1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი

1995 წლის კონსტიტუციითა და 1996 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონით დაინერგა.სახალხო დამცველს საქართველოში ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. ამ ფაქტზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება საჭირო არ იქნებოდა, რომ არა ზოგიერთი ქვეყნის პრეცედენტი, მაგალითად, ინგლისისა და საფრანგეთის, რომელთაგან პირველში ომბუდსმენს დედოფალი ნიშნავს, მეორეში კი - მინისტრთა საბჭო. საქართველოში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ქვეყნის პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში. კანდიდატი აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მისი წარდგენის ვადა კანონით დაკონკრეტებული არ არის. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე და კენჭისყრა ფარულია. ყოველ მათგანს სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევნებმა შედეგი ვერ გამოიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღეში იგი ხელახლა ჩატარდება. ერთი და იგივე ადამიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოში სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, მაგრამ პარლამენტს უფლება აქვს ომბუდსმენი ვადამდე გადაირჩიოს, თუ ეს უკანასკნელი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს; უკავია სახალხო დამცველისათვის შეუფერებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. საქართველოს ომბუდსმენი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. არ შეიძლება თავისი მოვალეობების შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის სახალხო დამცველი პასუხისგებაში მიეცეს. რაიმე ზემოქმედება ან ჩარევა მის საქმიანობაში აკრძალულია და ისჯება კანონით. ომბუდსმენი ხელშეუხებელია. მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია. გამონაკლისია მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ ეს უკანასკნელი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მას უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის შესახებ, რომელიც გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს და ეს უფლება მას საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. საქართველოს ომბუდსმენის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა საქმიანობაზე ზედამხედველობა, მათ მიერ მიღებული აქტების შეფასება, რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა. როგორც ვხედავთ, საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციათა სფერო უაღრესად ფართოა. ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, მისი ზედამხედველობის ქვეშ ექცევა ხელისუფლების ყველა შტო: საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი, ნებისმიერი თანამდებობის პირი, მინისტრებისა და თვით სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) ჩათვლით; სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, დაწესებულებები და საწარმოები. სახალხო დამცველს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმის გამო, თუკი ჩათვლის, რომ ამ ნორმით დაირღვა კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ყოველწლიური ანგარიშის გარდა, ომბუდსმენს შეუძლია საქართველოს პარლამენტს ყოველ ცალკეულ საქმეზე სპეციალური მოხსენება წარუდგინოს, რომელსაც იგი საკუთარი შეხედულებისამებრ აქვეყნებს. სახალხო დამცველის ანგარიშები და მოხსენებები უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ადამიანის უფლებების უხეში ან მასობრივი დარღვევების შემთხვევაში, როცა ომბუდსმენის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია, მას შეუძლია წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და მოხსენებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე დროებითი საგამოძიებო კომიტეტის შექმნისა და საქართველოს პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით.
Source: ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, [რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი მარინე მესხი ეკა დათუაშვილი თინათინ ხიდაშელი ზურაბ ჯიბღაშვილი სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,–1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9