1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მსა მსგ მსო მსუ მსჯ

მსოფლიო ბანკი

ბანკის შექმნა გადაწყდა ბრეტონ-ვუდსში 1944 წელს. მუშაობა დაიწყო 1945 წელს. იგი გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებაა, მაგრამ მის წევრად მიიღებიან მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი სახელმწიფოები. შტაბ-ბინაა ვაშინგტონში. მისი უმაღლესი ორგანოა მმართველთა საბჭო. ბანკის ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს დირექტორატი. ბანკს ჰყავს პრეზიდენტი. პირველი სესხი ბანკმა მისცა საფრანგეთს 1947 წელს ომის შემდგომი რეკონსტრუქციისათვის (250 მილიონი აშშ დოლარი). ამ მიზნით სესხის გაცემა მას შემდეგ მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ბანკში 180-ზე მეტი წევრია. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სიღარიბესთან ბრძოლა მთელს მსოფლიოში. მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს განვითარების ანგარიშს. საქართველო მსოფლიო ბანკის წევრია 1992 წლიდან. ამჟამად ბანკში გაერთიანებულია ხუთი ინსტიტუტი: ● რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (International Bank for Reconstruction and Cooperation - IBRD):● საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (International Development Association - IDA):● საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (International Finance Corporation - IFC):● მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო (Multilateral Investment Guarantee Agency - MIGA):● ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელი საერთაშორისო ცენტრი (International Center for Settlement of International Disputes - ICSID): 2004 წელს მსოფლიო ბანკმა გასცა 20,1 მილიარდი აშშ დოლარი 245 პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც მიმართული იყო მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სიღარიბესთან საბრძოლველად. ტექნიკურად მსოფლიო ბანკი გაეროს სისტემის ნაწილია, მაგრამ მისი მმართველობის სტრუქტურა განსხვავებულია. ბანკის წევრობა ხმის უფლებას ითვალისწინებს, მაგრამ ასევე არსებობს დამატებითი ხმის უფლება, რომელიც დამოკიდებულია ორგანიზაციაში ფინანსური კონტრიბუციის ოდენობაზე. შესაბამისად ბანკი ძირითადად კონტროლდება განვითარებული სახელმწიფოების მიერ, მაშინ როცა მისი ძირითადი კლიენტები არიან განვითარებადი სახელმწიფოები. 2004 წლის ნოემბრის მონაცემებით, აშშ-ს გააჩნდათ ხმების მთლიანი რაოდენობის 16,4%, იაპონიას - 7,9%, გერმანიას - 4,5% და დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს თანამბრად 4,3%. ვინაიდან სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ხმათა 85%, აშშ-ს შეუძლიათ დაბლოკონ ნებისმიერი ცვლილება. კრიტიკოსების აზრით, საჭიროა ბანკის მმართველობის არსებული სტრუქტურის შეცვლა, რათა უკეთ იყოს გათვალისწინებული განვითარებადი სახელმწიფოების ინტერესები და მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები მათივე აქტიური მონაწილეობით წყდებოდეს.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9