1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დოგ დოლ დომ დონ დოჟ დორ დოქ

დოგმა

  1. ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ,,თვალსაზრისს“, ,,შეხედულებას“, ,,მოძღვრებას’’, თავად დარგი - დოგმატიკა - მოიცავს ეკლესიის მიერ დადგენილ, უცვალებელ, ზედმიწევნით მტკიცე მოძღვრებას ღვთისმეტყველების ძირითად საკითხებზე - ღმერთსა და მის შესაქმეზე, ეკლესიაზე, მერმის საუკუნეზე და ა.შ. მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით, ძირითადი საღვთისმეტყველო დოგმატები თვით საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაშივეა კოდირებული. ისინი ჰგვანან მდოგვის მარცვალს, რომელიც ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ ,,როდესაც იზრდება, ყოველ მწვანილზე დიდია და ხედ იქცევა“ (მათე 13:32). დოგმატები წერილსა და გადმოცემაში მარცვლების მსგავსადაა წარმოდგენილი, რომლებიც გარემო პირობების შესაბამისად იხარებენ და ნაყოფს იძლევიან (ლუკა 8:11-15). დოგმატებს თავიანთი სათქმელი სრულყოფილად და ყველასათვის გასაგებად რომ გაეცხადებინათ, ღვთისმეტყველებს ისინი უნდა გამოეთქვათ და წერილობით ჩამოეყალიბებინათ, სიმბოლოებსა და ფორმულებში გამოეხატათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალური საღვთისმეტყველო მსჯელობანი ფართო ასპარეზს იპოვიდა, რაც ახალი და ახალი ერესების აღმოცენებას წაახალისებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ამ ფაქტმა დოგმატიკის განვითარებას ანუ, ეკლესიის ენაზე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების მეცნიერული კატეგორიებით გამოხატვას შეუწყო ხელი.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. ბერძნულია და ნიშნავს: „თვალსაზრისს“, „შეხედულებას“, „დადგენილებას“, „მოძღვრებას“, „სწავლებას“, ქრისტიანული დოგმატები - ეს იგივე ფორმულებია, რომლებშიც ჩამოყალიბებულია მართლმადიდებლური სარწმუნოების უმთავრესი დებულებები. თითოეული ეს დოგმატი-ფორმულა ემყარება საღმრთო წერილს და გადმოსცემს გამოცხადებული სიბრძნის ამა თუ იმ მხარეს, დადგენილებათა და განაწესთა სახით. დოგმატიკა ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზევე წარმოიშვა. წმინდა მამებმა და ეკლესიის მოძღვრებმა იმთავითვე ხელი მოჰკიდეს სარწმუნოების არსებით დებულებათა ფორმულირებას. თუმცა დოგმატიკური მწერლობა განსაკუთრებით განვითარდა IV საუკუნიდან, როდესაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ამ დროიდან მოყოლებული ეკლესიის წიაღში განსაკუთრებული ძალით იჩინა თავი მწვალებლობამ და სექტანტობამ, რაც ემყარებოდა რჯულის ამა თუ იმ საკითხის მცდარ ინტერპრეტაციას. ამიტომ IV-VIII საუკუნეებში შვიდმა მსოფლიო და რამდენიმე ადგილობრივმა კრებამ, რომლებიც სული წმინდის მადლით დაზღვეული იყო ცდომილებებისაგან მართლმადიდებლური მოძღვრების უმთავრესი დებულებების მკაცრი რეგლამენტაცია დააწესა. ქრისტიანული სწავლების უცთომელ ფორმულებში ჩამოსხმამ კი, ერთი მხრივ, ალაგმა სოკოებივით მომრავლებული ერესები და ცრუ მოძღვრებანი, ხოლო, მეორე მხრივ, სისტემაში მოიყვანა და სრულყოფილი სახე მისცა ორთოდოქსულ ღვთისმეტყველებას. ქრისტიანული დოგმატიკის წყაროა ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა „მრწამსი“, ანუ „სარწმუნოების სიმბოლო“, რომელიც საღმრთო წერილსა და გადმოცემაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. „მრწამსი“- ესაა სარწმუნოების ერთგვარი კონსპექტი, ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ, მყარ, უცვალებელ დებულებათა ზუსტი და ამომწურავი შეჯამება.
    Source: ლიტერატურული ძიებანი № 26 - თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9