პროგრამა ხორციელდება UNDP-ის და SIDA-ის მხარდაჭერით, ორი შვედური ორგანიზაციის - The Institute of Public Management (IPM) da Springboard - მონაწილეობით. პროგრამის მიზანია გენდერული პოლიტიკის განვითარება საქართველოსა და სომხეთში, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა და პოლიტიკურ ორგანოებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის ფასილიტაცია. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს გენდერულ საკითხებში რეგიონული კოოპერაციის ხელშეწყობას. მოსალოდნელია, რომ პროგრამის რეალიზების შედეგად გაიზრდება ქალთა პროცენტული შემადგენლობა პოლიტიკურ სტრუქტურებში. გაეროს მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2004 წელს პარლამენტში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს უძღვება პარლამენტის თავმჯდომარე. მოგვიანებით OSCE/ODIHR-ის მხარდაჭერით ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან დაარსდა გენდერული თანასწორობის სამთავრობო მუდმივმოქმედი კომისია. კომისია მუშაობს გენდერული თანასწორობის ახალი ეროვნული პროგრამის შექმნაზე. პროგრამით განსაზღვრულია გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საკონსულტაციო საბჭოს და გენდერული თანასწორობის მთავრობის მუდმივმოქმედი კომისიის ტექნიკური, საკონსულტაციო და ინფორმაციული მხარდაჭერა; საკანონმდებლო საქმიანობის მხარდაჭერა; გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლების ტრენინგი და სამინისტროებისთვის რეკომენდაციების შემუშავება; საინფორმაციო უზრუნველყოფის გაუმჯობესება (მათ შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მხარდაჭერა) და პუბლიკაციები; პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობისა და წინსვლის წახალისება; მუშაობა საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის რეგიონულ კონტექსტშიც.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007