1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება

საუბარია არა ეკონომიკის, არამედ შემოსავლების სოციალიზაციაზე. სახელმწიფო, რომელიც, როგორც წესი, დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა, გამოიყენება „სამართლიანი“ გადანაწილების მექანიზმად. ის მოქმედებს საგადასახადო ბერკეტების, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების ორგანიზებისა და სხვა ადმინისტრაციული ხერხების გამოყენების გზით. გარდამავალ ეკონომიკებში, ამას ერთვის ინსაიდერულ გამორჩენაზე გათვლილი პრივატიზება და საყოველთაო კორუფცია. სხვა სიტყვებით, გარკვეულ იდეალურ სქემას ექვემდებარება არა წარმოება, როგორც ეს გეგმური ეკონომიკის პირობებში იყო, არამედ გადანაწილება. ეს კი, მხოლოდ ანელებს ტოტალიტარიზმისაკენ მოძრაობას, მაგრამ ვერ აღკვეთს მას. „არცერთ ცხოველუნარიან საზოგადოებას, არ შეუძლია ყოველი ადამიანის ანაზღაურება მათი თვითშეფასების მიხედვით. საზოგადოება, რომელშიც ყოველი წევრი გამოდის, როგორც რომელიმე ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანია აიძულოს ხელისუფლება, რომ მიიღოს მისგან მხარდაჭერა იმის მიღწევაში, რაც მას სურს, თვითგანადგურებადია.“ – ო’ რურკე. ნიშანდობლივია, რომ „კეთილდღეობის საზოგადოების“ პირობებში დასახული მიზანი: დოვლათის სამართლიანი გადანაწილება, თავისთავად აბსურდულია. ეს იმ მარტივი მიზეზის გამოა, რომ დოვლათის ფასეულობა არც გადანაწილდება, არც გადაიცემა და არც გაიყოფა. ფასეულობა ინდივიდუალური შეფასების პროდუქტია. ის რაც ფასეულია ერთისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს სხვისთვის. (ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ღორებს ფერხთით არ უნდა დავუყაროთ თვალ-მარგალიტი!). ის რაც სამართლიანია ერთისთვის, შესაძლოა უსამართლო იყოს სხვისთვის გათანაბრებითი სამართლიანობის გამოდევნებას იოლად მივყავართ ტოტალიტარული სისტემის დამკვიდრებამდე: ის ვინც თვლის, რომ ყველას თანაბრად უნდა გაუყოს, იმავდროულად თვლის, რომ თვითონ ცოტა მეტი ერგება, რადგანაც ის ასეთი ,,სამართლიანი და მოწყალეა“. „საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება“, ეს არის პრივილეგიებისთვის ვაჭრობის სისტემა, რომელსაც ორგანიზებას უწევენ სპეციალური ინტერესების ჯგუფები და ამომრჩეველთა ხმებზე დახარბებული პოლიტიკოსები. ამ ჯგუფებში, შემოსავლები ყალიბდება არა საბაზრო პრინციპით, (ანუ გაწეული სამსახურის ნებაყოფლობითი ანაზღაურების გზით, სადაც წარმატებას აღწევენ ისინი, ვინც ყველაზე მეტი ხარისხით და ყველაზე ნაკლებ ფასად აკმაყოფილებენ მომხმარებლის ინტერესებს), არამედ პოლიტიკური პროცესებით: ყოველი ასეთი ჯგუფი მოითხოვს, რომ მათი ანაზღაურება (პრივილეგიები) გაიზარდოს და ამისათვის, ლეგიტიმური იქნეს მათ მიერ სხვა ჯგუფების შემოსავლებისა და ქონების ექსპროპრაცია და მათთვის სასარგებლოდ გადანაწილება, რადგან მიაჩნიათ, (ან უნდათ რომ სხვებს მოაჩვენონ), რომ ისინი უკეთესად გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს. მათი გაწეული შრომა უფრო სასარგებლო და შესაბამისად, ძვირიცაა. ანაზღაურება კი - არასოდეს არაა საკმარისი. ასეთი ჯგუფების შემოსავლები, საბაზრო მოთხოვნაზე არ არის დამოკიდებული, არამედ მათ მიერ სახელიუფლებო ბერკეტების მიტაცებაზე და ძალაზე - გამოსტყუონ ხელისუფლებას პრივილეგიები და დაფინანსება, სხვადსხვა პროგრამებისათვის. ძალაუფლება გამოიხატება მათ უნარში, რაც შეიძლება მეტი გავლენა იქონიონ, სხვა ადამიანების შემოსავლების გადანაწილებაზე. ხელისუფლების უუნარობა, რომ მართოს ეს ჯგუფები, იწვევს მის პარალიზებას. „კეთილდღეობის საზოგადოების“ მშენებელი სახელმწიფოს ბიუჯეტი, მუდმივად იზრდება და შესაბამისად, კერძო დოვლათის სულ უფრო მეტი და მეტი სოციალიზაცია მიმდინარეობს. შედეგების თვალსაზრისით, არა აქვს მნიშვნელობა, ეს ხდება უშუალოდ გადასახადებით, სესხებით, ფულის საბეჭდი დაზგის ამუშავების თუ ლიცენზიების გაყიდვით. მთავარია, რომ კერძო დოვლათის ექსპროპრიაციას და მის პოლიტიკური შეხედულებებით გადანაწილებას, ტოტალური და მზარდი ხასიათი აქვს. ,,მცოცავი სოციალიზმის“ პირობებში, სახელმწიფო მიუთითებს მეწარმეებს არა იმას თუ რა აწარმოონ, არამედ იმას, თუ რა არ შეუძლიათ, რომ მათ აკეთონ.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9