1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

მრეწველობაა გადაარჩენს საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული პარტიაა ქვეყანაში, რომელიც არ შექმნილა საკანონმდებლო ორგანოში ჩამოყალიბებული ფრაქციის საფუძველზე. ის იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებრივი გაერთიანების - მრეწველთა კავშირის, ქართველი ბიზნესმენების ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა. პარტია 1999 წლის აპრილში დაარსდა. მისი დაარსების ინიციატორები და მომავალი ლიდერები ბიზნესის სექტორში მოღვაწე ადამიანები იყვნენ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და სურდათ მასზე გავლენა მოეხდინათ. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (პოლიტიკურ გაერთიანებასთან - საქართველოს სპორტსმენები - ერთიან ბლოკში) შეძლო მესამე ადგილის დაკავება და საარჩევნო ბარიერის გადალახვა, ხოლო 2004 წლის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე ახალ მემარჯვენეებთან ერთად 7.6%-ით მეორე ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ გადალახა საარჩევნო ბარიერი. 2006 წლის თებერვლამდე პარლამენტში წარმოდგენილი პარტიის წევრები ახალ მემარჯვენეებთან ერთად ერთ ფრაქციაში ერთიანდებოდნენ, თებერვლის შემდეგ კი მათ პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქცია ჩამოაყალიბეს. პარტიის პრიორიტეტი მისი შექმნიდან დღემდე ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა, რისი მიღწევაც საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციით უნდა მოხდეს. პარტია ხშირად გამოდის ქვეყნისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების კრიტიკით, რომლებიც, მისი აზრით, არაკონკურენტუნარიანს ხდის ადგილზე წარმოებულ პროდუქციას სხვა ქვეყნების ნაწარმთან შედარებით. პარტია ეკონომიკის განვითარებაში ხედავს ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემების, კერძოდ, სოციალური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გადაჭრას. პარტიის მთავარი მოწოდებაა: “გადავარჩინოთ მრეწველობა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“ ორგანიზაციული სტრუქტურა: პოლიტიკური მოძრაობის შიდა ურთიერთობებს, მიზანსა და მიღწევის გზებს განსაზღვრავს წესდება, რომელიც პირველ დამფუძნებელ ყრილობაზე 1999 წელს იქნა მიღებული. 2005 წელს მასში ცვლილებები შევიდა, თუმცა ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა. მოძრაობის უმაღლესი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბება. მასში მონაწილეობას იღებს არანაკლებ 200 დელეგატისა. ყრილობის მთავარი ფუნქციაა დაამტკიცოს, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს წესდებაში, შეაფასოს პარტიის მუშაობა, აირჩიოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივნები, სათათბიროს, მთავარი კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრები. პარტიის საქმიანობას ყრილობებს შორის სათათბირო ხელმძღვანელობს. იგი ოთხი წლის ვადით ირჩევა, რომლის წევრთა რაოდენობას ყრილობა ადგენს. სათათბირო სამ თვეში ერთხელ მაინც მოიწვევა და პარტიის სტრატეგიას და ტაქტიკას განსაზღვრავს. პარტიის აღმასრულებელი ორგანო მთავარი კომიტეტია; მის წევრებს სათათბირო წარადგენს და ყრილობა ამტკიცებს. იგი ვალდებულია უზრუნველყოს ყრილობისა და სათათბიროს გადაწყვეტილებების შესრულება. მთავარი კომიტეტის სხდომები თვეში ერთხელ მაინც ეწყობა. კომიტეტი პარტიასთან დაკავშირებით ყველა იმ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც არ განეკუთვენბა სათათბიროსა და ყრილობის განსაკუთრებულ პრეროგატივას. პარტიის საქმიანობას და ცენტრალური აპარატის მუშაობას მართავს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივნები. მათ ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა; იმავდროულად ისინი მთავარი კომიტეტის წევრებიც არიან. პარტიას სხვა სუბიექტებთან ურთიერთობაში წარმოადგენს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი - მოადგილე. პარტიის საფინანსო საქმიანობას სარევიზიო კომისია ხელმძღვანელობს. იგი ხუთი წევრისგან შედგება, რომლებსაც სათათბირო წარადგენს და ამტკიცებს ყრილობა ოთხი წლის ვადით. კომისია თავად განსაზღვრავს თავის მუშაობის წესს. მის განსაკუთრებულ სფეროს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია წარმოადგენს. კომისია ყოველწლიურად ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს სათათბიროს, ოთხ წელიწადში ერთხელ კი - ყრილობას. პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურის ტერიტორიული დაყოფის პრინციპი, ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპს იმეორებს. ტერიტორიული წარმომადგენლობის ბაზას პირველადი ორგანიზაციები ქმნიან, რომელთა გეგორაფიული გავრცელება საარჩევნო უბნების საზღვრებს ემთხვევა. პირველად ორგანიზაციებს ზონალური, რაიონული და რეგიონული ორგანიზაციები აერთიანებენ. პირველადი ორგანიზაციები ამომრჩევლებთან მუშაობის მთავარი სრტუქტურული ერთეულებია. ისინი აქტიურად საქმიანობენ საარჩევნო პერიოდში, არჩევნებს შორის პერიოდში კი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის აღწერით არიან დაკავებულნი. პირველადი ორგანიზაციის წევრები რეგულარულად დადიან კარდაკარ, იწერენ მოსახლეობის საპასპორტო მონაცემებს, ითვლიან რამდენ მოსახლეს აქვს საარჩევნო ხმის უფლება და რამდენია მათ შორის პარტიის მხარდამჭერი. პირველადი ორგანიზაციები ასევე პასუხისმგებელნი არიან ახალი წევრებისა და მხარდამჭერების მოზიდვის პოლიტიკის განხორციელებაზე. პირველადი ორგანიზაციების საქმიანობას კოორდინირებას რაიონული წარმომადგენლობები უწევენ. ხშირად ამ ორ ტერიტორიულ ორგანიზაციას შორის შუალედური სტრუქტურული ერთეული - ზონალური ორგანიზაციები იქმნება. ზონალურ ორგანიზაციებს დიდი გეოგრაფიული არეალის რაიონებში აარსებენ, სადაც ბევრია ამომრჩეველი. ზონალური ორგანიზაციები რაიონულ და პირველად ერთეულებს შორის მუშაობის კოოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობას უზრუნველყოფენ. რაიონული ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივი მასშტაბით პარტიულ საქმიანობაზე, რაც, ძირითადად, პარტიის წევრთა და ამომრჩეველთა სიების დადგენით, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოწყობით შემოიფარგლება. ამასთან, რაიონული ორგანიზაციები აგროვებენ და შეძლებისდაგვარად რეაგირებენ ადგილობრივ პრობლემებზე. კერძოდ, იურიდიული კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ ან კომუნალურ პრობლემებთან დაკავშირებით მოსახლეობა განცხადებით მიმართავს პარტიულ ორგანიზაციას და დახმარებას თხოვს. ეს უკანასკნელი, მიმართავს რა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ცდილობს საკუთარი აქტივობით პრობლემის გადაჭრას ხელი შეუწყოს. რაიონულ ორგანიზაციებში, ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, იქმნება კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე მომუშავე საბჭოები. მათ შორის ეთნიკური უმცირესობების და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე ორიენტირებული საბჭოები. პარტიულ ორგანიზაციაში ცდილობენ, რომ საბჭოებს თავად ამ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა უხელმძღვანელონ, რაც განაპირობებს საბჭოს მუშაობის მიზანმიმართულობას და ეფექტურობას. ფუნქციობენ ახალგაზრდათა და ქალთა ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობები. ისინი ჩართულნი არიან ადგილობრივ დონეზე აგიტაცია-პროპაგანდისა და კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში. რაიონული ორგანიზაციები რეგიონულ წარმომადგენლობებში ერთიანდებიან. მათ საქმიანობას თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, რომელსაც ადგილობრივი წევრები ირჩევენ და ზემდგომი ორგანო ამტკიცებს. რეგიონული, ისევე როგორც რაიონული ორგანიზაციები, პარტიის წესდების მიხედვით ვალდებულნი არიან ყოველ კვარტალში საქმიანობის ანგარიში წარუდგინონ მთავარ კომიტეტს. პარტიის ძირითადი სტრუქტურის პარალელურად მუშაობს ახალგაზრდათა და ქალთა ორგანიზაციაც. