1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
ურბ ურე ურთ ურუ

ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოჩნდა ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედარებით სტაბილურ და გრძელვადიან პროექტებს ახორციელებდა პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად საქართველოში. ამ ორგანიზაციის მიერ 1992 წლიდან განხორციელებულ პროგრამებს შორის ეს სფერო ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. პარტიებისა და საპარლამენტო ფრაქციების დახმარების პროგრამებს ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მეშვეობით ახორციელებს. 90-იან წლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ამ სფეროში მომუშავე ყველაზე აქტიურ ორგანიზაციად ითვლებოდა, უკანასკნელ წლებში კი, ქართული პოლიტიკური პარტიების განცხადებით, IRI-ს წარმომადგენლობა საქართველოში მათთან მომუშავე მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა. 1998 წლიდან ის აქტიურად თანამშრომლობს ყველა ძირითად პარტიასთან და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამით მათ კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება. საქართველოში IRI, ძირითადად, ორი მიმართულებით საქმიანობს. იგი მუშაობს როგორც პარტიების ინსტიტუციური განვითარების, ისე მათი საარჩევნო შესაძლებლობების დახვეწის ხაზით. პარტიული მუშაობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის დასახვეწად IRI ახორციელებს საკონსულტაციო პროგრამას, რომელიც ყველა პარტიასთან ინდივიდუალურად ტარდება. ამ პროგრამის ფარგლებში ის ცდილობს შეიმუშაოს პარტიებისთვის რეკომენდაციები, პარტიის წევრებისა და აქტივისტებისთვის განახორციელოს სასწავლო პროგრამები. ამით ცდილობს დაეხმაროს მათ სტრუქტურის დახვეწაში, პირველადი და ფუნქციური ორგანიზაციების განვითარებასა და არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში პარტიული მუშაობის განსაზღვრაში. IRI-ს საქმიანობის მეორე მიმართულება ითვალისწინებს მის მუშაობას როგორც პარტიებთან, ისე ამომრჩევლებთან. იმისათვის, რომ პარტიების საარჩევნო შესაძლებლობები განავითაროს, IRI-მ ჩამოაყალიბა საარჩევნო მენეჯერთა აკადემია, რომელიც მიზნად ისახავს, პარტიის წევრებს შეასწავლოს ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა სრულყოფილი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. კერძოდ, როგორ განსაზღვრონ საარჩევნო სტრატეგია, როგორ ჩამოაყალიბონ საზოგადო მიმართვა, როგორ იმუშაონ ამომრჩევლებთან და მედიასთან. მნიშვნელოვნად ითვლება ასევე ინსტიტუტის მიერ ჩატარებული Go-Out-The-Vote (GOTV) პროგრამა, რომელიც არჩევნებში საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობის მონაწილეობის გაზრდას ისახავდა მიზნად. IRI-ს მუშაობა თავად პარტიების მიერ საკმაოდ დადებითად არის შეფასებული. მათი აზრით, საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება პარტიების ეფექტური განვითარების მისაღწევად. IRI-ს მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია. მათში, მეტწილად, პარტიების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ლიდერები არიან ჩართულნი და ვერ მოიცავენ პარტიის ყველა მსურველ წევრს. თუმცა ის წევრები, რომლებიც გადიან სასწავლო პროგრამებს, ხშირ შემთხვევაში უფრო ადვილად მიიწევენ წინ შიდაპარტიულ თანამდებობებზე. ახალმა მემარჯვენეებმა საარჩევნო კონსულტანტის ანაზღაურებადი პოზიციაც კი შექმნეს და დღეისთვის IRI-ს საარჩევნო მენეჯერთა აკადემიაში დატრენინგებული წევრები პარტიის რაიონული ორგანიზაციების უმრავლესობაში არიან დასაქმებულნი. მეორე ორგანიზაცია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან აქტიურად მუშაობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია (NDI). IRI-სგან განსხვავებით, იგი თანამშრომლობს საპარლამენტო ფრაქციებთან; ასე რომ, პარტიები, რომელთაც არ გააჩნიათ ფრაქციები პარლამენტში, მისი საქმიანობის მიღმა რჩებიან. NDI-ს მიერ განხორციელებული პროგრამები საპარლამენტო ფრაქციების მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ არის მიმართული. ის სამუშაო შეხვედრების და კონფერენციების ორგანიზებით ხელს უწყობს პარლამენტის მუშაობის გააქტიურებას: „სანამ პარლამენტი მიიღებდა ახალ საგადასახადო კოდექს, NDI ორჯერ დაგვეხმარა, ამ საკითხთან დაკავშირებული შეხვედრების მოწყობაში. ის ასევე ხშირად აწყობს ტრენინგებს პარლამენტის წევრებისთვის.“ საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნიდან (1994 წ.) NDI დახმარებას უწევდა რეფორმისტი პარტიების ლიდერებსა და აქტივისტებს პოლიტიკური პროგრამისა და მესიჯის ჩამოყალიბება/განვითარებაში, პარტიის მშენებლობის სტრატეგიის შემუშავებაში, ამომრჩეველთა და მხარდაჭერთა მოზიდვაში, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების გაძლიერებაში. 