1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება ახალი მემარჯვენეები

პარტია ახალი მემარჯვენეები, საქართველოს მესამე მოწვევის (1999 - 2003 წლის) პარლამენტში შქმნილი ფრაქციის ბაზაზე ჩამოყალიბდა. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით პარლამენტში მოხვედრილი ახალგაზრდა ბიზნესმენები გაემიჯნენ საპარლამენტო უმრავლესობას, გაერთიანდნენ ფრაქციაში - ახალი ფრაქცია და მის საფუძველზე 2001 წელს დაარსეს პარტია - ახალი მემარჯვენეები. მმართველი პარტიის - საქართველოს მოქალაქეთა კავშირის - დატოვების მიზეზი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიუღებლობა გახდა. ახალგაზრდა წარმატებულმა ბიზნესმენებმა პოლიტიკური საქმიანობა ქვეყნის ბიზნეს-სექტორის ინტერესების საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობისა და დაცვის მიზნით დაიწყეს, მაგრამ რამდენადაც მათი ხედვა არ დაემთხვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, მათ საკუთარი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. 2004 წლის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე პარტიასთან - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - ერთად, ერთიანი საკანდიდატო სია შეიმუშავა და ამომრჩეველთა 7.6% მხარდაჭერა მოიპოვა. 2006 წლის თებერვლამდე ორივე პარტია ერთ საპარლამენტო ფრაქციაში იყო გაერთიანებული. პარტიის მთავარი მიზანი ეკონომიკის სფეროს ლიბერალიზაცია და კერძო ინიციატივების წახალისებაა. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის აუცილებლობის აღიარების გარდა, პარტიის იდეოლოგიური იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია ტრადიციული კულტურული ღირებულებების, ნორმების, ცხოვრების წესის დაცვა და შენარჩუნება. ორგანიზაციული სტრუქტურა: პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მიზნებს და საქმიანობის ფორმებს წესდება განსაზღვრავს. ის პარტიის დამფუძნებელ კრებაზე 2001 წელს მიიღეს. წესდება საკმაოდ დეტალურად განსაზღვრავს ყველა სრტუქტურული ერთეულის მოქმედების არეალს, სტრუქტურათაშორის ურთიერთობების პროცედურებს და პარტიის შიდა თანამდებობების უფლება-მოვალეობებს. ამ წესდების მიხედვით პარტიის ცნტრალურ მმართველობით ორგანოში გამოყოფილია ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და სარევიზიო სტრუქტურული ერთეულები, ხოლო ტერიტორიულ წარმომადგენლობები ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის პრინციპზე დაყრდნობით არის შექმნილი. ახალ მემარჯვენეებში ტერიტორიული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი თანამდებობები არჩევითია, მაგრამ ზემდგომი ორგანოების მიერ დამტკიცებას საჭიროებენ. გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბება. ყრილობაში მონაწილეობზე საშუალოდ პარტიის ოთხას წევრს ერთი დელეგატი წარმოადგენს. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას დელეგატთა ნახევარზე მეტი ესწრება. გადაწყვეტილებათა უმეტესობა დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით მიიღება. გამონაკლისებია: წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, გაერთიანების რეორგანიზაცია ან თვითლიკვიდაცია, პროგრამის მიღება, თავმჯდომარის, ორი თანათავმჯდომარის, გენერალური მდივნისა და მთავარი კომიტეტის ოთხი წლის ვადით არჩევა. ამ გადაწყვეტილებების მიღებას ყრილობის დამსწრეთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. ყრილობა ასევე ირჩევს პრეზიდენტობის კანდიდატს, ისმენს და ამტკიცებს თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშებს. ყრილობის შორის პერიოდში პარტიას პოლიტიკური საბჭო მართავს. მასში ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ხელისუფლებაში წარმოდგენილი პარტიის წევრი ერთიანდება. იგი ექვს თვეში ერთხელ იკრიბება და ამტკიცებს ბიუჯეტს, განსაზღვრავს საწევრო შენატანს, ისმენს ანგარიშებს, ამტკიცებს პარტიულ საარჩევნო სიებს და მაჟორიტარ კანდიდატებს, იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებასა და ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით. გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო მთავარი კომიტეტია. მასში 17 წევრია, მათ შორის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები და გენერალური მდივანი. კომიტეტს შეუძლია: - გაერთიანების სახელით განცხადებების გაკეთება; - რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და ბიუროს წევრთა დამტკიცება; - საპარლამენტო სიის დაკომპლექტება; - რაიონული და რეგიონული ორგანიზაციების წლიური ბიუჯეტების დამტკიცება. პარტიის შიდა უმაღლესი თანამდებობა თავმჯდომარეა. პარტიის თავმჯდომარე ერთდროულად პოლიტიკური საბჭოსა და მთავარი კომიტეტის თავმჯდომარეც არის. ის პარტიის წარმომადგენელია, რომელსაც ორგანიზაციის სახელით შეუძლია განცხადებების გაკეთება. იგი არჩევნების დროს ვალდებულია ჩამოაყალიბოს საარჩევნო შტაბი, გაწეროს მისი დებულება და სტრუქტურა და დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავარ კომიტეტს. პარტიის ორგანიზაციულ სამუშაოებს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს; იგი კოორდინაციას უწევს გაერთიანების აპარატის მუშაობას. მას შეუძლია აპარატის თანამშრომლების დანიშვნა/განთავისუფლება. იგი განკარგავს თანხებს პოლიტიკური საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. პარტიის მაკონტროლირებელი ორგანოა სარევიზიო კომისია. ის ხუთი წევრისგან შედგება; კომისიას ირჩევს ყრილობა ოთხი წლის ვადით. კომისიას ევალება ყოველწლიურად განახორციელოს საფინანსო-საბუღალტრო, სამეურნეო და იურიდიული რევიზია. მისი სხდომები ექვს თვეში ერთხელ მაინც იმართება და ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე. პარტიის მთავარი ტერიტორიული წარმომადგენლობებია რეგიონული, რაიონული და პირველადი ორგანიზაციები. თითოეული მათგანის უმაღლესი ორგანო წევრთა კრებაა, რომელიც საშუალოდ წელიწადში ერთხელ ტარდება. კრებაზე ირჩევენ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელსაც მოგვიანებით ზემდგომი ორგანო ამტკიცებს. თავმჯდომარესთან ერთად ტერიტორიული წარმომადგენლობების მართვაში ჩართულნი არიან ბიუროებიც. ბიურო, ჩვეულებრივ, ხუთი წევრისგან შედგება, თუმცა მის სხდომებში მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე წარმოდგენილი ფუნქციური ორგანიზაციების (ქალთა და ახალგაზრდათა ორგანიზაციების) თავმჯდომარეებიც იღებენ. ბიურო ადგილობრივი მასშტაბით გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ის გაგემავს და წარმართავს პარტიულ მუშაობას და ანგარიშვალდებულია ცენტრალური მმართველობითი ორგანოს წინაშე. ტერიტორიული წარმომადგენლობების ბაზისი პირველადი ორგანიზაციაა, რომელიც რაიონული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით იქმნება. მისი საქმიანობა, ჩვეულებრივ, საარჩევნო პერიოდში აქტიურდება; არასაარჩევნო პერიოდში მისი წევრები ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას, აწარმოებენ გამოკითხვებს, აღწერენ მოსახლეობას, მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს. პირველადი ორგანიზაციები რაიონულში ერთიანდებიან. ამ ორ ერთეულს შორის საჭიროების შემთხვევაში იქმნება დამატებითი რგოლი - ზონალური ორგანიზაცია. ის პირველად და რაიონულ ორგანიზაციებს შორის შუამავლის როლს ასრულებს და ინფორმაციის სწრაფ გაცვლას და საქმიანობის კოორდინაციას უწყობს ხელს. რაიონული ორგანიზაცია საარჩევნო ოლქების გავრცელებას ემთხვევა. ორგანიზაციის უშუალო მოვალეობაა ზედამხედველობა გაუწიოს პარტიული საქმიანობის წარმართვას ადგილობრივ დონეზე, შეკრიბოს ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ყოველწლიურად განაახლოს წევრთა მონაცემთა ბაზა და მოკრიბოს საწევრო გადასახადები. მას შეუძლია მიიღოს ან გარიცხოს წევრი და მთავარ კომიტეტს წარუდგინოს მაჟორიტარობის კანდიდატი. რაიონულ ორგანიზაციას აქვს უფლება, საკუთარი