1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარიზის პრინციპები

მიზნად ისახავს სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების გაძლიერებას. პრინციპები რამდენიმე ძირითად ნაწილად იყოფა - 1) უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა; 2) სტრუქტურა და პლურალიზმის და დამოუკიდებლობის გარანტიები; 3) საქმიანობის ფორმები და 4) დამატებითი პრინციპები ნახევრად სასამართლო ფუნქციების მქონე კომისიების სტატუსის შესახებ. პირველი ნაწილი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობას, მოიცავს სახელმწიფოთა ვალდებულებას, მიანიჭოს მექანიზმებს რაც შეიძლება ფართო მანდატი, გამტკიცებული კონსტიტუციასა და საკანონმდებლო ტექსტებში. აღსანიშნავია, რომ მოყვანილ კონკრეტულ ვალდებულებებს შორის უმრავლესი უკვე განხორციელებულია საქართველოს კანონში ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“. თუმცა აქ ჩამოთვლილ მრავალ ფუნქციას შორის ერთ-ერთი, რომელიც ჯერჯერობით არ ააქვს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საერთაშორისო და რეგიონულ ინსტიტუტებში პერიოდულად გასაგზავნ ანგარიშებში საკუთარი მოსაზრებების წარდგენა და მონაწილეობაა. დღეის მდგომარეობით გაეროს სახელშეკრულებო მექანიზმებსა და რეგიონულ სტრუქტურებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე სხვადასხვა სტრუქტურების, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის პერიოდული ანგარიშები იგზავნება და საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც პრაქტიკა სახალხო დამცველის მონაწილეობას მათში არ ითვალისწინებს. მეორე ნაწილი ეხება ეროვნული მექანიზმის სტრუქტურას, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის გარანტიებს. ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება ეროვნული მექანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფას. ამ გარანტიის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტის სახელმწიფოსაგან ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ,,პარიზის პრინციპების“ მესამე ნაწილი ეხება საქმიანობის მეთოდებსა და უფლებამოსილებებს. პრინციპების მიხედვით ეროვნულ მექანიზმს უნდა მიეცეს უფლებამოსილება განიხილოს ნებისმიერი საკითხი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეხვდეს ამასთან დაკავშირებულ პირებს, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება დამოუკიდებლად და პრესის მეშვეობით, ჩაატაროს კონსულტაციები შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან და ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ უფლებამოსილებებიდან საქართველოს კანონმდებლობა ყველას ითვალისწინებს უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით, ვინაიდან არ კრძალავს მათ. მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს ეროვნული მექანიზმის უფლებას, მიიღოს საჩივრები დაინტერესებული პირებისაგან, გადასცეს ისინი შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, წარმოადგინოს რეკომენდაციები კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის გამოსწორების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, კონკრეტულად კი კანონი ,,სახალხო დამცველის შესახებ“ ითვალისწინებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უფლებამოსილებას. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ძირითადად ყველა იმ უფლებამოსილებას, რასაც მოიცავს პარიზის პრინციპები, თუმცა, ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახალხო დამცველის გაძლიერება იმ გარანტიების დანერგვით, რომელიც ეხება ფინანსურ დამოუკიდებლობას და საქართველოს სახელმწიფოს სახელით წარსადგენი ანგარიშების შექმნაში მონაწილეობას.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9