1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

2004 წლის ნოემბერში ორი პარტიის - ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების - გაერთიანების შედეგად დაარსდა. ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა; საფუძველი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა რეფორმატორებმა დაუდეს, რომლებიც პარტიას მისი საქმიანობისადმი უკმაყოფილების გამო გაემიჯნენ. ნაციონალური მოძრაობა 2001 წლის დეკემბერში დაარსდა. 2002 წელს მან თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია თბილისის საკრებულოს არჩევნებში. ამ არჩევნების შედეგად პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. გაერთიანებული დემოკრატები 2003 წელს დაარსდა, რომელსაც ზურაბ ჟვანია და 2002 წელს შევარდნაძის ხელისუფლებას გამიჯნული სხვა რეფორმისტი ლიდერები ჩაუდგნენ სათავეში. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ორივე პარტიამ შესაბამის ბლოკებში მიიღო მონაწილეობა - ბლოკი სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა და ბლოკი ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატები. მას შემდეგ, რაც არჩევნების მასობრივი გაყალბება აშკარა გახდა, ორივე პარტიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომელმაც მოგვიანებით ვარდების რევოლუციის სახელი მიიღო და შედეგად შევარდნაძის ხელისუფლების გადაყენება გამოიწვია. 2004 წლის მარტში ჩატარებულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ორივე პარტიამ ერთიანი საკანდიდატო სიით მიიღო. მათ კანდიდატთა სიაში ჩართული იყვნენ რესპუბლიკური პარტიისა და ეროვნულ ძალთა გაერთიანების წარმომადგენლებიც, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთიან ბლოკს ქმნიდნენ 2003 წლის არჩევნებში და რევოლუციის დღეებში. ერთიანი საკანდიდატო სია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა; მან ამომრჩეველთა 66.2%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მოგვიანებით ამ ორი უკანასკნელი პარტიის წევრები ჩამოშორდნენ მმართველ პარტიას და ოპოზიციაში გადაინაცვლეს. პარტიას მოღვაწეობის ამ ეტაპზე ორი გამოკვეთილი პრიორიტეტი აქვს. ესენია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის ფართო ფენების სოციალური პირობების გაუმჯობესება. პირველ საკითხთან დაკავშირებით ისინი მუშაობენ პოლიტიკური მოლაპარაკებების გააქტიურებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროექტების შემუშავებასა და საგარეო მხარდაჭერის მოპოვებაზე; მეორე შემთხვევაში კი სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდაზე, ბიზნესის, განსაკუთრებით, საშუალო და მცირეს ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე (გადასახადების ლიბერალიზაცია, ლიცენზირების გამარტივება) და სხვა ინიციატივებზე. ორგანიზაციული სტრუქტურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძირითად პრინციპებს, შიდაპარტიულ ურთიერთობებს და სტრუქტურულ დაყოფას არეგულირებს 2004 წელს მიღებული წესდება. წესდება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმნეტია, თუმცა თითოეულ სტრუქტურულ ერთეულს შეუძლია დამატებით მიიღოს მუშაობის მარეგულირებელი დებულება ან შინაგანაწესი. 2005 წელს პარტიამ წევრთათვის სავალდებულო ხუთი მთავარი პრინციპი და განვითარების ათწლიანი გეგმა შეიმუშავა. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. მასში, სულ მცირე, 200 დელეგატი მონაწილეობს. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას დელეგატთა ნახევარზე მეტი ესწრება; ხოლო გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობით იღებს. მისი განსაკუთრებული პრეროგატივაა: - წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; - გაერთიანების თავმჯდომარის, გენერალური მდივნის, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა; - გაერთიანების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა/გადაწყვეტა; ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანებას პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს. მასში შედიან: თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ყრილობაზე არჩეული 23 წევრი. