მისი სრულყოფა XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. წარმოადგენს ომბუდსმენის, ანუ სახალხო დამცველის ოფისი. იგი წარმოადგენს რა საჯარო ხელისუფლებას, იმავდროულად, ადამიანის სახელმწიფოს ძალადობისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა. ომბუდსმენის ინსტიტუტის აუცილებლობა თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ აღიარა და შიდა ეროვნული კანონმდებლობებით მისი ინსტიტუციური უზრუნველყოფაც მოხდა.თანამედროვე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ომბუდსმენის ინსტიტუტის 100-ზე მეტი ნაირსახეობაა, თუმცა თითოეული მათგანი ზრუნავს შესაბამის სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე. აღნიშნული ინსტიტუტი 1919 წელს დაფუძნდა ფინეთში, 1952 წელს კი ნორვეგიასა და დანიაში. ომბუდსმენის ინსტიტუტი 1976 წელს შემოიღეს პორტუგალიაში, 1981-ში ესპანეთში, ხოლო 1982 წელს ჰოლანდიაში. აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი სისტემის სივრცეში მის დამკვიდრებას საფუძველი დაუდო პოლონეთის და უნგრეთის კონსტიტუციურმა რეფორმებმა. პოლონეთმა 1887 წელს მიიღო შესაბამისი კანონი, 1988 წლის პირველ იანვარს კი ომბუდსმენმა ფუნქციონირება დაიწყო, ხოლო 1991 წელს შეიქმნა მისი არსებობის კონსტიტუციური საფუძველი. 1989 წელს უნგრეთში კონსტიტუციურ ცვლილებებს ამ ინსტიტუტის დაფუძნებაც მოჰყვა. ყოველ ქვეყანაში ომბუდსმენის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფი ერთ-ერთი პირობა სამართლებრივი ბაზის განმტკიცებაა. ომბუდსმენის, როგორც ძირითადი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებათა განუხრელი დაცვა (რაც მისი ეფექტიანობის უმთავრესი პირობაა) და მთლიანად მისი საქმიანობა სამართლებრივ რეგულირებას მოითხოვს. შვედეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუსეთში, საქართველოში და სხვა მრავალ სახელმწიფოში ომბუდსმენის ინსტიტუტს თავად ქვეყნის უზენაესი კანონი - კონსტიტუცია უქმნის არსებობის და გარკვეულ წილად საქმიანობის სამართლებრივ ბაზას. მათი არჩევის წესი, როლი სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში, შესაბამისად უფლებამოსილებათა არეალი, საქმიანობის ფორმები და სხვა კონკრეტული საკითხები კი ქვეყნის მიმდინარე კანონმდებლობის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება. საფრანგეთში, ახალ ზელანდიაში და სხვა მთელ რიგ ქვეყნებში ომბუდსმენები არ მოიხსენიებიან კონსტიტუციებში და მათი საქმიანობა მხოლოდ საკანონმდებლო აქტებით განისაზღვრება. 1991 წელს რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო არა იურიდიული ძალის მქონე „ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო თავისუფლებათა დეკლარაცია“, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა საპარლამენტო რწმუნებულს დაევალა. თუმცა, ამ ინსტიტუტის შექმნა არ მოხერხდა 1993 წლის 12 დეკემბრის კონსტიტუციის მიღებამდე. მანამდე კი, 1993 წლის შემოდგომაზე, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ანალოგიური ფუნქციების მატარებელი ორგანო - ადამიანის უფლებათა დაცვის საპრეზიდენტო კომისია. საქართველოში 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ფუნქციონირებდა ადამიანის უფლებათა დაცვის და ეროვნულ უმცირესობათა სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ. 1995 წლის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას კი „...განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უფლებებისა და თავისუფლებების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ გარანტიათა შექმნას. ასე გაჩნდა კონსტიტუციაში ჩვენთვის ახალი ინსტიტუტები - საქართველოს სახალხო დამცველი (ჩვენეული ომბუდსმენი) და საკონსტიტუციო სასამართლო...“. 1996 წლის 16 მაისს კი კონსტიტუციის 43-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, ხოლო 1997 წელს კი არჩეულ იქნა პირველი სახალხო დამცველი. ომბუდსმენი მსოფლიო ინსტიტუციონალიზმში შემოვიდა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილი ინსტიტუტი, თუმცა, იგი არ არის საპარლამენტო ორგანო და ამდენად, ლოგიკურია მეცნიერებაში და პრაქტიკაში მის დამოუკიდებლობაზე გაკეთებული აქცენტი. მართალია, იგი აფართოებს და ავსებს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციებს სხვა სახელმწიფო ორგანოების მიმართ, კანონმდებლის წინაშე აკისრია ანგარიშვალდებულებაც, მაგრამ იგი თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში დამოუკიდებელია - თავისუფალია ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს, თუ თანამდებობის პირის ზეწოლისაგან. იგი ემორჩილება მხოლოდ კანონს, რომელიც ნორმატიულ დონეზე თავად ახდენს მისი დამოუკიდებლობის კონსტატაციას, უფრო სწორად კი, ქმნის ამ მდგომარეობის იურიდიულ საფუძველს. ომბუდსმენის დამოუკიდებლობის ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ იგი არ მიეკუთვნება ხელისუფლების არც ერთ შტოს. ხშირად, ამა თუ იმ ქვეყანაში ომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი და მისადმი საზოგადოების ნდობის ფაქტორი უშუალოდ ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის პიროვნულ ავტორიტეტზეა დამოკიდებული. კანონმდებლობა ამ ინსტიტუტის 285 წლიან ისტორიასთან ერთად ქმნის იმ პრინციპების ერთობლიობას, რომელიც საზოგადოების წარმოსახვაში ომბუდსმენის პოპულარობასა და ავტორიტეტს განაპირობებს. ე. ლუკაშევას აზრით, ასეთი პრინციპებია: სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში ომბუდსმენის დამოუკიდებლობა; უფლებამოსილების ვადაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დაუშვებლობა; საკანონმდებლო ინიციატივის უფლება; მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობა; საჩივრებისა და განცხადებების განხილვისას ფორმალური პროცედურების გამორიცხვა; მოქალაქეთათვის უფასო დახმარება და ა.შ
Source: ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, [რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი მარინე მესხი ეკა დათუაშვილი თინათინ ხიდაშელი ზურაბ ჯიბღაშვილი სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,–1998