1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სპა სპე სპი სპო

სპენსერი ჰერბერტ (1820-1903)

  1. ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰერბერტ სპენსერი ვიქტორიანული ეპოქის ინტელექტუალური ლიდერია. იგი დაიბადა ქალაქ დერბიში. 1837-41 წლებში რკინიგზის ინჟინრად მუშაობდა, ხოლო შემდგომში სოციალური ფილოსოფიით დაინტერესდა და 1848-53 წლებში ჟურნალ „ეკონომისტთან“ დაიწყო თანამშრომლობა. სპენსერის ფილოსოფია კონტის პოზიტივისტური ფილოსოფიის გაგრძლებას წარმოადგნს, თუმცა იგი ამ ფაქტს უარყოფდა. სპენსერის შეხედულებებზე გავლენა დევიდ იუმისა და ჯონ სტიუარტ მილის აგნოსტიციზმმა, კანტიანელობამ და შელინგისა და შოტლანდიური სკოლის ნატურფილოსოფიამ მოახდინა. მან ევოლუციური ფილოსოფიის განვითარებით და გამოყენებით გაითქვა სახელი, „სინთეზურ ფილოსოფიას“ უწოდებდა და განსაკუთრებული პოპულარობა ჩარლზ დარვინისადმი მეტოქეობამ შესძინა. სპენსერს ფილოსოფია მოვლენების კანონების ცოდნის მაქსიმალურ განზოგადებად მიაჩნდა, ანუ სპენსერის მიხედვით, ფილოსოფია კერძო მეცნიერებებისგან რაოდენობრივი და განზოგადების კანონების ცოდნით განსხვავდებოდა. სპენსერის აზროვნების ამოსავალი წერტილია სამყაროს შეცნობად და შეუცნობად სფეროებად დაყოფა (ამაში აშკარად კანტის გავლენა იგრძნობა). სპენსერი მიიჩნევდა, რომ შესაძლოა მხოლოდ გრძნობად აღქმათა ისეთი გარეგანი ურთიერთობების ცნობა, როგორებიცაა მსგავსებები, განსხვავებები და სხვ., მაგრამ შეუძლებელია ჩავწვდეთ მოვლენის არსს. სპენსერი სოციოლოგიაში ორგანიცისტული სკოლის დამაარსებლად მიიჩნევა. საზოგადოების სოციალურ დაყოფასა და მთლიანად მისი განვითარების მექანიზმის არსებობას სპენსერი ადამიანის ორგანოთა ფუნქციონირების მექანიზმის ანალოგიად განიხილავდა. სოციალური განვითარების კანონად სპენსერი თვითგადარჩენის კანონს მიიჩნევდა, რომელიც ადაპტირებულ საზოგადოებებში შეიძლება რომ არსებობდეს. ადაპტირებულ საზოგადოებაში იგი სოციალურ კლასებად მკვეთრად დაყოფილ საზოგადოებას მოიაზრდებდა. სპენსერს, როგორც სოციალიზმის მოწინააღმდგეს, რევოლუცია საზოგადოებრივი ორგანიზმის „სნეულებად“ მიაჩნდა. ეთიკის საკითხებში სპენსერი იზიარებდა უტილიტარიზმის პოზიციას. იგი მიიჩნევდა, რომ ზნეობის საკითხები დაკავშირებულია სარგებლიანობასთან, რომელიც თავის მხრივ, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარეობს. ეთიკის საკითხებში, სპენსერი იზიარებდა უტილიტარიზმის პოზიციას. იგი მიიჩნევდა, რომ ზნეობის საკითხები დაკავშირებულია სარგებლიანობასთან, რომელიც თავის მხრივ, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარეობს. საზოგადოდ, სპენსერის შეხედულებები დიდ გავლენას ახდენდა ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანეთზე. შემდგომში მისმა ფილოსოფიამ გავლენა იქონია ემპირიოკრიტიციზმსა და ნეოპოზიტივიზმზე. თანამედროვე ფილოსოფოსთა წრეებში, უპირველეს ყოვლისა, მისი პოლიტიკური მოძღვრებებია პოპულარული. ეს განსაკუთრებით ეხება ბუნებითი უფლებების დაცვას და უტილიტარული პოზიტივიზმის კრიტიკას. მისი იდეები ლიბერტარიანელი მოაზროვნეების, მაგალითად, თანამედროვეობის ერთერთი გამორჩეული მოაზროვნის, რობერტ ნოზიკის მიერ იქნა ხელახლა გააზრებული და წამოწეული. სპენსერის ძირითადი ნაშრომებია: „სახელმწიფოს უპირველესი სფეროები“, ,,ფსიქოლოგიის პრინციპები“, „ბიოლოგიის პრინიპები“, „ორგანული განვითარების პრინციპები“, ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, „სოციოლოგიის საზრისი“ და სხვა.
    Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
  2. ინჟინერი იყო და შემდეგ შეუდგა ფილოსოფიის შესწავლას. მან პოზიტივიზმის შუქზე მეცნიერებათა ნამდვილი ენციკოპედიის ჩამოყალიბება დაისახა მიზნად. 1860 წელს სპენსერმა საკუთარი პროგრამა ჩამოაყალიბა შრომაში „სინთეტური ფილოსოფიის სისტემა“, რომელიც შემედეგ ათ წიგნად განავრცო, მეცნიერებათა კონტესეული კლასიფიკაციის გათვალისწინებით. ამ ათი ტომიდან გამოვყოფთ წიგნებს „საწყისი პრინციპები“ (1862 წ.), „სოციოლოგიის პრინციპები“ (1876-1885 წწ.), „ზნეობის პრინციპები“ (1892-1893 წწ.). სპენსერი გარკვეულწილად უბრუნდება თავისთავად რეალობის, ანუ აბსოლუტური რეალობისა და ფენომენური რეალობის კანტისეულ დუალიზმს. ჩვენს ცოდნას არ ძალუძს აბსოლუტურ რეალობამდე ამაღლება, რომელიც ჩვენთვის მუდამ და რადიკალურად შეუცნობადი დარჩება. ჩვენ ფენომენთა კომპლექსზე ვჩერდებით, რომელთა ურთიერთობებსაც მეცნიერული კონსტრუქციების მეშვეობით აღვნიშნავთ და ვახარისხებთ.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  3. სპენსერი ფიქრობდა, რომ ევოლუცია საერთო პრინციპია, როგორც ბუნებრივი, ასევე სოციალური პროცესებისთვის. ევოლუცია, სპენსერის მიხედვით, მიმდინარეობს სტრუქტურული და ფუნქციონალური დიფერენციაციის გზით: 1. მარტივიდან რთულისაკენ 2. ამორფულობიდან ნაწილების გამოხატვისკენ (არტიკულაციისაკენ) 3. ერთფორმიანობიდან, ჰომოგენურობიდან სპეციალიზაციისაკენ, ჰეტეროგენულობისაკენ 4. ცვალებადობიდან სტაბილურობისაკენ. კაცობრიობის ისტორიაში ევოლუციის ზოგადი კანონი სპეციფიკურად ხორციელდება. სოციალური ევოლუციის მექანიზმი ეყრდნობა სამ პრინციპს. 1. ჰომოგენური, ერთგვაროვანი პოპულაციების შინაგანი არასტაბილურობა. ადამიანები არათანაბარნი არიან მათი გამოცდილებით, მემკვიდრეობით, გარემო პირობებით და ა.შ. ამიტომ, შეუძლებელია არ დაიწყოს ერთგვაროვანი საზოგადოების დიფერენციაცია მასში როლების, ძალაუფლების, ფუნქციების და სხვა მახასიათებლების გამოყოფით. 2. არსებობს არათანაბრობის გაძლიერების, როლების სპეციალიზაციის გაღრმავების, ძალაუფლების და სიმდიდრის გაყოფის ზრდის ტენდენცია. 3. იმდენად, რამდენადაც მსგავსი პოზიციების (როლების, პრესტიჟის, სიმდიდრის, ფუნქციების მიხედვით) ხალხი მიმართულია გაერთიანებისაკენ, საზოგადოება იწყებს ნაწილებად, კლასებად და ჯგუფებად დაყოფას. იმდენად, რამდენადაც საზღვრები, რომლებიც ამ ჯგუფებს ჰყოფს, ფიქსირდება, პოპულაციის სეგრეგაცია იზრდება და ჰომოგენურ მდგომარეობასთან დაბრუნება შეუძლებელი ხდება. ეს მექანიზმი აპირობებს კაცობრიობის ისტორიის საფეხურების განსხვავებას, დაწყებული მარტივი საზოგადოებებიდან (ორმხრივად იზოლირებული, ყველა წევრის ერთგვაროვანი საქმიანობა, პოლიტიკური ორგანიზირების გარეშე) რთული საზოგადოებების (ინდივიდუუმებს შორის შრომის განაწილების ჩანასახები, საზოგადოების სეგმენტებს შორის ფუნქციების განაწილების დასაწყისი, იერარქიული პოლიტიკური ორგანიზაცია) და ორმაგად რთული საზოგადოებების (საკუთარი ტერიტორიის ფლობა, კანონების სისტემა) გავლით, ცივილიზაციამდე (ყველაზე რთული სოციალური მთლიანობები, სახელმწიფო-ერები, სახელმწიფოების ფედერაციები ან დიდი იმპერიები). იმისათვის, რომ მიეთითებინა, თუ საით მიდის ეს ევოლუციური პროცესი, სპენსერმა შემოიტანა საზოგადოებების ტიპების პირველი დიხოტომიური, პოლარული დაპირისპირება. ქვემოთ მოტანილ ცხრილში მოცემულია სამხედრო და ინდუსტირიული საზოგადოებების იდეალური ტიპების სქემა (სმელზერის მიხედვით22), ანუ, თუ როგორ გადმოცემდა სპენსერი საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების დასაწყისის და დასასრულის პრინციპებს.
    Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9