1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეტადონით მკურნალობა

(ჩანაცვლების თერაპია) – მეტადონი ხანგრძლივი ანალგეზიური ზემოქმედების მქონე სინთეტიკური ნარკოტიკია. იგი ჩანაცვლების თერაპიაში პირველად 1960-იან წლებში როკფელერის უნივერსიტეტის დოქტორებმა ვინსენტ დოულმა და მერი ნისუანდერმა გამოიყენეს. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მეტადონით მკურნალობას გადის 115 000 პაციენტი, მათგან 40 000 ნიუ-იორკის შტატში, ხოლო 20 000 კალიფორნიის შტატში. მეტადონს მსოფლიოში ფართო გამოყენება აქვს და ჰეროინის დამოკიდებულებისაგან განკურნების ყველაზე ეფექტურ პრეპარატად არის მიჩნეული. მეტადონით მკურნალობის ანუ ჩანაცვლების თერაპიის მიზანი არის როგორც ჰეროინის მოხმარების, ისე ამის შედეგად ჩადენილი დანაშაულის, გამოწვეული დაავადებებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება. ჰეროინის მომხმარებლები იყენებენ მეტადონს, როგორც დეტოქსიკაციის საშუალებას. თუმცა, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა, რომელიც მეტადონის ან სხვა პრეპარატის საშუალებით ცდილობს ჰეროინის დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, შემდეგ კვლავ უბრუნდება ჰეროინის მოხმარებას. ჩანაცვლების თერაპიის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მეტადონის სისტემატურად მიღების ხარჯზე ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი შეამცირებს ჰეროინის მოხმარებას, ხოლო შემდგომში კი სრულებით იტყვის მასზე უარს. მეტადონის გამოყენება ხდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს. მეტადონის უპირატესობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა. პრაქტიკულად არ არსებობს მეტადონით ხანგრძლივი მკურნალობის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ფაქტი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მკურნალობა ოცი-ოცდაათი წელი გრძელდებოდა. დოკუმენტურად დასტურდება, რომ მეტადონით მკურნალობა პოზიტიურ გავლენას ახდენს როგორც დანაშაულის ფაქტების, დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევათა მაჩვენებლის, ისე ნარკოტიკების მოხმარების რიცხვის შემცირებაზე. - მეტადონი ჰეროინზე დამოკიდებულების მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მკურნალობის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით (ამბულატორული მკურნალობა ნარკოტიკების გამოყენების გარეშე, ჯგუფური თერაპია და ქიმიური პრეპარატებით მკურნალობა), მეტადონის ზემოქმედება დეტალურად არის შესწავლილი და იძლევა საუკეთესო შედეგებს. - მეტადონი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის თავიდან აცილების ეფექტური საშუალებაა (ის ამცირებს შიდსით დაავადების რიცხვს). ჩანაცვლების თერაპიის დროს მცირდება ინექციათა რიცხვი და, შესაბამისად, აღარ არსებობს ერთიდაიგივე შპრიცის გამოყენების აუცილებლობა. მეტადონით მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირს აძლევს საშუალებას, კონტაქტი დაამყაროს იმათთან, ვინც უშუალოდ ატარებს მკურნალობას და შეუძლია ასწავლოს მას შიდსის, ჰეპატიტის ან სხვა დაავადებების თავიდან აცილების მეთოდები, დაეხმაროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გადაჭრაში. - მეტადონით მკურნალობა ამცირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის რისკს. მცირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთა რიცხვი, რადგან ჩანაცვლების თერაპიის კურსის პაციენტები პრაქტიკულად აღარ ყიდულობენ და მოიხმარენ აკრძალულ ნარკოტიკებს. ასევე მცირდება ძარცვისა და ყაჩაღობის რიცხვი, ვინაიდან ნარკოტიკების მომხმარებლებს აღარ ესაჭიროებათ ფული ძვირადღირებული ჰეროინის შესაძენად. მკურნალობის შედეგად ნარკოტიკების მომხმარებელთა ცხოვრება სტაბილური ხდება და მათ ეძლევათ კანონიერი გზით დასაქმების საშუალება. - მეტადონით მკურნალობის შედეგად საგრძნობლად მცირდება ჰეროინის მოხმარების რიცხვი, ხშირ შემთხვევაში კი ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი საერთოდ უარს ამბობს ჰეროინის მოხმარებაზე. ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან მკურნალობის შედეგების ყველაზე მასშტაბური კვლევის თანახმად, მკურნალობის განმავლობაში პაციენტთა შორის ჰეროინის მოხმარება საგრძნობლად მცირდება. სამთვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტთა მხოლოდ 10%-ზე ნაკლები აგრძელებს ჰეროინის ყოველდღიურ ან ყოველკვირეულ მოხმარებას. ჩანაცვლების მეთოდით მკურნალობის ორი ან მეტი წლის შემდეგ პაციენტების მიერ ჰეროინის მოხმარება საშუალოდ 15%-ით მცირდება. ოპიატურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა მეტადონით მკურნალობის დროს მცირდება სხვა ტიპის ნარკოტიკების, მათ შორის კოკაინის, სედატიური პრეპარატებისა და ალკოჰოლის მოხმარებაც, მიუხედავად იმისა, რომ მეტადონი არ ახდენს პირდაპირ ფარმაკოლოგიურ ზეგავლენას სხვა ჯგუფის (რომელიც არ განეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფს) ნარკოტიკებზე. - მეტადონით მკურნალობა ეფექტურია ხარჯების თვალსაზრისით. ჩანაცვლების თერაპიის ღირებულება ერთ პაციენტზე წელიწადში საშუალოდ 4000 ა.შ.შ დოლარს შეადგენს. ამასთან, იგი საგრძნობლად ამცირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთა რიცხვს, ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღ წესს და აუმჯობესებს სოციალურ პროდუქტულობას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ნარკომანიის პრობლემაზე სოციალური ხარჯების შემცირებას. ჩანაცვლების მეთოდით მკურნალობაზე დახარჯული ერთი დოლარი ზოგავს სოციალურ სამსახურებსა და ჯანდაცვაზე დახარჯულ 4-5 აშშ დოლარს. ციხეში, ერთ პატიმარზე, სახელმწიფო წელიწადში საშუალოდ 20 000 - 40 000 აშშ დოლარამდე ხარჯავს. ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ადგილზე მკურნალობის პროგრამები გაცილებით ძვირადღირებულია და წელიწადში საშუალოდ 13 000 - 20 000 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ აღემატება ერთ წელს. საბოლოო ჯამში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩანაცვლების თერაპიის ხარჯების მხოლოდ 5 - 10% განკუთვნილია უშუალოდ მკურნალობაზე, შესაძლებელია მეტადონის დანიშვნა და მისი გამოყენება გაცილებით იაფად რიგითი ექიმის მიერ ან ჩვეულებრივი საავადმყოფოს პირობებში. მეტადონს იყენებენ ოპიატების ჩანაცვლებისათვის. მისი ზემოქმედება ჰგავს მორფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოქმედებას. ჰეროინის მომხმარებლები განიცდიან ფიზიკურ დამოკიდებულებას ოპიატური ნარკოტიკების მიმართ. შესაბამისად, როდესაც ორგანიზმში ოპიატების კონცენტრირების დონე კლებულობს, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი განიცდის ნარკოტიკების მწვავე მოთხოვნილებას ე.წ. ,,ლომკას”. მეტადონის სწორად შერჩეული დოზა ხსნის მწვავე სიმპტომებს და საგრძნობლად ამცირებს ქრონიკულ დამოკიდებულებას და ახდენს სისხლში ნარკოტიკების დონის სტაბილიზებას. შესაბამისად, ხდება მისი ჩანაცვლება ნივთიერებათა ცვლის პროცესში, რაც პაციენტის ორგანიზმის ,,ნორმალურად” ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ჩანაცვლების თერაპიის დროს გამოიყენება მეტადონის სტაბილური დოზა, რომელიც საკმარისია მეტადონის და სხვა ოპიატების მიერ გამოწვეული ნარკოტიკული ზემოქმედებისა და ეიფორიის ბლიკირებისათვის. მეტადონის სწორი დოზით გამოყენება არ იწვევს ეიფორიას და არ მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მეტადონს არა აქვს უკუჩვენებები. იგი გავლენას არ ახდენს მოტორულ უნარებზე, გონებრივ შესაძლებლობებსა და შრომისუნარიანობაზე. ნარკოტიკულ საშუალებაზე უარის თქმის სიმპტომები ხარისხობრივი თვალსაზრისით მსგავსია. თუმცა, თუ ჰეროინზე უარის თქმა იწვევს ინტენსიურ, მაგრამ შედარებით ხანმოკლე მოთხოვნილებას (ლომკას), მეტადონზე უარის თქმა იწვევს ნაკლებად ინტენსიურ, მაგრამ გაცილებით ხანგრძლივ მოთხოვნილებას (ლომკას). მოთხოვნილების მწვავე სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია დოზის თანდათანობით შემცირებით დროის ხანგრძლივ მონაკვეთში. მეტადონი გამოიყენება მხოლოდ ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობის დროს. დაუშვებელია ამ პრეპარატის გამოყენება იმ პირებისთვის, რომლებიც იყენებენ ჰეროინს, თუმცა არ არიან (ან არასოდეს ყოფილან) მასზე დამოკიდებულნი. ამ ტიპის ადამიანებისთვის უმჯობესია მკურნალობა არანარკოტიკული საშუალებებით ან ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა ბუპრენორფინი და ნალტრექსონი. ამეირიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ნარკოტიკების განსაკუთრებით აქტიურ მომხმარებლებს ხშირად უნიშნავენ ჰეროინს, კოდეინს, მორფინსა და მეტადონის ინექციებს
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9