1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

1996 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო.კანონმა საქართველოს სახალხო დამცველი ფართო უფლებამოსილებით აღჭურვა და მიანიჭა ადამიანის უფლებათა დაცვისათვის განხორციელებულ საქმიანობაში დამოუკიდებლობა, ამასთან, სახელმწიფოს დააკისრა სახალხო დამცველისათვის მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობების შექმნა და პირადად მისი და მისი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სოციალიზმის კრახის შემდეგ, დამოუკიდებელი ომბუდსმენის იდეამ ფართო გავრცელება ჰპოვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთში, ჯერ კიდევ 1988 წელს, დამკვიდრდა აღნიშნული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა დაცვაში უფლებამოსილი აპარატი სწრაფად გარდაიქმნა არსებით სამართალდამცველ ორგანიზაციად. მოგვიანებით, პოლონეთის მაგალითს მიბაძეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმაც, სადაც ომბუდსმენის კონცეფციის საკუთარი ვარიანტები შეიქმნა. ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების სხვადასხვა მიზეზებს შორის, მიუთითებენ სახელმწიფოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში სამართლებრივი ფუნქციების გაფართოებაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებით პარლამენტის ინფორმაციული დეფიციტის არსებობაზე, ადმინისტრაციული კონტროლის პერსონალიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აუცილებლობაზე და სხვა. ომბუდსმენი ეხმარება, ავსებს და აფართოებს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან მიმართებაში საპარლამენტო კონტროლის ტრადიციულ ფუნქციებს. ომბუდსმენის ინსტიტუტის ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება მდგომარეობს ცალკეულ პირთა უფლებების დაცვაში, რომელთაც თავი მიაჩნიათ სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან უსამართლო ქმედების მსხვერპლად. შესაბამისად, ომბუდსმენი ხშირად დაზარალებულ პირსა და ხელისუფლებას შორის მიუკერძოებელ შუამავლად გვევლინება. მოქალაქენი ხშირად ხდებიან უსამართლობის, მკაცრი ბიუროკრატიული დამოკიდებულების მსხვერპლნი ან ასეთად მიიჩნევენ თავს; სწორედ ამიტომ, სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაგებით, ომბუდსმენი აღიქმება, როგორც უმაღლესი ნდობის ღირსი დამოუკიდებელი პირი, რომელიც პარლამენტის მიერ ცალკეულ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფუნქციითაა აღჭურვილი, და როგორც გასაშუალებული საპარლამენტო კონტროლი ყველა სახელმწიფო თანამდებობასა და წარმომადგენელზე გაფართოებული ზედამხედველობის ფორმით. მოქალაქეების აზრით, ომბუდსმენი, უპირველეს ყოვლისა თანამდებობის პირია, რომელსაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით ან მისი მიღების პროცედურით, აგრეთვე, სახელმწიფო აპარატის მოხელეთა მოქმედებით უკმაყოფილო პირი მიმართავს. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა რეალური განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივი გარანტიები თავად კონსტიტუციაშია მოცემული, ვინაიდან ძირითად ღირებულებას წარმოადგენს არა მხოლოდ ფიქსირებული უფლებები და თავისუფლებები, არამედ მათი განხორციელების მექანიზმის შექმნა. ინდივიდის უფლებების დაცვა კანონის უზენაესობით მართულ სახელმწიფოსა და დემოკრატიულ საზოგადოებაში გადანაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. ცივილიზებულ სახელმწიფოთა გამოცდილების საფუძველზე, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ ზედამხედველობის გაწევის შესაძლებლობით სრულიად ახალი ინსტიტუტი დაამკვიდრა. სახელმწიფო მმართველობის ორგანოების თვითნებობისა და სახელმწიფო მოხელეთა (ჩინოვნიკთა) მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისაგან ადამიანის უფლებათა და კანონიერ ინტერესთა დასაცავად შექმნილი სკანდინავიური ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის სახელდებული: საპარლამენტო კომისარი (ინგლისი), მედიატორი (საფრანგეთი), სახალხო დამცველი (ავსტრია) და ა.შ. 1996 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”. კანონმა საქართველოს სახალხო დამცველი ფართო უფლებამოსილებით აღჭურვა და მიანიჭა ადამიანის უფლებათა დაცვისათვის განხორციელებულ საქმიანობაში დამოუკიდებლობა, ამასთან, სახელმწიფოს დააკისრა სახალხო დამცველისათვის მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობების შექმნა და პირადად მისი და მისი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული ინსტიტუტის განსაკუთრებულ პოპულარობასა და ავტორიტეტს იწვევს მისი სტატუსისა და საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველმყოფი დემოკრატიული მახასიათებლები: სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში დამოუკიდებლობა; მისი ამრჩევი პარლამენტის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ყოფნა; უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად ყველა მოქალაქისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა; სახალხო დამცველის მიერ უფასოდ გაწეული სამსახური. როგორც ავსტრიელი ომბუდსმენი, სამართლის დოქტორ პროფესორი ვ. ფიქლი აღნიშნავს, ,,ამ ინსტიტუტის შექმნამ და საქმიანობამ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ურთიერთობაში, ხელისუფლებით აღჭურვილ პირებსა და მართულებს შორის ახალი გზა გახსნა.” საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების განხორციელებისას ემორჩილება მხოლოდ სახელმწიფოს ძირითად კანონს - კონსტიტუციასა და მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების განმსაზღვრელ კანონს. იგი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი და საქმიანობა შეიძლება ფორმით ჩამოყალიბდეს: 1. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; 2. არასამთავრობო ორგანიზაციათა კანონიერი ინტერესების დაცვა; 3. სახალხო დამცველის საქმიანობა დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა უფლებების დასაცავად; 4. საქართველოს საერთო სასამართლოებთან ურთიერთობა. საქართველოს სახალხო დამცველი, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს და წარადგენს სათანადო რეკომენდაციებს.
Source: ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, [რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი მარინე მესხი ეკა დათუაშვილი თინათინ ხიდაშელი ზურაბ ჯიბღაშვილი სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,–1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9