1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რიზ რიკ რიმ რიო რიპ რის რიტ რიშ რიჩ

რიოპკე ვილჰელმ (1899-1966)

თვალსაჩინო გერმანელი ეკონომისტი, რომლის წევრობასაც ერთმანეთს ეცილებიან ე.წ. „ავსტრიული“, „ორდო-ლიბერალური“ და „ნეო-ლიბერალური“ ეკონომიკური სკოლები. მან სამეცნიერო კარიერა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაში კოლექტივიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია, რიოპკე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ისეთ პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც კულტურული, ეკონომიური და სოციალური სისტემების პოლიტიკურ კონსოლიდაციას მოითხოვდა. შესაბამისად, როგორც ფაშიზმისა და ყოველგავრი სოციალისტური ტენდენციების უკომპრომისო მოწინააღმდეგე, იგი 1933 წელს განერიდა გერმანიას და მოღვაწეობა ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ შვეიცარიაში განაგრძო. ის მეგობრობდა ეკონომიკური თავისუფლების მომხრე გამოჩენილ ეკონომისტებთან, მათ შორის „ორდო-ლიბერალ“ ვალტერ ეუკენთან, ფრანც ბიომთან, ალექსანდრ როსტოვთან და ლუდვიგ ერჰარდთან. აგრეთვე, „ავსტრიელ“ ლუდვიგ ფონ მიზესთან და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკთან, ისევ როგორც „ჩიკაგოელ“ მილტონ ფრიდმანთან და სხვებთან. მათთან ერთად, 1947 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ე.წ. „მონტ პელერინის“ საზოგადოების დაარსებაში, რომლის მიზანი იყო თავისუფლების იდეალების დაკნინების მიზეზების კვლევა და მათი აღორძინება. ამავე პრობლემას მიეძღვნა ნაშრომი „ლიბერალიზმის კულტურული იდეალი“, რომელიც 1947 წელსვე გამოქვეყნდა და შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ლიბერალიზმის ახლებური გააზრების დასაწყისად. რიოპკეს ნაშრომებმა და რეკომენდაციებმა, სადაც „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ თეორიული და პრაქტიკული ასპექტები იყო გაანალიზებული, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობა, რაც „გერმანული ეკონომიკური სასწაულის“ სახელითაა ცნობილი და კონრად ადენაუერისა და ლუდვიგ ერჰარდის ქრისტიანულ-დემოკრატიული მთავრობის მიერ იქნა წამოწყებული 1948 წლიდან. თუმცა მან, როგორც თავისუფალი ბაზრისა სოციალური წესრიგის ეთიკური საფუძვლების საუკეთესო მკვლევარმა მალე დაინახა ეკონომიკური რეფორმების „გადაჭარბებული სოციალური“ ხასიათი და გადაჭრით აუპირისპირდა სოციალიზმთან კომპრომისების პოლიტიკას. მისი საკვანძო ნაშრომებია: „თავისუფალი საზოგადოების ეკონომიკა“ და „ჰუმანური საზოგადოება“, „თანამედროვეობის სოციალური კრიზისი“ , „სამოქალაქო საზოგადოების მორალური კრიზი“, „საერთაშორისო ეკონომიკური დეზინტეგრაცია“, „ფაშიზმის ეკონომიკა“, „ეკონომიკური წესრიგის პრობლემები“ და ა.შ.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9