1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი

მე-19 საუკუნის შუალედში იღებს სათავეს, როცა ილია ჭავჭავაძე ცდილობს ჩამოაყალიბოს „სხვა საქართველოს“ ხედვა და მას ლიბერალური ნაციონალიზმის ევროპული მოდული დაუდოს საძირკვლად. მისი დევიზი - ენა, მამული, სარწმუნოება - ერთდროულად საუკუნოვან ქართული ტრადიციებიდან მოწყვეტასა და მათ განვრცობასაც გულისხმობს: შუა საუკუნეებში ქართველობა („მართმადიდებლურ“) ქრისტიანობასთან წილნაყარობას უიგივდებოდა. ქართლის სამეფო მე-4 საუკუნეში ეზიარა ქრისტეს რჯულს; მე-7 საუკუნეში, სარწმუნოებრივი განხეთქილების შედეგად (სომეხთა მონოფიზიტური ეკლესიის საწინააღმდეგოდ) საქართველო ბერძნული ორთოდოქსული (შესაბამისად, დიოფიზიტური) რწმენის მიმდევარი გახდა და, ვიდრე მე-19 საუკუნემდე, როცა რუსეთმა შემოაღწია კავკასიაში, ქართველები ერთადერთი ორთოდოქსი ქრისტიანები იყვნენ რეგიონში. ძირითადად მაჰმადიანური ხალხებით გარშემორტყმულნი. ის სისხლით ქართველი, ვინც რწმენას შეიცვლიდა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედა ენად ქართულს დაიტოვებდა - აღარც კი აღიქმებოდა ქართველად. „გათათრებულად“ იხსენიებდნენ მაჰმადის რჯულში გადასულები, „სომხებად“ თუკი სომხურ ეკლესიაში მოინათლებოდნენ და სულაც „ფრანგებად“ იწოდებოდნენ კათოლიკობას ნაზიარებნი. მეორე მხრივ, ეკლესია ქართულად აღსარულებდა ღვთისამსახურებას და შესაბამისად, სწორედ ენა გახდა მნიშვნელოვანი, თუმც კი რელიგიასთან წილნაყარი ფაქტორი. მეათე საუკუნეში გიორგი მერჩულემ ჩამოაყალიბა ის, რაც საერთოდ შუასაუკუნეების „საქართველოს“ პარადიგმად შეიძლება განვიხილოთ: ქართულად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების...“ ჩამონათვლაში სარწმუნოებაზე წინ ენის დაყენებით ილია ჭავჭავაძემ ქართული ნაციონალიზმის სეკულარიზაციას გაუსვა ხაზი, მე-19 საუკუნის სხვა მსგავს ლინგვისტურ ნაციონალიზმებს მიუსადაგა და შესაბამისად, ქართველი მაჰმადიანებისა თუ სხვა აღმსარებლობათა ქართველი მიმდევრებისთვისაც მისაღები გახადა; ოღონდ, ამავე დროს, ტრადიციულ, მერჩულესეულ ფორმულირებას უდებდა საყრდენად.
Source: ნოდია გია. კონფლიქტი აფხაზეთში-მიზეზები და გააზრება / [მთარგმნ.: გია ჭუმბურიძე; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9