ძალებით მოიზიდოს ფინანსები ადგილობრივი მასშტაბის ღონისძიების ჩასატარებლად. ჩვეულებრივ, ეს სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებია, რომლებშიც ადგილობრივი მეწარმეები ჯილდოების და ექსკურსიების ხარჯებს ფარავენ. ამჟამად მთავარ დაფინანსებას რაიონი მაინც ცენტრიდან იღებს. ეს თანხები, ძირითადად, ოფისის ხარჯებს ხმარდება. ორგანიზაციაში ანაზღაურებადი თავმჯდომარისა და ტექნიკური პერსონალის, კერძოდ, მდივან-რეფერენტისა და საარჩევნო სპეციალისტის პოზიციებია. რაიონული ორგანიზაციის მასშტაბით, პარტიას სხვადასხვა საკითხზე მომუშავე წევრები ჰყავს, იქნება ეს იურიდიული, სოციალური, კომუნალური თუ სხვა საკითხები. მათი დახმარება, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება საჭირო, როცა ორგანიზაციაში მოქალაქე მიდის და კონსულტაციას ითხოვს. რაიონული ორგანიზაციის წევრები ცდილობენ, სოციალურად დაუცველ ფენებს ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინონ. ისინი შუამდგომლობენ ცენტრალურ ოფისთან და დახმარების პროექტებს ახორციელებენ, კერძოდ, მრავალშვილიან დედებსა და ას წელს გადაცილებულ მოხუცებს უფასო სადილის და სამედიცინო დახმარების ტალონებს ურიგებენ. ეს ინიციატივები, ძირითადად, რაიონული ორგანიზაციის ქალთა კლუბის მიერ ხორციელდება. ამგვარ აქტივობაში ქალთა კლუბის ცენტრალური ოფისიც ერთვება. რაიონული ორგანიზაცია პარტიისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მომენტში მაშინ ერთვება, როდესაც განსახილველ წინადადებას ცენტრალური ოფისი წერილობით უგზავნის. საკითხის განსახილველად იკრიბება ბიურო და წევრთა დამოკიდებულების შეჯერების შემდეგ შენიშვნებს ცენტრში აგზავნის. ძირითადად, რაიონული ორგანიზაცია პარტიის სტრუქტურის შემსრულებელი ორგანოა. ის მითითებებს ცენტრალური ოფისიდან იღებს, მაგრამ ადგილზე არჩევს მისი განხორციელების გზებს. რაიონულ და ცენტრალურ ორგანიზაციებს შორის შუალედური ორგანო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც პარტიული საქმიანობის შესრულებას უწევს კოორდინაციას რეგიონში. იგი ადგილობრივ დონეზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს მთავარ კომიტეტს, პოლიტიკურ საბჭოსა და სარევიზიო კომისიას. პარტიაში არსებობს ქალთა კლუბი და ახალგაზრდული ორგანიზაცია. ამ უკანასკნელის რესურსები ხშირად კარდაკარ ჩასატარებელი პროგრამების განსახორციელებლად გამოიყენება. ახალგაზრდების მოზიდვისა და დასაქმების მიზნით, პარტია მათი მონაწილეობით მრავალ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას აწყობს. 2002-03 წლებში პროგრამა ძეგლის ფარგლებში ათასობით ახლაგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში ტაძრების აღდგენით სამუშაოებზე გაემგზავრა. განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდებისთვის პარტიას გახსნილი აქვთ კომპიუტერის, უცხო ენისა და საბუღალტრო კურსები. ქალთა კლუბი წარმოდგენილია როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში. მისი მთავარი ფუნქცია მრავალშვილიან დედათა და ინვალიდთა პრობლემების შესწავლა და დახმარებაა. პარტიის ეგიდით გაცემული ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და უფასო კვების/სამედიცინო დახმარების ტალონების პროგრამა სწორედ ქალთა კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა. წევრობა: პარტიაში წევრების მიღების წესს პარტიის წესდება განსაზღვრავს. პარტიაში გაწევრიანების მსურველი ვალდებულია შეავსოს წევრის ანკეტა, რომელშიც უთითებს პირად მონაცემებს, განათლებას, პროფესიას და ინტერესთა სფეროს. მოგვიანებით მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ზონის კოორდინატორი მის პოლიტიკურ წარსულსა და პარტიაში გაწევრიანების შესაძლო მიზეზებზე აგროვებს ინფორმაციას. პარტიაში მიღების კანდიდატი სამ ძირითად პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს სრულუფლებიანი მოქალაქე, იზიარებდეს მემარჯვენე ორიენტაციას და იყოს სანდო