1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰაიეკი ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ (1899-1992)

ეკონომისტმა, პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და იურისტმა „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ უთვალსაჩინოესმა წევრმა, ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკმა თავის ზრდასრული ცხოვრების თითქმის ნახევარი მშობლიურ ავსტრიაში, გერმანულ ცნობიერებასთან მჭიდრო კავშირში გაატარა. შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბოლოს, დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა კეინსიანური კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციისა და ტოტალიტარიზმის საფთრთხეების წინაშე. წინასწარ განჭვრიტა იმ ბოროტების შედეგები, რომლებიც ნებისმიერი ელფერის (კომუნისტური, ფაშისტური, ნაცისტური თუ კიდევ სხვა) სოციალიზმის განხორციელების მცდელობას მოსდევს. ღრმად მეცნიერულმა კვლევებმა, ორიგინალურმა მიდგომებმა და თავისუფლების იდეალებისათვის მიზანმიმართულმა ბრძოლამ, მას უდიდესი აღიარება მოუტანა, რისი დასტურიც ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის 1974 წლს მინიჭებული ნობელის პრემია იყო. შორს არ იქნება ჭეშმარიტებისაგან თუ ვიტყვით, რომ ის იყო ერთ-ერთი უპირველესი იმათგან, რომელთა თეორიულმა შრომებმა და პრაქტიკულმა მოღვაწეობამ სოციალიზმი იდეოლოგიურად გააშიშვლა და განაიარაღა, რამაც თავის მხრივ დააჩქარა ცივი ომის დასასრული და სოციალისტური ბანაკის დაშლა 80-90 წლებში. მისი მემკვიდრეობა კომპლექსური და მრავალმხრივია. უპირველეს ყოვლისა, ჰაიეკი პოპულარულია ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული უკვდავი ნაშრომით „გზა ბატონობისაკენ“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმთავითვე ანტიტოტალიტარული ინტელექტუალური მოძრაობის ბიბლიად იქცა. ნაშრომში ჰაიეკმა გააშიშვლა ტოტალიტარული სახელმწიფოს რეალური, ანტიადამიანური ბუნება. ჰაიეკის მიხედვით ტოტალიტარიზმი უზნეობასა და ძალმომრეობას ეფუძნება, „მომხიბვლელი“ პროპაგანდით ადამიანებს ჭაობში ითრევს, ზომბებად აქცევს და ცრუ, უტოპიური კოლექტივისტური იდეების სამსახურში აყენებს. სინამდვილეში კი ადამიანის წარმატების არსი მისი თვითმყოფადობისა და შემოქმედების გათავისუფლებაში ძევს და არა კოლექტივისადმი მორჩილებასა და მსხვერპლთშეწირვაში.. 1989 წელს ის კვლავ დაუბრუნდა ტოტალიტარიზმის თემას, როდესაც გამოაქვეყნა „დამღუპველი თავდავიწყება: სოციალიზმის შეცდომები“. ამ ნაშრომით, ჰაიეკმა გარკვეულ წილად შეაჯამა საკუთარი შემოქმედება და საბოლოოდ ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი ცხოვრების ე.წ. „სპონტანური წესრიგის თეორია“.
Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9