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა სპორტსმენები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პარტიის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში. ხშირად გამოიყენება ახალგაზრდული რესურსები ამომრჩეველთა შორის ინფორმაციის გავრცელების და კარდაკარ პროგრამების ჩასატარებლად. პარტიის ქალთა ორგანიზაცია, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ფენების პრობლემების შესწავლითა და დახმარებით არის დაკავებული. ისინი ხშირად მატერიალურ დახმარებას უწევენ უსახლკარო ბავშვებს, მრავალშვილიან დედებს და ახალგაზრდა ხელოვანებს. პარტიის ქალთა ორგანიზაციამ განახორციელა ასევე დიასახლისთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის პროექტი. ის ითვალისწინებდა დიასახლისთა ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკური, კულტურული და საგანმანთლებლო ღონისძიებების ორგანიზებაში. წევრობა: პარტიის წევრების მიღებისა და გარიცხვის წესებს წესდება განსაზღვრავს. გაწევრიანების მსურველი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პარტიის ტერიტორიულ ორგანიზაციაში წარადგინოს წერილობითი მიმართვა; ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებას, რეგიონალური ოფისი იღებს. პარტიაში დიდ ყურადღებას აქცევენ ახალი წევრების პოლიტიკურ წარსულს, საზოგადოებაში არსებულ ავტორიტეტსა და პარტიაში შესვლის მოტივაციას. ამ ინფორმაციის მიღება თავად მსურველთან გასაუბრების შემდეგ ხდება; სწორედ გასაუბრებაზე წყდება წევრის მიღების საკითხი. პარტიას არ აქვს ახალი წევრებით ორგანიზაციის შევსების გეგმა, რამდენადაც მიაჩნია, რომ რაოდენობრივ მაჩვენებელზე გამოკიდებამ შეიძლება ადამიანური რესურსის რაგვარობრივი გაუარესება გამოიწვიოს. პარტიიდან გარიცხვის მოტივაციას წესდება განსაზღვრავს. წევრის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს წესდების ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ასევე ქმედება, რომელიც მორალურ ან მატერიალურ ზიანს მიაყენებს ორგანიზაციას. გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას რეგიონული ორგანიზაცია იღებს. პარტიის რიგებიდან გარიცხვა ერთადერთი სანქციაა, რომლის გამოყენებასაც არაკეთილსინდისიერი წევრის მიმართ წესდება განსაზღვრავს. შიდაპარტიული უთანხმოების გადაჭრის სხვა ფორმალური მექანიზმი განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, საკმაოდ ხშირად კონფლიქტის გადაჭრის არაფორმალური მეთოდები გამოიყენება, მათ შორის, შიდა სტრუქტურული გარჩევები, უთანხმოებაში ჩართულ პირებს შორის მოლაპარაკებები და სხვა. საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები: პარტია საზოგადოებასთან ურთიერთობის ორ - ფორმალურ და არაფორმალურ - გზებს იყენებს. არაფორმალური ურთიერთობები, ჩვეულებრივ, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. ისინი უშუალოდ ხვდებიან ნაცნობებს, მეზობლებს და აცნობენ პარტიის საქმიანობასა და მიზნებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმალურ მხარეს, კერძოდ, მას-მედიასთან ურთიერთობას ცენტრალური მმართველობითი ორგანო უძღვება. პროფესიული პრეს-სამსახური მხოლოდ ცენტრალურ ორგანიზაციაშია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რეგიონულ და რაიონულ ოფისებსაც ემსახურება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ დღეისთვის მას-მედია ნაკლებადაა დაინტერესებული პარტიული საქმიანობის გაშუქებით. ელექტრონული მედია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საერთოდ არ აშუქებს ადგილობრივი პარტიულ ღონისძიებებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში ინტერესდება, თუ მათში მონაწილეობას პარტიის ლიდერები იღებენ. მათი აზრით, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული სამსახური რაიონულ დონეებზე საჭიროებას არ წარმოადგენს. პარტია პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში, ძირითადად, საკუთარ პროფესიულ რესურსს ეყრდნობა. თუმცა აღიარებს, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის დასახვეწად და მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად ექსპერტთა მხრიდან დახმარებას საჭიროებს. პარტია აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში აქტიურობს პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას ღებულობს გენდერულ საკითხებზე მიძღვნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. პარტიას თითქმის არ აქვს უცხო ქვეყნების პარტიებთან ურთიერთობის გამოცდილება. ამის მიზეზად პარტიაში გამოცდილების და რესურსების ნაკლებობას ასახელებენ. ასევე აღიარებენ, რომ თავად ნაკლებად იჩენდნენ ინიციატივებს და დღემდე არსებული საერთაშორისო კავშირების მხოლოდ პასიური მომხმარებლები იყვნენ.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9