1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

  1. ქართულ პარტიებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციაა. ის 1978 წელს დაარსდა როგორც დისიდენტთა არალეგალური ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა სისტემას უპირისპირდებოდა. ამ პერიოდში პარტიის წევრებს შორის უფრო არაფორმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ვიდრე კარგად გამოკვეთილი სტრუქტურები. რესპუბლიკური პარტიის განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. პარტიამ ყველა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა, ოღონდ - სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად რომელიმე ბლოკში. პარტიის გავლენამ თავის პიკს 1992-95 წლებში მიაღწია, როდესაც მან ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ჯგუფი ჩამოაყალიბა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1995 წლის საქათველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელშიც რესპუბლიკური პარტია ერთიანდებოდა, ვერ შეძლო 1995 და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერის გადალახვა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვარდების რევოლუციაში. ისინი მონაწილეობდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაარსებაში და 2004 წელს განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამ პარტიის კანდიდატთა სიით მიიღეს. მოგვიანებით 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობის გამო მათ დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა და 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს კონსერვატიულ პარტიასთან ერთად შექმნეს ახალი ფრაქცია - დემოკრატიული ფრონტი. პარტიას წლების მანძილზე მოჰყვებოდა დისიდენტური მოძრაობის ინერცია. პარტიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო დებატებსა და დისკუსიებში, რომლებიც ეწყობოდა ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერთა ნაწილი აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაში, რითაც საზოგადოებრივი ყურადღების ველში აღმოჩნდნენ. ოღონდ ესაა, რომ პარტია ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა ახალი წევრების მოზიდვის საკითხში და მან უფრო ინტელექტუალთა პოლიტიკური კლუბის სახე მიიღო. ამჟამად პარტიაში სერიოზული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ის ცდილობს კლუბის მდგომარეობიდან კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ინსტიტუტის პოზიციაში გადავიდეს. პარტიის უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას პიროვნების თავისუფლება წარმოადგენს. ის გამოდის დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტირების და უმცირესობების უფლებების დაცვის მოთხოვნებით. პარტიას შემუშავებული აქვს კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, ქვეყნის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების განვითარებას ითვალისწინებს. მას ასევე შემუშავებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის ალტერნატიული პროექტი. ორგანიზაციული სტრუქტურა პარტიის შიდა ურთიერთობებს წესდება არეგულირებს. ის პარტიის დაარსებისთანავე მიიღეს, მაგრამ ბოლო შესწორებები 2005 წელს შევიდა. სტრუქტურული ერთეულების დაყოფა ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპს იმეორებს და ადგილობრივი წარმომადგენლობები იქმნება რეგიონული, რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო დონეებზე. მათი დაარსების უფლება ეროვნულ კომიტეტს აქვს. იმისათვის რომ საქალაქო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა ეფექტურად იმუშაოს, შეიქმნება მმართველობითი აპარატი, რომელიც ანაზღაურებადი პოზიციებით დაკომპლექტდება. ეს საკმაოდ პრინციპული საკითხია პარტიისთვის; მათ მიაჩნიათ, რომ საქმის ხარისხიანად შესრულება მოითხოვს პროფესიონალს, რომელიც სრული განაკვეთით იქნება დაკავებული. ჯერჯერობით პარტიაში არც ერთი პოსტი არ არის ანაზღაურებადი. პარტიის უმაღლესი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებებიც ყველა წევრისა და სტრუქტურული ერთეულისთვის სავალდებულოა, არის ყრილობა. ის ოთხ წელიწადში ერთხელ მოიწვევა და უფლებამოსილია: - მოითხოვოს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ხელისუფლების ორგანოებში არჩეული ან დანიშნული პარტიის წევრთა ანგარიშები და შეაფასოს ისინი; - აირჩიოს ეროვნული კომიტეტი; - აირჩიოს სარევიზიო კომისია. ყრილობებს შორის კი უმაღლესი ორგანო პოლიტიკური საბჭოა. მისი