1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

ერთადერთი წარმატებული მემარცხენე ძალა საქართველოში ლეიბორისტული პარტიაა. იგი 1995 წელს დაარსდა. 1999 და 2004 წლის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე პარტია საკმაოდ მიახლოებული იყო საარჩევნო ბარიერს. მისი ყველაზე დიდი საარჩევნო წარმატება იყო 1998 და 2002 წლის ადგილობრივი არჩევნები, კერძოდ, 2002 წლის არჩევნებზე, პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა თბილისის საკრებულოში. პარტიის შექმნა გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში სოციალურად დაუცველი ფენის წარმოქმნამ განაპირობა. პარტიამ მიზნად დაისახა მძიმე სოციალურ პირობებში ჩავარდნილი საშუალო კლასის ინტერესების დაცვა და დასავლური ტიპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიად ჩამოყალიბება. ამჟამად პარტია აქტიურად აყენებს არსებული ფასიანი განათლების და ჯანდაცვის სისტემების გვერდით უფასო სისტემების შექმნის საკითხს, ასევე კომუნალური გადასახადების შემცირების და სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვილი მოსამსახურეების სოციალური დაცვის საკითხებს. იგი მიწის (ნაწილობრივ) სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენას ემხრობა და მიაჩნია, რომ არც ენერგეტიკის გენერაციის ობიექტების განკერძოება უნდა მოხდეს, ვიდრე სახელმწიფოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. პარტიას პრიორიტეტად მიაჩნია ადგილობრივი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო, წარმოების ხელშეწყობა, რაც, ძირითადად, საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის საშუალებით უნდა განხორციელდეს. ამავე დროს იგი მხარს უჭერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ტრადიციული კულტურული ღირებულებების და ცხოვრების წესის განმტკიცება-შენარჩუნებას. ამასთან, მიაჩნია, რომ დაცული უნდა იქნეს ყველა სხვა რელიგიური დენომინაციის უფლებები. ორგანიზაციული სტრუქტურა: პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და შიდა ურთიერთობებს წესდება არეგულირებს. ის 1995 წელს მიიღეს; მცირედი ცვლილებები 1998 და 2002 წლებში განიცადა, თუმცა საბაზისო პრინციპები თითქმის არ შეცვლილა. ლეიბორისტული პარტია სხვა პარტიებთან შედარებით საკმაოდ მარტივი ორგანიზაციული სტრუქტურით გამოირჩევა. პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი რგოლი ცენტრალური ოფისია; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პარტიის ყრილობასა და პოლიტიკურ კომიტეტზე მიიღება. მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას საკითხი წინასწარი განხილვისთვის რაიონულ ორგანიზაციებს ურიგდებათ. ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი შენიშვნები მოამზადონ, შეაჯერონ წინადადებები და ცენტრალურ ოფისს წერილობით აცნობონ. სადავო საკითხის შემთხვევაში გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, თუ ხმები გაიყო, გადამწყვეტი ხმის უფლება თავმჯდომარეს ენიჭება. ცენტრალურ ოფისში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება კი სავალდებულოა ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. იგი უფლებამოსილია, თუ დელეგატთა ორი მესამედი მაინც ესწრება და გადაწყვეტილებებს დამსწრეთა უმრავლესობით იღებს. ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოვალეობას წარმოადგენს: - წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; - პარტიის თავმჯდომარის არჩევა და პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ანგარიშის მოსმენა; - პარტიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პოლიტიკური კომიტეტის არჩევა; - სარევიზიო კომისიის არჩევა და მისი ანგარიშების მოსმენა; - პარტიის აღმასრულებელი ორგანო 25 წევრისგან (პარტიის თავმჯდომარის ჩათვლით) შემდგარი პოლიტიკური კომიტეტია. მას ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა და ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბოს. კომიტეტის ყოველდღიურ საქმიანობას ბიურო და მდივნები წარმართავენ. ბიურო, ჩვეულებრივ, ათი წევრისგან შედგება, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინებით კომიტეტი ამტკიცებს. კომიტეტის უფლება-მოვალეობებია; - ხმათა ორი მესამედით მიიღოს ან გარიცხოს პარტიის წევრი, დანიშნოს ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; - უზრუნველყოს ყრილობის ჩატარება; - ყრილობათა შორის პერიოდში განაგოს პარტიის ქონება. უმაღლესი შიდაპარტიული თანამდებობა პარტიის თავმჯდომარეობაა. იგი წარმოადგენს პარტიას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ და ხელს აწერს პარტიის ოფიციალურ დოკუმენტებს. მას ასევე შეუძლია მართოს პარტიის ფინანსური სახსრები და ქონება. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობების ბაზისი პირველადი ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო უბნების მიხედვით იქმნება და იმ შემთხვევაში არსდება, თუ უბანში პარტიას სამი აქტივისტი მაინც ჰყავს. მას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. მისი მთავარი ფუნქციაა ახალი წევრების გაწევრიანება, აგიტაცია-პროპაგანდა და პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ წევრების ინფორმირება. ამასთან, ისინი აგროვებენ ინფორმაციას მათ საკურატორო ზონაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, კომუნალურ ან სოციალურ საკითხებს ეხება. პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეები ასევე ვალდებულნი არიან არჩევნების დროს უზრუნველყონ მხარდამჭერთა გააქტიურება და საარჩევნო უბნებამდე მისვლა. საშუალოდ 8-12 პირველადი ორგანიზაცია ერთ საკურატორო ზონაში ერთიანდება. მას კურატორი ხელმძღვანელობს, რომელიც პასუხისმგებელია ადგილზე პარტიული საქმიანობის წარმატებულ მუშაობაზე. ზონის კოორდინატორი ამავე დროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა და გარკვეულ მიმართულებებს ხელმძღვანელობს. კურატორს მოადგილე - ვიცე-კურატორი - ჰყავს, რომელიც მის საქმიანობაში თანაშემწის როლს ასრულებს. ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების მთავარი რგოლი რაიონული ორგანიზაციებია. ისინი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე პარტიული მუშაობის წარმართვას ხელმძღვანელობენ. რიონულ ორგანიზაციებში ინახება პირველადი ორგანიზაციებისა და საკურატორო ზონების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიები და მხარდამჭერთა და წევრთა მონაცემები. რაიონულ ორგანიზაციას თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით პოლიტიკური კომიტეტი ამტკიცებს ხმათა ორი მესამედით. რაიონული ორგანიზაციის მთავარი შემოსავლის წყარო საწევრო გადასახადები ან წევრების მიერ გაკეთებული მცირედი შემოწირულობებია. დღეისთვის რაიონული ორგანიზაციების მიერ მოზიდული სახსრები, ძირითადად, მეგობრის მიერ იაფად დათმობილი საოფისე ფართი, სკამები და მაგიდებია. რაც შეეხება საწევროებს, ის 30 თეთრს შეადგენს. ამ შემოსავლის ნახევარი რაიონში რჩება, დანარჩენი კი ცენტრში იგზავნება. ხშირად, თუ ეს წილი საკმარისი არ არის ოფისის ხარჯების დასაფარად, შემოსული თანხის 100% ადგილზე რჩება და ორგანიზაციას ხმარდება. თუმცა, ამისთვის რაიონის ხელმძღვანელობა ვალდებულია, ცენტრალურ ოფისს ახსნა-განმარტება წარუდგინოს. პარტიის ძირითადი სტრუქტურული ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქალთა საბჭო. ეს ორგანიზაციები წარმოდგენილნი არიან როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში. მათ სტრუქტურულ ერთეულებს თავმჯდომარეები ხელმძღვანელობენ. ქალთა საბჭო, ანუ იგივე პედაგოგთა საბჭო, ძირითადად, სკოლისა და ბაგა-ბაღის