წამოაყენა ჩარლზ კინდლებერგერმა 1970 წელს თეორია აქცენტს აკეთებს წამყვანი სახელმწიფოების როლზე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთზე მეცხრამეტე საუკუნეში და აშშ-ზე მეოცე საუკუნეში, და იმაზე, თუ როგორი გავლენა აქვს შესაძლებლობებისა და ძალაუფლების განაწილებას მსოფლიო ეკონომიკაზე. ამ თეორიის თანახმად, ერთი სახელმწიფოს ყოველმხრივი დომინირება საჭირო არის ღია, ლიბერალური და სტაბილური მსოფლიო ეკონომიკისათვის. ამგვარი ჰეგემონის დანიშნულებაა კოორდინაცია გაუწიოს სხვა სახელმწიფოებს და დააწესოს მათთვის ქცევის გარკვეული წესები. ასეთ პირობებში სხვა სახელმწიფოები შედარებით მშვიდად გრძნობენ თავს. მათ არ ეშინიათ გახსნან თავიანთი ბაზრები და თავს არიდებენ იმ პოლიტიკას, რომლის არსია ,,გააღარიბე მეზობელი”. შესაბამისად, თეორიის მიხედვით, ჰეგემონის დასუსტებას მოყვება ეკონომიკური დაცემა, არასტაბილურობა და მოქიშპე რეგიონული ბლოკების შექმნა. რობერტ გილპინი შენიშნავს, რომ ჰეგემონური სტაბილურობის თეორიის განსაზღვრაში ძირითადი სიტყვა არის ,,ლიბერალური” (The Political Economy of International Relations, p. 72), რაც იმაზე მიუთითებს, რომ თეორიაში იგულისხმება ღია და არადისკრიმინაციულ თავისუფალ ბაზარზე დამყარებული საერთაშორისო ეკონომიკა. ისეთი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი, როგორიცაა ლიბერალური, ვერ განვითარდება სრულად ჰეგემონი/დომინანტი სახელმწიფოს გარეშე. თუმცა მხოლოდ ჰეგემონის არსებობა არ არის საკმარისი ლიბერალური ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებისათვის. ჰეგემონი თავად უნდა იყოს ლიბერალური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული მიმდევარი და დამცველი. ჰეგემონის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური სისტემის შენარჩუნებით, იგი მზად უნდა იყოს მოაგვაროს კრიზისული სიტუაციები და დაიცვას ქვეყნები შესაძლო საფრთხისგან. ჰეგემონი სახელმწიფოს დასუსტებისა და ახალი ჰეგემონის გაჩენის პერიოდები, თეორიის მიხედვით, კონფლიქტებით ხასიათდება. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტების მასშტაბი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად არის შეგუებული ყოფილი ჰეგემონი თავის დასუსტებას და ახალ მდგომარეობას, რამდენად სწორად განსაზღვრავს იგი სამომავლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას და რამდენად მოახერხებენ ძველი და ახალი ჰეგემონები კონსტრუქციულ თანამშრომლობას ეკონომიკური ტრანსფორმაციების თანმდევი პრობლემების გადასაჭრელად. მეცხრამეტე საუკუნეში დიდი ბრიტანეთი ასრულებდა ეკონომიკური ჰეგემონის როლს მსოფლიოს უმეტეს ნაწილზე. ბრიტანეთის ლიდერობა ასოცირდებოდა ბაზრების გლობალიზაციასთან, საერთაშორისო ვაჭრობის ინტენსიფიკაციასა და კაპიტალის ბრუნვასთან, ტრანსნაციონალური კორპორაციების რიცხვის ზრდასთან და, ზოგადად, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან, რომელიც ახასიათებდა, ყოველ შემთხვევაში, ევროპას მაინც. პირველმა მსოფლიო ომმა უეცრად მოუღო ბოლო როგორც ბრიტანეთის ჰეგემონიას, ასევე მის მიერ დაწესებულ წესებსა და შექმნილ პირობებს. მზარდმა პროტექციონიზმმა, რეგიონული ბლოკების ჩამოყალიბებამ და კაპიტალის ბრუნვის შემცირებამ 1920-1930-იანი წლების დასაწყისში ხელი შეუწყო ეკონომიკურ არასტაბილურობას და დეპრესიას. პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთვის აშშ იყო ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. მაგრამ მან უარი განაცხადა შეესრულებინა ლიდერის როლი, რომელსაც უკვე ვეღარ ასრულებდა ბრიტანეთი. ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო სმუთჰოლეი ტარიფი (1930), რომლის მიხედვითაც, აშშ-ში საშუალო გადასახადი იმპორტზე გაიზარდა 40 პროცენტით. დიდი დეპრესიის დასაწყისში აშშ-მა ჩაკეტეს თავისი საზღვრები უცხოური საქონლისათვის და ამგვარად ხელი შეუწყეს მსოფლიო ეკონომიკის არნახულ დაკნინებას. ამერიკის უარმა გაეკონტროლებინა სავალუტო სისტემები კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა. მსოფლიოს ეკონომიკური ჰეგემონის ამგვარმა იზოლაციონისტურმა პოზიციამ უარყოფითი გავლენა იქონია დანარჩენი სახელმწიფოების უმეტესობაზე და თავად ამერიკაზეც.
    Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9