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. პოლიტიკური საბჭო ანგარიშვალდებულია ყრილობისა და გაერთიანების თავმჯდომარის წინაშე. მას შეუძლია: - შექმნას/გააუქმოს გაერთიანების ადგილობრივ წარმომადგენლობები; - დაამტკიცოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები; - დაამტკიცოს გაერთიანების ბიუჯეტი; - დაადგინოს წევრთა, აქტივისტთა და მხარდამჭერთა მიღების წესი; - წესდების სისტემატიური დარღვევის, ხელმძღვანელი ორგანოს მოთხოვნების შეუსრულებლობის ან უღირსი საქციელის ჩადენის შემთხვევაში გარიცხოს წევრები; - განიხილოს აქტივისტის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი; - დაამტკიცოს ყრილობის დელეგატთა შერჩევის წესი. გაერთიანების საქმიანობის მაკონტროლირებელ ორგანოს სარევიზიო კომისია წარმოადგენს. იგი შვიდი წევრისგან შედგება; მათ ორი წლის ვადით ირჩევს ყრილობა. კომისია ვალდებულია გააკონტროლოს გაერთიანების ფინანსური საქმიანობა და განახორციელოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. იგი ანგარიშვალდებულია ყრილობისა და წელიწადში ერთხელ პოლიტიკური საბჭოს წინაშე. პარტიის უმაღლესი თანამდებობა გაერთიანების თავმჯდომარეობაა. ის უშუალოდ ხელმძღვანელობს პარტიას და წარმოადგენს ორგანიზაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. გაერთიანების სახელით მას შეუძლია პოლიტიკური განცხადებებისა და მიმართვების გაკეთება; ასევე ხელს აწერს ყრილობის გადაწყვეტილებებს. გაერთიანების ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. იგი ორგანიზებას უკეთებს ყრილობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. ასევე თავმჯდომარესთან შეთანხმებით პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტს. მას შეუძლია სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა დანიშვნა და განთავისუფლება. პარტიის სტრუქტურაში გადაწყვეტილების მიმღები ორი ძირითადი რგოლია - ცენტრალური და ადგილობრივი (იგულისხმება რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები). პარტიისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ცენტრალური ოფისი იღებს, კერძოდ პარტიის კონცეფციას, პოლიტიკას, იდეოლოგიას განსაზღვრავს ცენტრალური ოფისი. ის განაგებს ფინანსების მოზიდვის და ხარჯვის პროცესსაც. შესაბამისად, ყველა, თუნდაც რაიონული მასშტაბის, აქტივობაც მასთან შეთანხმებით ეწყობა. რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიმღებ მეორე რგოლს, რაიონულ ოფისს, ისინი ადგილობრივი მასშტაბის პრობლემებს წყვეტენ და პარტიულ აქტივობებს ზემდგომ ორგანოს უთანხმებენ. ჩვეულებრივ, პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ ლიდერები. თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტიული სტრუქტურის ყველაზე ქვედა რგოლი პირველადი ორგანიზაციაა. ის საარჩევნო უბნის არეალს მოიცავს. რაიონულ და პირველად ორგანიზაციებს შორის კოორდინაციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად შექმნილია ზონალური ორგანიზაციებიც. ზონალურ და პირველად ორგანიზაციებს კოორდინატორები ხელმძღვანელობენ. კოორდინატორები პარტიასა და მოსახლეობას შორის შუამავლებად ითვლებიან. ისინი ადგილზე პარტიული საქმიანობის წარმართვაზე არიან პასუხისმგებელნი. კერძოდ, მოვალენი არიან კარგად იცნობდნენ უბანს, მოსახლეობას და ადგილობრივ პრობლემებს. ისინი ორგანიზებას უწევენ პარტიის წარმომადგენლების შეხვედრებს მოსახლეობასთან, აღწერენ მხარდამჭერებსა და წევრებს. კოორდინატორების მთავარი მოვალეობა აგიტაცია და ახალი წევრებისა და მხარდამჭერების მოზიდვაა. არჩევნების დღეს კი მათ მხარდამჭერთა მობილიზება ევალებათ. კოორდინაციას პირველადი და ზონალური ორგანიზაციების მუშაობას რაიონული ორგანიზაცია უწევს. მას საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის ადმინისტრაციული აპარატი ჰყავს, რომელშიც ერთიანდებიან: აღმასრულებელი, საორგანიზაციო მდივანი და საქმეთა მმართველი. რაიონული წარმომადგენლობები ორგანიზებას უწევენ პარტიული საქმიანობების შესრულებას, კერძოდ, კულტურულ-გამაჯანსაღებელ აქციებს, დახმარებების შეგროვებას, სოციალურად დაუცველი პირების პრობლემების განხილვას და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე დაყენებას. რაიონულ ორგანიზაციასთან არსებობს ცხრაკაციანი საბჭო, რომელშიც პარტიის ადგილობრივი წევრები ერთიანდებიან. საბჭო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელსაც შემდეგ აპარატი ასრულებს. თითოეული რაიონული ორგანიზაცია ცდილობს, საბჭო მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ორგანო იყოს. შესაბამისად, მის საქმიანობაში ჩართულნი არიან სხვადასხვა უბნის, ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში კი ცდილობენ საბჭოს საქმიანობაში ამ უმცირესობების ლიდერებიც ჩართონ. საბჭოს ფუნქციებში შედის: წევრების მიღების საკითხი, საუბნო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დამტკიცება და რაიონული ორგანიზაციის ფინანსური საკითხების მოგვარება. საბჭო, ჩვეულებრივ, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ იკრიბება. პარტიის მომავალი სტრატეგიული განვითარების გეგმით, რაიონის დონეზე საბჭოსთან ერთად ყალიბდება სათათბიროები. ის ღია სტრუქტურული ერთეული იქნება და წევრთა რაოდენობა არ შეიზღუდება. სათათბიროს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება პარტიის წევრებთან ერთად არაწევრებსაც ექნებათ. სათათბირო, საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციებს შეასრულებს, რომელიც რეკომენდაციებს შესთავაზებს პარტიის რაიონულ ორგანიზაციას ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით. მას მიზნად ექნება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოზიდვა და მათი პარტიული მუშაობით დაინტერესება. პარტიაში ძირითადი ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია. მას თავისი სტრუქტურა აქვს და მმართველობითი საბჭო ჰყავს. ჩვეულებრივ, ის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს აწყობს, პოპულარიზებას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. 