მასწავლებლებს აერთიანებს. მათი მთავარი მოვალეობა მრავალშვილიან დედათა, სოციალურად დაუცველ ოჯახთა აღწერა და პრობლემების შესწავლაა. ისინი ასევე ამოწმებენ სახელმწიფო დახმარებების მიზანმიმართულად ხარჯვის საკითხსაც. წევრობა: პარტიის წევრობის გაცემის საკითხს პოლიტიკური კომიტეტი წყვეტს. მსურველი ვალდებულია დაწეროს განცხადება, რომელსაც მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე შესაბამის ტერიტორიულ ორგანიზაციაში წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარტიის კომიტეტი იღებს. დღეისთვის პარტია გაწევრიანების პროცედურის გამკაცრებას აპირებს, რაც მისი სტრუქტურული განვითარების პრინციპების შეცვლასთან არის დაკავშირებული. თუ თავისი არსებობის პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში პარტია წევრების რაიოდენობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული, ამჟამად ის აქცენტს ხარისხზე გააკეთებს. კერძოდ, წევრების მიღების მოთხოვნების გამკაცრებით ისინი შეეცდებიან, მხოლოდ ღირსეული და აქტიური ადამიანები მიიღონ. პარტიას არ სჭირდება წევრი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იქნება და არც ერთ პარტიულ დავალებას არ შეასრულებს. ლეიბორისტული პარტიის წევრობის მსურველი ვალდებულია, განცხადებასთან ერთად პარტიის წევრის რეკომენდაცია წარმოადგინოს. თუ რეკომენდატორი არ ჰყავს, მაშინ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პარტიის აქტივისტები მასზე ინფორმაციას შეაგროვებენ. კერძოდ, იყო თუ არა სხვა პარტიის წევრი, რა შეიძლება იყოს მისი ინიციატივის რეალური მოტივი და ა.შ. მართალია, პარტია ამჟამად არ არის ორიენტირებული წევრების რაოდენობის გაზრდაზე, მაგრამ მიჩნეულია, რომ ყველა პირველადმა ორგანიზაციამ თვეში ერთი წევრი მაინც უნდა გააწევრიანოს. ახალი წევრების მიღების დროს პარტია ინტერესდება განმცხადებლის პროფესიითა და ინტერესთა სფეროთი. ეს ინფორმაცია წევრთა ჟურნალში შეაქვთ, რომელიც ყველა ადგილობრივ წარმომადგენლობით ოფისში ინახება. ამ ჟურნალში მითითებულია წევრთა დაბადების დღეებიც. პირველადი ორგანიზაციისა და ზონის აქტივისტები პარტიის ყველა წევრს დაბადების დღეს და დღესასწაულებს ტელეფონით რეგულარულად ულოცავენ, იჩენენ ყურადღებას, რომელიც ყველას სიამოვნებს. პარტიის წევრი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს პარტიულ ღონისძიებაში, შეასრულოს ზემდგომი ორგანოს მითითებები და ვალდებულებები, რეგულარულად გადაიხადოს საწევრო გადასახადები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირიცხება პარტიის რიგებიდან. ხდება ისეც, რომ, რომ პარტიის წევრი ხელმოკლეობის გამო ვერ იხდის საწევრო გადასახადს ან ვერ მონაწილეობს პარტიის აქტივობებში. ასეთ შემთხვევაში ის არ ტოვებს პარტიას, მას განსაკუთრებულ შეღავათებს ანიჭებენ ან/და სხვა წევრების დახმარებით ცდილობენ მისი ფინანსური დავალიანების დაფარვას. ლეიბორისტულ პარტიას წევრთა გადინების პრობლემა ვარდების რევოლუციისა და მის შემდგომ პერიოდში დაუდგა. პარტია დაახლოებით წევრების 15-17%-მა დატოვა. მიზეზი რევოლუციის მიმართ დაკავებული პოზიცია იყო. წევრთა ნაკლებ აქტიურ ნაწილს მიაჩნდა, რომ 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მხარე უნდა დაეჭირათ; მათ ნებაყოფლობით დატოვეს პარტიის რიგები. პარტია თავად იყო ურაყოფითად განწყობილი შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არ თანამშრომლობდა სააკაშვილთან. პარტიის ცნობით, უკანასკნელ პერიოდში კვლავ გაიზარდა პარტიის წევრთა რაოდენობა. პარტიიდან წევრის გარიცხვის უფლება-მოსილება პოლიტიკურ კომიტეტს აქვს. მიზეზი პარტიის წესდების, პროგრამის ან მიზნების საწინააღმდეგო ქმედება, პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა ან საწევროს ოთხი თვის განმავლობაში გადაუხდელობა (გამონაკლისის გარდა) შეიძლება