1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოკა ოკუ

ოკუპაციური თერაპია

წარმოადგენს ფიზიკურად და გონებრივად უნარშეზღუდულ ადამიანთა მკურნალობას სპეციფიკურად შერჩეული აქტივობების საშუალებით. დარგის მიზანია, ხელი შეუწყოს პიროვნებას, რათა მან მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს და დამოუკიდებლობას ცხოვრების ყველა სფეროში.“ მსოფლიო ოკუპაციურ თერაპევტთა მიხედვით - „ოკუპაციური თერაპია არის პროფესია, რომელიც ეხება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ოკუპაციის გზით. ოკუპაციური თერაპიის ძირითადი მიზანია, საშუალება მიეცეს ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ საქმიანობებში. ოკუპაციური თერაპევტები ამ შედეგს იმით აღწევენ, რომ საშუალებას აძლევენ ადამიანებს, შეასრულონ ისეთი საქმიანობა, რომელიც გაზრდის მათი მონაწილეობის უნარს, ან იმით, რომ ცვლიან გარემოს უკეთესი თანამონაწილობის მიღწევისათვის“ (WFPT, 2004). ოკუპაციური თერაპია განიხილავს ჯანმრთელობას, როგორც დინამიურ და მრავალგანზომილებიან ფენომენს, რომელიც მოიცავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ, ეროვნულ და კულტურულ ასპექტებს. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციური თერაპია აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხარისხს, იყენებს რა მიზანმიმართულ საქმიანობებს - იგი ეყრდნობა ადამიანზე ორიენტირებულ ანუ ე.წ. კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომას, რაც იმას გულისხმობს, რომ კლიენტი (ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება) აქტიურ მონაწილეობას ღებულობს თერაპიულ პროცესში. ოკუპაციის თერაპია გულისხმობს, რომ ადამიანი უნიკალურია და მას გააჩნია შესაძლებლობები, იყოს მოტივირებული, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ოკუპაციური თერაპია ეს არის სისტემატიური ურთიერთობა ადამიანსა და მის ოკუპაციას (საქმიანობას) შორის. ოკუპაცია - ეს არის ადამიანის მიერ დროის მიზანმიმართული გამოყენება მისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა აქტივობებისათვის. ოკუპაციური თერაპიის ფუნქციაში შედის ამ ელემენტებს შორის ურთიერთობის შეცვლა, რაც ყველა ან რომელიმე ელემენტის ადაპტაციის, მორგების გზით ხორციელდება.
• ოკუპაციური თერაპია წარმოადგენს ფიზიკურად, გონებრივად თუ სოციალურად უნარშეზღუდული ადამიანების მკურნალობის/ინტერვენციის მეთოდს, რომლის მიზანიცაა - ამ ადამიანებმა საკუთარი რესურსების გამოყენებით მიაღწიონ დამოუკიდებლობის მაქსიმალურ დონეს.
• თუ მედიცინის ამოცანაა დაავადების მკურნალობა, ოკუპაციური თერაპიის ამოცანაა - პროფილაქტიკა (პრევენცია) ანუ იმ უნარზე შეზღუდულობის ხარისხის შემცირება, რომელიც თავად დაავადებისაგან მომდინარეობს.
• ოკუპაციური თერაპია ეხმარება ადამიანს აღადგინოს, განავითაროს, და შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებლად ფუნქციონირების, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
• ოკუპაციური თერაპიის ფუნქცია ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ გაზარდოს კარგად ყოფნის ხარისხი და აღადგინოს პიროვნების ჯანმრთელობის დონე, ხოლო ამისათვის იგი მიზანდასახულ, წინასწარ განსაზღვრულ ოკუპაციას (საქმიანობას) იყენებს. აღსანიშნავია, რომ ინდივიდის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის ყოველდღიურ გამოცდილებაზე, რომელიც მას სოციუმთან მიმართებაში აქვს გამომუშავებული (Kilhofner, 1997).
• ოკუპაციური თერაპია საშუალებას აძლევს ადამიანს, ისწავლოს და მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური, სოციალური და ფუნქციონალური პოტენციალი.
ოკუპაციური თერაპია იყენებს ყოველდღიურ აქტივობებს, რათა დაეხმაროს ადამიანებს დამოუკიდებლობის მიღწევაში. ფიზიკურად უნარშეზღუდული ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, მას თვითონ შეეძლოს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება - ჩაცმა, დავარცხნა, დაბანა, ჭამა. როდესაც ეს ჩვევები დაიხვეწება, ოკუპაციური თერაპიული პროგრამა იწყებს მუშაობას პიროვნების საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულების უნარებზე - მაგ., სწავლა, ოჯახის და სახლის მოვლა, სამუშაოს მოძებნა და დასაქმება.
ფსიქიკური და ემოციური პრობლემების მკურნალობას, ოკუპაციური თერაპიული პროგრამა ხშირად მოიცავს:
დროის სწორად დაგეგმვაში მონაწილეობას;
პროდუქტულ მუშაობას სხვებთან ერთად;
თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების სწავლას და ა. შ.
ოკუპაციური თერაპევტი ეძებს გონებრივად, ფიზიკურად უნარშეზღუდული თუ სოციალურად არაადაპტირებული პირებისათვის აქტივობებში ჩაბმის გზებს, რათა ისინი მონაწილენი, პარტნიორები გახდნენ თავიანთი ყოველდღიური უნარჩვევების გაუმჯობესების პროცესში - ფიზიკური, ფიზიოლოგიური და გარემოს ფაქტორების გათვალისწინებით. ეს ეხმარება ინდივიდებს იმოქმედონ თავიანთ გარემოზე და გააუმჯობესონ საკუთარი ჯანმრთელობა და შესაძლებლობები. ოკუპაციური თერაპიის მთავარი მიზანია სამი ელემენტის - პიროვნების, გარემოსა და ოკუპაციის - ურთიერთმორგება. უნარშეზღუდული პიროვნება, რომელსაც სპეციფიკური, განსხვავებული უნარები გააჩნია, საჭიროებს ჩვენს მიერ ისეთი საქმიანობის (ოკუპაციის) შეთავაზებას, რომელიც შესრულებადი იქნება მისთვის, ხოლო ამ საქმიანობის ხელშემწყობი უნდა იყოს ის გარემოც, სადაც ხორციელდება, ანუ უნდა მოხდეს გარემოს მორგება პიროვნებისა და მისი საქმიანობისათვის. ოკუპაციური თერაპიის პროცესი შეიძლება იყოს ეფექტური მხოლოდ ამ სამივე ელემენტის მორგების შემთხვევაში.
Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9