წევრები არიან ეროვნული კომიტეტის წევრები, ხელისუფლების ნებისმიერი დონის არჩევით ორგანოში წარმოდგენილი პარტიის წევრები, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და სხვა წევრები, რომელთა რაოდენობაც არ აღემატება ჩამოთვლილი წევრების რაოდენობის მეხუთედს. პოლიტიკური საბჭოს სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ და მოისმინება ყველა სტრუქტურული ერთეულის ანგარიში მიმდინარე საქმიანობაზე. მას შეუძლია პარტიის პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, საწევრო შენატანების ოდენობის დადგენა და სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერით ეროვნული კომიტეტისა და პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების გაუქმება. პარტიის ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი წარმმართველი ორგანო ეროვნული კომიტეტია. ის 13 წევრისგან შედგება, რომლებსაც ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა. ეროვნულ კომიტეტს შეუძლია: - პარტიის სახელით განცხადებების გაკეთება; - თავმჯდომარის არჩევა; - სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შექმნა და გაუქმება; - ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გადაყენება; - არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სიის დამტკიცება; ეროვნული კომიტეტის თითოეულ წევრს წესდების შესაბამისად განესაზღვრება კონკრეტული ფუნქციები პარტიის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა შესაბამისად; ისინი პირადად ანგარიშვალდებულნი არიან ეროვნული კომიტეტის წინაშე. პარტიაში უმაღლესი თანამდებობის პირი პარტიის თავმჯდომარეა. იგი წარმოადგენს პარტიას მესამე პირთან ურთიერთობაში, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და გასცემს განკარგულებებს; ასევე ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად განკარგავს პარტიის ფულად სახსრებს. პარტიის საქმიანობის მაკონტროლირებელ ორგანოს სარევიზიო კომისია წარმოადგენს. იგი ყრილობის მიერ არჩეული ხუთი წევრისგან შედეგება და საფინანსო საბუღალტრო საკითხების რევიზიასთან ერთად ვალდებულია მოამზადოს წინადადებები პარტიის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისა და საკადრო ცვლილებების შესახებ. ძირითადი სტრუქტურული ერთეულების პარალელურად პარტიის წევრები და მხარდამჭერები ინტერესთა სფეროების მიხედვით თემატურ და პროფესიულ ჯგუფებში ერთიანდებიან. პარტიაში იქმნება სახელმწიფო სტრუქტურის ალტერნატიული ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დარგის მიხედვით პარტიის პოლიტიკასა და პრობლემების გადაჭრის გზებს სახავენ. 2005 წლიდან არსებობს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი სტრუქტურა აქვს. მის წევრებს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრობასთან ერთად ძირითადი პარტიის სტრუქტურის წევრობის უფლებაც ენიჭებათ. ორგანიზაციაში სხვადასხვა თემატური ჯგუფია შექმნილი: იურიდიული, ეკონომიკური, საგარეო ურთიერთობების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და სახელმწიფო სტრუქტურების ალტერნატიული კაბინეტები. წევრობა წევრების მიღების და გარიცხვის წესებს წესდება არეგულირებს. ის ითვალისწინებს, რომ პარტიის წევრი ნებისმიერი საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე შეიძლება გახდეს, რომელიც განცხადებასთან ერთად საკუთარ ბიოგრაფიასა და რეკომენდაციებს წარმოადგენს. რეკომენდატორი შეიძლება იყოს პარტიის უკვე კარგად გამოცდილი წევრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი წევრის ქცევაზე. წევრის მიღების უფლება ეროვნულ კომიტეტთან ერთად რაიონულ ორგანიზაციებსაც აქვთ, თუმცა კანდიდატურის დამტკიცებას მხოლოდ ეროვნული კომიტეტი ახდენს. პარტიაში არ არის შიდა კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების გამოცდილება. იმ ადამიანებმაც კი, რომლებმაც პარტია დატოვეს, ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს ყოველგვარი შიდა დაპირისპირების და კონფლიქტის გარეშე. არ არსებობს პარტიიდან გარიცხვის პრეცედენტიც; პარტიაში ხშირია ცხარე კამათი, მაგრამ კონფლიქტამდე არასდროს მისულა. წესდების გარდა, პარტიას კონფლიქტების დარეგულირების არავითარი განსაკუთრებული მექანიზმი არ გააჩნია. საინტერესოა, რომ პარტიის წესდება სხვა პარტიებისგან განსხვავებით, წევრის მიერ წესდების დარღვევისა და პარტიის საქმიანობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სხვადასხვა სახის სასჯელს ითვალისწინებს. გარიცხვის გარდა, წესდება უფრო მსუბუქ სასჯელებს, კერძოდ, გაფრთხილებასა