1995 წელს NDI-ის ხელშეწყობით დაარსდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ქართული არაპარტიული, არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მას შემდეგ იგი რეგულარულად უწევდა საზოგადოებას ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მისი ორგანიზაციული განვითარებისა და არჩევნების მონიტორინგის უნარ-ჩვევების დასახვეწად; ასევე შემდეგი პროგრამების განსახორციელებლად: სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამები, საკონსტიტუციო უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ასამაღლებლად ბიულეტენების გამოცემა, ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე უფლებადაცვითი კამპანიების ჩატარება, ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე არჩეული პირებისთვის რეკომენდაციების გაწევა, რათა მათ უკეთ შესძლებოდათ ამომრჩეველთა საჭიროებების გათვალისწინება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მონიტორინგი გაუწია საქართველოში ჩატარებულ მრავალ არჩევნებს და მოამზადა ანგარიშები ჩატარებული არჩევნების შესახებ; ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად NDI დახმარებას უწევდა ადგილობრივ მმართველებს შეხვედრების ორგანიზებაში, რომლებიც მმართველობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და ჩართვას ისახავდა მიზნად. NDI და სამართლიანი არჩევნები ხელს უწყობდნენ სამოქალაქო საკონსულტაციო კომიტეტების ჩამოყალიბებას, მოხალისეთა მიერ დაკომპლექტებული სამოქალაქო ჯგუფებს, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ არჩეული მმართველებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უკეთ გათვალისწინებაში. 2001 წლის თვითმმართველობისა და 2003 წლების საპარლამენტო არჩევნებისთვის NDI-მ დახმარება გაუწია მრავალ პარტიას ადგილობრივი ორგანიზაციების განვითარებაში, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე აქტივისტთა მომზადებაში ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: კამპანიების ორგანიზება, აგიტაცია-პროპაგანდა, ახალი წევრების მოზიდვა, ამომრჩევლებთან ურთიერთობა (მედია, მესიჯის ჩამოყალიბება და მიწოდება). ამასთან, NDI ეხმარებოდა ოპოზიციურ პარტიებს, საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე რომ ეთანამშრომლათ და შეთანხმებისთვის მიეღწიათ. 2004 წელს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ NDI-მ პარტიის წევრებს ახალ ქართულ პოლიტიკურ გარემოსთან და დემოკრატიზაციის ახალ გამოწვევებთან შეგუების მიზნით, საკუთარი პარტიების როლის გადახედვა შესთავაზა, ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მიუთითა, რისი აუცილებლობაც მმართველი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებულმა სიძლიერემ და პოპულარობამ შექმნა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ NDI კვლავ განაგრძობს მუშაობას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა მისი მუშაობა მთლიანად პარლამენტშია კონცენტრირებული. პოლიტიკურ პარტიებთან სხვა დონორი ორგანიზაციებიც თანამშრომლობენ, თუმცა მათი მუშაობა მათთვის საინტერესო სპეციფიკური თემატიკით (საარჩევნო სისტემა, ქალთა ჩართულობა და სხვა) შემოიფარგლება. გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში არა „აქტორზე ორიენტირებულ“, არამედ „თემატიკაზე ორიენტირებული“ მუშაობის პრინციპით საქმიანობს. შესაბამისად, ის არ შემოიფარგლება ერთ კონკრეტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობით, მით უმეტეს, რომ, მისი აზრით, მსგავსი პარტია საქართველოში არ არსებობს. მათ და ასევე სხვა გერმანული ფონდების - კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის - მიერ განხორციელებული პროექტები, ჩვეულებრივ, კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდებისა და დისკუსიების ჩატარებას გულისხმობს. ეს და სხვა ორგანიზაციების პროგრამები, ხშირად დონორი ორგანიზაციების პარტნიორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ და უმეტეს შემთხვევაში მთავარ ინიციატორებადაც გვევლინებიან. სამწუხაროდ, პროგრამების უმრავლესობა ხშირად ერთჯერადია და არასისტემურ ხასიათს ატარებს. ისინი, არსებითად, ინდივიდუალური პარტიების მუშაობის გაუმჯობესებაზე არიან მიმართულნი და პარტიათშორის ურთიერთობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური აქტორი აღიარებს საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროებას სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნის აუცილებლობაში. მათი განცხადებით, საერთაშორისო აქტორებმა მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმონ ერთმანეთში უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურად ინფორმაციის გაცვლას. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ სტაბილური გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია მრავალპარტიული დიალოგისა და პარტიათაშორისი თანამშრომლობის კულტურის განსავითარებლად, რომელშიც ჩართული იქნება ყველა ძირითადი, მათ შორის, არასაპარლამენტო პარტიები.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9