1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მია მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მის მიუ მიშ მიწ მიჰ

მიზესი ლუდვიგ ფონ (1881-1973)

კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ-ბავერკის მიმდევარი, „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ მეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში. დაბადებით ავსტრიის იმპერიის მოქალაქეს, ფაშიზმისა და ყოველგვარი ტოტალიტარიზმის უკომპრომისო მოწინააღმდეგეს, ცხოვრების ნახევარზე მეტის გატარება უცხოეთში, ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ შეერთებულ შტატებში მოუწია. მისმა გენიალურმა და მრავალმხრივმა შრომებმა - ადამიანის მოღვაწეობის საფუძვლებისა და ლოგიკის, ფულად-საკრედიტო სისტემის, სავაჭრო ციკლების, ლიბერალიზმის, ეკონომიკური ისტორიისა და თეორიების, ბიუროკრატიის ფუნქციონირების, სახელმწიფოს ეკონომიკური როლის და სხვა მრავალი მომიჯნავე საკითხის შესახებ, რომლებიც რაციონალისტურ და უტილიტარულ კონტინენტურ ტრადიციას ეფუძნებოდნენ, მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა მე-20 საუკუნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აზროვნებაში. განსაკუთრებულია მისი წვლილი მრავალსახოვანი სოციალიზმის ეკონომიკური უნიადაგობისა და ანტიჰუმანური არსის მხილების საქმეში. ჯერ კიდევ 1919 წელს, როდესაც ის უკვე იყო ორი მნიშვნელოვანი წიგნის, „ფულისა და კრედიტის თეორია“ (1912) და „ერი, სახელმწიფო და ეკონომიკა“ (1919) ავტორი, მიზესმა გამოაქვეყნა სტატია „ეკონომიკური გათვლები სოციალისტურ თანამეგობრობაში“. ამ ნაშრომის მიხედვით, სოციალიზმის პირობებში, როდესაც წარმოების საშუალებებზე, კაპიტალზე, მიწაზე და ბუნებრივ რესურსებზე კერძო საკუთრება არ არსებობს, წარმოიქმნება ე.წ. „გათვლების“ პრობლემა: ღია ბაზარზე გაცვლების გარეშე, ადამიანები მოკლებულნი არიან ფასების დადგენის მექანიზმს; რის გამოც, ინვესტიციები და რესურსები და რესურსები იფლანგება და სოციალისტური ეკონომიკის ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება. საკითხის კვლევა მიზესმა გააგრძელა 1922 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში - „სოციალიზმი“, 1927 წელს გამოქვეყნებულ უტილიტარული პოლიტ-ეკონომიკური ფილოსოფიის მანიფესტში „ლიბერალიზმი“ და მისი შემოქმედების საკვანძო ნაშრომში „ადამიანის მოღვაწეობა“, რომელიც ჯერ 1940 წელს გერმანულად, ხოლო შემდეგ 1949 წელს ინგლისურად გამოიცა. 1947 წელს, სტატიაში „დაგეგმილი ქაოსი“, მიზესი ყურადღებას ამახვილებს სოციალიზმის, როგორც ადამიანური პატვიმოყვარეობის გამოვლინებაზე და ცივილიზაციისათვის მის დამანგრეველ შედეგებზე. 1950 წელს მან გამოაქვეყნა სტატია „პოპულისტური პოლიტიკა - გზა სოციალიზმისაკენ“, სადაც ამხილა იმ დროისათვის ახალფეხადგმული ე.წ. „სოციალურად ორიენტირებული“ სახელმწიფოს პოლიტიკა. თავისუფლებისა და თანასწორობის იდეების აღრევის სავალალო შედეგებს ეხმიანება მისი ნაშრომი „თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ', რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა. მიზესი ყურადღებას ამახვილებდა, რომ ადამიანებს შორის ბუნებრივი განსხვავება ნიჭსა და ქმედითუნარიანობაში, არ არის ეკონომიკური ფორმაციის ბრალი და ამიტომ არ შეიძლება, რომ აღმოფხვრილი იქნეს სოციალური რეფორმებით. საყურადღებოა, მისი, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მრჩევლის და თეორეტიკოსის საქმიანობა. სწორედ მისი რეკომენდაციები დაედო საფუძვლად I მსოფლიო ომის შემდგომი ავსტრიის ეკონომიკურ პოლიტიკას. მის ლექციებსა და გამოსვლებს ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ისმენდა მისი თანამედროვე გამოჩენილი პოლიტიკოსები, მეცნიერები, მეწარმეები, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. მისი ნააზრევი, აგრეგირებული ფორმით, თავმოყრილია 1979 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ სტატიაში „ეკონომიკური პოლიტიკა: გამოცდილება დღეისათვის და ხვალისათვის“. მიზესის გავლენით და უშუალო მხარდაჭერით, ეკონომიკის უდიდეს მკვლევარებად ჩამოყალიბდნენ - ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, ფრიც მახლუპი, ვილჰელმ რიოპკე, მარი როტბარდი, ჰანს სენჰოლცი, ჯორჯ რაისმანი, რალფ რაიკო, ლეონარდ ლიჯიო, ისრაელ კირცნერი და სხვები.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9