1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უარ

უარდი ლესტერ (1841-1913)

უარდი თავის ,,დინამიურ სოციოლოგიაში” ამტკიცებდა, რომ ევოლუციის მექანიზმი არ არის მუდმივი და დროთა განმავლობაში ის იცვლება. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ზღვარი, რომელიც შეიძლება დავინახოთ ევოლუციის პროცესში, სპონტანურ, ბუნებრივ ევოლუციას (გენეზისი) და ადამიანურ, მიზეზზე ორიენტირებულ ევოლუციას (ტელეზისი) შორისაა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულია და წარიმართება ადამიანების ცნობიერებით და დასახული მიზნების მიხედვით. ანუ, უფრო კონკრეტულად, ევოლუცია იწყება როგორც ,,კოსმოგენეზისი”, და მოიცავს სამყაროს წარმოშობას. რაღაც მომენტში, სიცოცხლის წარმოშობის გამო, ჩნდება ახალი ევოლუციური მექანიზმი (,,ბიოგენეზისი”) და იწყებს მოქმედებას კოსმოგენეზისთან ერთად. შემდგომ, ადამიანის გაჩენასთან ერთად, ახალი ევოლუციური მექანიზმი ჩნდება (,,ანთროპოგენეზისი”) და ერთვება ევოლუციაში კოსმოგენეზისთან და ბიოგენეზისთან ერთად. საბოლოოდ, როდესაც ადამიანი მოექცევა ახალ ორგანიზაციულ ფორმაში, საზოგადოებაში, და წარმოიშობა ახალი მექანიზმი ,,სოციოგენეზისი”. საბოლოოდ, ოთხი მექანიზმი ერთად მუშაობს, და აკონტროლებს ერთმანეთზე დადებულ შრეებს, რომლებსაც სხვადასხვა წარმოშობა აქვთ: კოსმოგენეზისური, ბიოგენეზისური, ანთროპოგენეზისური და სოციოგენეზისური. ბოლო ორი ფაზის დროს ევოლუცია განიცდის ახალ შემობრუნებას: დაგეგმვა, აღქმა, მომავლის კონსტრუირება სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოციალური ცვლილებისათვის. ევოლუცია გადადის ახალ, ყველაზე მაღალ დონეზე და ხდება უფრო მრავალგანზომილებიანი და ადამიანური (ჰუმანური). ევოლუციის კლასიკურ თეორიები მრავალმხრივ გააკრიტიკეს. კრიტიკის სამიზნეებს შორის ყველაზე უფრო პოპულარული იყო შემდეგი ეჭვები: • არსებობს თუ არა საერთო ისტორიული ლოგიკა? • განიცდის თუ არა ადამიანების საზოგადოება, როგორც მთლიანი, ევოლუციას? • მართებულია თუ არა საზოგადოების [მთლიანი] ორგანიზმის ანალოგიით აღწერა? • გაზვიადებული ხომ არ არის სოციალური ცვლილებების სიხშირე და სოციალური წყობის შეცვლაზე მათი მიმართულობა? • არსებობენ თუ არა სოციალური ცვლილებები, როგორც ასეთი? (ხომ არ არიან ისინი აბსტრაქციით მიღებულები?); • მართებულია თუ არა ლინეარული ევოლუციის ცნება? • რეალურია თუ არა მონომიზეზობრივი ცვლილებები? ყველა ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, XX საუკუნის შუა წლებამდე ევოლუციური მოდელი აღარავის აღარ გახსენებია. გარდა ფილოსოფიური და ონტოლოგიური საფუძვლებისა, ნეოევოლუციონიზმის გაჩენას საფუძვლად დაედო აღმოჩენები პალეონტოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, ეთნოლოგიაში და სხვა მეცნიერებებში. ყოველ შემთხვევაში ცხადი გახდა, რომ განვითარების იდეა არ იყო საბოლოოდ გადასაგდები, რადგანაც სხვადასხვა ისტორიული მეცნიერების მონაცემები ლამის ყოველდღიურად ადასტურებდნენ პოპულაციის ზრდის, ტექნოლოგიის და წარმოების წინსვლის ტენდენციებს. და რაც მთავარია, სოციალური სისტემების გართულებას, დიფერენციაციას და ურბანიზაციას. ტალკოტ პარსონსი წერდა: “ბიოლოგიური და სოციალური მეცნიერების განვითარება ქმნის საფუძველს რომ მივიღოთ საზოგადოების და კულტურის ფუნდამენტური განგრძობითობა, როგორც ცოცხალი სისტემების ევოლუციის უფრო ფართო და ზოგადი თეორიის ნაწილი”. მაგრამ, ნეოევოლუციონიზმი არ იყო კლასიკური ევოლუციონიზმის უბრალო გამეორება. განსხვავებები მათ შორის შემდეგია: 1. გლობალური ადამიანური საზოგადოებიდან ფოკუსმა გადაინაცვლა იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობენ უფრო შეზღუდულ სოციალურ ერთეულებში: ცივილიზაციებში, კულტურებში, გამოყოფილ საზოგადოებებში (ტომებში, სახელმწიფო-ერებში, ა.შ.) 2. ძირითადი ყურადღება საზოგადოებების ტიპოლოგიური დახასიათებებიდან გადავიდა ევოლუციის მიზეზების მექანიზმებზე. ანუ, ახსნა გახდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აუცილებელი საფეხურების აღწერა და ჩამოთვლა. 3. ევოლუციის განსაზღვრებები გახდა აღწერითი. ნეოევოლუციონისტები მაქსიმალურად ცდილობდნენ არ შეეფასებინათ სოციალური პროცესები როგორც პროგრესი. 4. ტექსტები იგებოდა უფრო ,,ალბათ”, ,,შესაძლებელია” კონსტრუქტების საშუალებით, ვიდრე დეტერმინისტული და დარწმუნებული ფორმით. 5. იყო შინაგანი კავშირი ევოლუციონიზმის სხვა მიმართულებასთან, დარვინიზმთან, რომელიც ვითარდებოდა დამოუკიდებლად და დიდი სისწრაფით. ნეოევოლუციონიზმის ყველაზე უფრო ცნობილი წარმომადგენლები არიან გერჰარდ და ჯინ ლენსკები და ტალკოტ პარსონსი.
Source: თევზაძე გიგი ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: მეცნიერება, 2002 - 108გვ.; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“) - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0: [ფ.ა.],
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9