პიროვნება. პარტიაში აღიარებენ, რომ სანდოობის შემოწმება ძალიან რთულია, თუმცა მიაჩნიათ, რომ განმცხადებელთან გასაუბრება და მისი პოლიტიკური წარსულის შესწავლა მართებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა. წევრების მიღებასთან ერთად პარტიაში საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევად მათი შენარჩუნება ითვლება. ვარდების რევოლუციის დროს და მის შემდგომ პერიოდში ახალი მემარჯვენეები წევრთა საშუალოდ 15%-მა დატოვა. მართალია, ისინი ძირითადად პასიური წევრები იყვნენ, მაგრამ ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა პარტიას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ წევრების შესანარჩუნებლად აუცილებელია, პარტიაში იყოს განწყობა, რომ პარტიის წევრს ისე სჭირდება პარტია, როგორც პარტიას თავისი წევრი. პარტიამ თავის წევრებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება უნდა მისცეს და დააკმაყოფილოს მათი ჯანსაღი ამბიციები. პარტიიდან გასვლა ნებაყოფლობითია და ის მსურველის მიერ წარდგენილი განცხადების დღიდანვე შედის ძალაში. წევრის გარიცხვის უფლება რაიონული ორგანიზაციის ბიუროს აქვს. ამ სანქციის დაწესების მიზეზი შეიძლება გახდეს წევრის ქმდება, რომელიც ზიანს აყენებს პარტიის იმიჯს, ლახავს მის ინტერესებს ან ხელს უშლის პარტიული გადაწყვეტილებების შესრულებას. პარტიაში არ არის კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების რაიმე ფორმალური მექანიზმი გარდა წესდებისა. ეს უკანასკნელიც მხოლოდ უკიდურეს სანქციას - გარიცხვას - არეგულირებს. ასე რომ, კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების ერთადერთი საშუალება შიდა არაფორმალური განხილვებია. საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები: პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობა ორი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ სხვადასხვა საშუალებით ხდება. რაიონული ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული სამსახური, მოსახლეობასთან კონტაქტს პირადი შეხვედრებით ახერხებს. პირველადი ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრი ყოველდღიური ურთიერთობებისას იგებს მოქალაქეთა პრობლემებს და აცნობს მათ პარტიის საქმიანობას. პარტიის ცენტრალური მმართველობითი ორგანო კი, ჩვეულებრივ, საზოგადოებას მას-მედიის საშუალებით ეხმიანება. პარტიაში ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ მედიის პასიური და არაობიექტური დამოკიდებულების გამო, მაგრამ რაკი საკუთარი ელექტრონული მედია-საშუალება არ გააჩნიათ (გარდა ვებ-გვერდისა: www.ncp.ge), მაინც მზად არიან ითანამშრომლონ მედიასთან. პარტიას არც რეგულარული ბეჭდვითი ორგანო აქვს, თუმცა წინასაარჩევნოდ ხშირად ხდება პარტიის პროგრამის დიდი ტირაჟით დაბეჭდვა და გავრცელება. პარტია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ის აქტიურად იყო ჩართული NDI-სა და IRI-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში. ამ უკანასკნელთა მიერ გადამზადებული საარჩევნო კონსულტანტთა უმრავლესობა ტერიტორიულ ორგანიზაციაში არიან დაკავებულნი ანაზღაურებად პოზიციებზე. პარტიას ასევე მჭიდრო ურთიერთობა აქვს უცხო ქვეყნების მონათესავე პარტიებსა და პარტიულ გაერთიანებებთან. 2005 წლის აპრილიდან ახალმა მემარჯვენეებმა საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების (IDU) ასოცირებული წევრის სტატუსი მიიღო. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია კი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, მომავალ წელს კი პარტიის დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას გეგმავს. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პარტია ნორვეგიის, გერმანიის (ქრისტიან-დემოკრატები), საბერძნეთის (ნეა დემოკრატია), პოლონეთის (სამოქალაქო პლატფორმა) და უკრაინის (ნაშა უკრაინა) პოლიტიკურ გაერთიანებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9