2005 წლის ზაფხულში ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სერიოზული წვლილი შეიტანა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული საზაფხულო ბანაკის - „პატრიოტის“ ორგანიზებაში. წევრობა პარტიაში გაწევრიანების წესს წესდება განსაზღვრავს. მსურველი ვალდებულია საბჭოს წინაშე წარადგინოს პირადი განცხადება და, სულ მცირე, სამი რეკომენდაცია. პარტიის ისტორიის საწყის ეტაპზე წევრობის მოპოვება საკმაოდ მარტივი იყო. თითქმის ყველა მსურველი იღებდა მას. ამჟამად კი ახალი კრიტერიუმების შერჩევა/ჩამოყალიბება და გამკაცრება, პარტიის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილია. კვლევის პერიოდში წევრობის გაცემა შეწყვეტილი იყო, რამდენადაც წევრების მიღებასთან დაკავშირებით პარტია ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობდა. მომავალში ნაციონალური მოძრაობის წევრობის მსურველი ვალდებული იქნება იმ პირთა რეკომენდაციები წარმოადგინონ, რომლებსაც პატივს სცემენ და ენდობიან პარტიაში. სწორედ რეკომენდატორები იქნებიან პასუხისმგებელნი მათ მიერ პარტიის წევრობისთვის წარდგენილი პირების საქმიანობაზე და იმაზე, რომ განმცხადებელი ღირსეული ადამიანია. წევრობის პარალელურად, პარტიაში არსებობს მხარდამჭერთა და აქტივისტთა ინსტიტუტი. მხარდამჭერთა რეგისტრაციას და აღრიცხვას უზრუნველყოფს ცენტრალური სამდივნო, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები. რაც შეეხება აქტივისტებს, ისინი შეიძლება იყვნენ, როგორც პარტიის წევრები, ისე არაწევრები. აქტივისტი ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს ყველა პარტიულ ღონისძიებაში და შეასრულოს ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები. პარტიიდან გასვლა ნებაყოფლობითია. წევრის გარიცხვის შესაძლებლობა პოლიტიკურ საბჭოს აქვს. 2005 წელს პარტიის მიერ მიღებული „ხუთი მთავარი წესი პარტიის წევრებისთვის“ დამატებით განსაზღვრავს წევრის მოქმედების ჩარჩოებსა და პრინციპებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ის წევრები, რომლებიც განსაკუთრებით გამორჩეულები იქნებიან ამ პრინციპების დაცვით, ექნებათ მაქსიმალური წახალისება, ხოლო წევრები, რომლებიც უხეშად დაარღვევენ რომელიმე მათგანს, დაუყოვნებლივ დატოვებენ პარტიის რიგებს. პარტიაში შიდა კონფლიქტური სიტუაციები საკმაოდ იშვიათია. ისინი, ჩვეულებრივ, არაფორმალურ გარემოში დიალოგის საშუალებით წყდება. პრინციპული დაპირისპირების შემთხვევაში კი უმცირესობაში მყოფი წევრი პოზიციების არდათმობის შემთხვევაში ტოვებს პარტიას. პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ კონფლიქტების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება წევრებს შორის უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნა და პარტიულ სტრუქტურებს შორის მკაცრი სუბორდინაციის უზრუნველყოფაა. საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები საზოგადოებასთან ურთიერთობა პარტიის ცენტრალური მმართველობითი ორგანოსა და ადგილობრივი წარმომდგენლობების მოვალეობაა, თუმცა განსხვავდება განხორციელების ფორმები. ცენტრალური ოფისის პრეროგატივა მას-მედიასთან ურთიერთობაა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც სწორედ ცენტრალურ ოფისშია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ წარმომადგენლობებსაც ემსახურება. თავად პირველადი ორგანიზაციების ურთიერთობა საზოგადოებასთან ნაკლებ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ორგანიზაციის წევრები ცდილობენ, რეგულარულად გაეცნონ ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემებს, მოისმინონ მათი საჩივრები და გააცნონ საკუთარი პარტიის საქმიანობა. პარტია ამაყობს იმ საერთაშორისო კავშირებით, რომელიც ევროპის წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან დაამყარა, მათ შორისაა: ევროპის სახალხო პარტია (ქრისტიან-დემოკრატები), ჰოლანდიის ლიბერალური პარტია და სხვა. ის აქტიურად თანამშრომლობს IRI-სა და NDI-ს წარმომადგენლობებთან საქართველოში. მომავალში პარტია საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფრო გააქტიურებას და მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარებას გეგმავს, რაც, მისი აზრით, აუცილებელია ძლიერი პარტიული ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.] : CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9