გახდეს. წევრობის პარალელურად პარტიაში ახლად ყალიბდება მხარდამჭერთა ინსტიტუტი. მხარდამჭერებში ერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალ არჩევნებზე აპირებენ ხმა ლეიბორისტულ პარტიას მისცენ და ის წევრები, რომლებსაც პარტიულ საქმიანობაში პასიურობის გამო ჩამოართვეს წევრის სტატუსი, მაგრამ კვლავ ინარჩუნებენ პარტიის მიმართ სიმპათიებს. მხარდამჭერთა სიები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კლუბების მიერ დგება და რაიონულ ოფისებში ინახება. პარტიაში თითქმის ზუსტად იციან მომავალ არჩვენებზე მხარდაჭერის ის (მინიმალური) პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს. პარტიაში დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამომრჩეველთა სიების გაკონტორლებას და ხარვეზების აღმოფხვრას. საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები: პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი და ყველაზე ეფექტური საშუალება აგიტაციაა. ლეიბორისულმა პარტიამ აგიტაციის ორიგინალურ მეთოდს მიაგნო: ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღლა მსჯელობენ პარტიის საქმიანობის და პროგრამის შესახებ, და ამით გარშემო მყოფებს აინტერესებენ. აგიტაციის დროს წევრები მოსახლეობაში არა მარტო პარტიულ ინფორმაციას ავრცელებენ, არამედ ისმენენ მოსახლეობის პრობლემებს და ახდენენ მათი ინტერესების აგრეგაციას. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული სამსახური მხოლოდ ცენტრალურ ოფისშია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი წარმომადგელობითი ორგანოები ცენტრალურ პრეს-სამსახურს მიმართავენ დასახმარებლად. თავად პარტიას არ აქვს საკუთარი ინფორმაციის გავრცელების ბეჭდვითი ან ელექტორნული საშუალება და მთლიანად დამოკიდებულია მას-მედიაზე. ამ უკანასკნელის ყურადღების მიპყრობა კი საკმაოდ რთულია; პარტიაში ჩივიან, რომ მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაცია მიკერძოებულია და დაუბალანსებელი. საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ ერთი ორიგინალური ხერხი, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ გამოიყენა, აუდიო-კასეტების გავრცელებაა. პარტიამ საზოგადოებისადმი თავმჯდომარის მიმართვის აუდიო-ჩანაწერი გააკეთა, გაამრავლა და კასეტები იმ რეგიონებში გაავრცელა, სადაც ინფორმაცია ცენტრიდან საკმაოდ იშვიათად აღწევს. მიუხედავად ამისა, პარტიაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებასთან და მხარდამჭერებთან ურთიერთობის ტექნოლოგიები დახვეწას საჭიროებს. გარდა ამისა, პარტიის შიგნით ცალკეულ თანამდებობებს ბევრი ვალდებულება აქვთ გაწერილი, რაც პარტიის საქმიანობის ეფექტურობას ამცირებს. კერძოდ, პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალდებულია, არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე იყოს; მაგრამ თუ ამ მოვალეობას სხვა შეასრულებდა, ის შეძლებდა მხარდაჭერების მობილიზებას. ასე რომ, უფლება მოვალეობების ხელახლა გადახედვა და გადანაწილება ხელს შეუწყობდა პარტიის მუშაობის შედეგიანობის ზრდას. პარტია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან. ის ჩართულია IRI-ის მიერ ორგანიზებულ პროექტებში; მისი წევრები ამ ორგანიზაციის მიერ დაარსებულ საარჩევნო მენეჯერთა აკადემიაში გადიან გადამზადებას. პარტია უცხო ქვეყნების მონათესავე პოლიტიკურ გაერთიანებებთან ამ პარტიების მიერ დაარსებულ ფონდებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობს. ის ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ვესტმისტერისა და ალფრედ მოზერის ფონდების, ასევე დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. პარტია ესწრაფვის სოციალისტურ ინტერნაციონალსა და ევროპელ სოციალისტთა პარტიასთან გაერთიანებას.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9