და წევრობის დროებით შეჩერებასაც აწესებს. წევრებთან ერთად პარტიაში მხარდამჭერთა ინსტიტუტიც იქმნება. მასში ის ადამიანები გაწევრიანდებიან, რომელთაც ჯერ არ აქვთ გაწევრიანება გადაწყვეტილი, მაგრამ პარტიასთან მჭიდროდ თანამშრომლობას აპირებენ. მათ სრული თავისუფლება მიეცემათ ჩაერთონ პარტიაში შექმნილი პროფესიული და ინტერესთა ჯგუფების მუშაობაში. საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები საზოგადოებასთან პარტიის ურთიერთობის ძირითადი წყარო მას-მედიაა. მართალია, პარტიას საკუთარი ბეჭდვითი გამოცემაც გააჩნდა, მაგრამ ამჟამად გაზეთი აღარ გამოდის და იგი საკუთარი საქმიანობის აფიშირებისთვის მთლიანად მედიაზეა დამოკიდებული. პარტიაში უკმაყოფილონი არიან ამ უკანასკნელთან ურთიერთობით. მათი აზრით, მედია თითქმის არ იჩენს ინტერესს პარტიის საქმიანობის მიმართ. ხშირია მათი აქტივობების და პრეს-კონფერენციების იგნორირება; გაშუქების შემთხვევაში კი ძალიან ხშირია მიკერძოებული და დაუბალანსებელი მიდგომა. პარტია არსებობის მანძილზე, ძირითადად, საკუთარ ინტელექტუალურ რესურსს ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია არც ამჟამად ირღვევა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავენ ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიწვევას ან/და დაქირავებას. განსაკუთრებულ ინტერესს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ იჩენენ. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით ქართულ არასამათავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი და შედეგიანი გამოცდილება აქვს. თავად პარტიის ლიდერები წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებლები/თანამშრომლები იყვნენ. ამჟამად პარტია არასამთავრობო სექტორის საექსპერტო რესურსს იყენებს და მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა აუცილებელია ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის. რესპუბლიკელები სხვა პარტიებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდნენ ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების პროექტებზე მუშაობს. დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების პარტიებთან თანამშრომლობა ერთიან ფორუმებში მონაწილეობით და ინფორმაციის გაცვლით შემოიფარგლებოდა; მომავალში პარტია საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამშრომლობის დაწყებას აპირებს; კერძოდ, გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტიებთან ურთიერთობების გაღრმავებას; ამასთან, აპირებს პოსტ-საბჭოთა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებასა და მჭიდრო კავშირების დამყარებას. პარტია სტრატეგიულად თანამშრომლობს გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან.
  2. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიური სახე – რესპუბლიკური პარტია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარტიაა. მისი ისტორია 1978 წელს იწყება, როდესაც გარკვეული დისიდენტური წრის წევრებმა იატაკქვეშეთში დააფუძნეს პარტია ამ სახელით. მისი ლიდერების იდეები მსგავსი იყო იმ დროინდელ ქართველ ინტელექტუალებს შორის გავრცელებული შეხედულებებისა. ეს შეხედულებები, ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, ანტიკომუნიზმითა და ზომიერი ნაციონალიზმით ხასიათდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ, ამ მხრივ, პარტიის იდეოლოგიურ სახეს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. ზოგიერთი ანალიტიკოსი პარტიის პრინციპების სტაბილურობას მისი წევრების სოციალურ სტატუსს უკავშირებს: მათ უმრავლესობას დღემდე საშუალო კლასის წარმომადგენელი ინტელექტუალები შეადგენდნენ. დღეისათვის პარტია ლიბერალური ცენტრის მთავარ პარტიას წარმოადგენს. სხვა პარტიები, რომლებიც ასევე ლიბერალიზმის პრინციპებს იზიარებენ, კონსერვატიზმისკენ იხრებიან. პარტიის სხვადასხვა წევრის შეხედულებები მემარცხენე-ცენტრისტულ, მემარჯვენე-ცენტრისტულ და ნეოლიბერალურ პოზიციებს შორის შეიძლება მერყეობდეს. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, სოციალ-დემოკრატიული შეხედულებებიც კი უცხო არ იყო მათთვის პარტიის არსებობის ადრეულ ეტაპზე, თუმცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ პარტიას უფრო მემარჯვენე პოზიციებისკენ უბიძგა. როგორც პარტიის ზოგიერთ ლიდერთან აღებული ინტერვიუებიდან და საპროგრამო დოკუმენტებიდან ჩანს, მემარცხენე-ცენტრისტული პოზიციები უფრო ახლოა მათთვის.
    Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9