1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარტიების განვითარების მოკლე ისტორია

ძირითადად, ამერიკელი პოლიტოლოგების, რიჩარდ გიუნტერისა და ლარი დაიმონდის, კლასიფიკაციას ემყარება. პარტიები, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ჯერ კიდევ უძველეს სახელმწიფოებში არსებობდა. ისინი „დიდი ხნის განმავლობაში ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ჩართულ დაპირისპირებულ ჯგუფებს“ წარმოადგენდნენ. ასე, ათენის სახალხო კრებაზე მოქალაქეები სოციალური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილისა და ამა თუ იმ მოღვაწის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით სხვადასხვა ჯგუფად იყოფოდნენ. ადრეული პარტიების მაგალითად შეგვიძლია გველფები და გიბელინები დავასახელოთ შუა საუკუნეების იტალიაში, ინგლისის რევოლუციის პერიოდში - კავალერები, მრგვალთავიანები, ლევერელები და ინდეპენდები. პარტიები, დღევანდელი სახით, მხოლოდ ახალ დროში გაჩნდა. მათ პროტოტიპებად ვიგები და ტორები შეიძლება მივიჩნიოთ XVII - XVIII საუკუნეების ინგლისის პარლამენტში; ისინი სამეფო ძალაუფლების შეზღუდვის საკითხის მიმართ სხვადასხვა შეხედულების მქონე ჯგუფებს წარმოადგენდნენ. საკუთრივ, პარტიები ამ სიტყვის ვიწრო განმარტებას თუ ვიხმართ, მხოლოდ საკონსტიტუციო მთავრობისა და ჭეშმარიტი არჩევნების შემოღების შემდეგ გაჩნდა. პარტიების ამგვარი ვიწრო განმარტების მაგალითად შეიძლება გამოდგეს: „ორგანიზაცია, რომელიც მმართველებს მართულებთან აკავშირებს, ცდილობს, უზრუნველყოს წარმომადგენლობა და დაეუფლოს ხელისუფლებას არჩევნებზე კანდიდატთა წარდგენის გზით.“ ამგვარად, პარტიების განვითარება არჩევნებთან, კერძოდ კი, მოსახლეობის ფართო ფენების მიერ საარჩევნო უფლებების მოპოვებასთან არის დაკავშირებული. იმ პერიოდში, როდესაც თანამედროვე პარტიების წინამორბედები (ვიგები და ტორები ინგლისში, ლიბერალები და კონსერვატორები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში) გაჩნდნენ, ხმის უფლება მხოლოდ ადგილობრივ წარჩინებულთა ვიწრო წრის პრივილეგია იყო. მომავალ დეპუტატს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად. პარლამენტში იგი პირადი ან მისი ოჯახის რეპუტაციის წყალობით ხვდებოდა. უკვე პარლამენტში ეს დეპუტატები საერთო ინტერესებისა ან/და პირადი ურთიერთობების გარშემო ფრაქციებს ქმნიდნენ. ამავე დროს, XVIII საუკუნის ბოლო გახდა ახალი ფენომენის მოწმე, რაც შოტლანდიელმა ფილოსოფოსმა დევიდ ჰიუმმა დაახასიათა როგორც „ყველაზე აუხსნელი ფენომენი, რომელსაც ოდესმე ადგილი ჰქონია ადამიანთა ურთიერთობებში - გაერთიანება (faction) პრინციპის გარშემო.“ ცოტა მოგვიანებით, ინგლისელმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა, ედმუნდ ბერკმა პარტიის უკვე სრულყოფილი განსაზღვრება მოგვცა: „ადამიანთა ერთობა შექმნილი საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე მიმართული რაიმე პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად.“ აქ ჩვენ ვხვდებით თანამედროვე პარტიების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიშანს - პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გაზიარებულ რწმენას ან იდეოლოგიას. საარჩევნო უფლებების მოსახლეობის დაბალ ფენებზე გავრცელებამ და სოციალურმა ცვლილებებმა (ინდუსტრიალიზაციამ, ურბანიზაციამ) პარტიულ ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიეს. არჩევითი თანამდეგობის დაკავების მსურველს ახალი ამომრჩევლების - საშუალო ფენის, მუშებისა და გლეხების წარმომადგენლების - მხარდაჭერის მოსაპოვებლად მეტი სამუშაო უნდა გაეწია. ადამიანების სოფლებიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლამ კი მიწათმფლობელთა ტრადიციული ელიტის გავლენის სფერო შეზღუდა. ამ ცვლილებებმა ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის, კლიენტელისტური პარტიის, გაჩენა განაპირობა. ახალ პირობებში საზოგადოების მაღალი და განათლებული ფენების წარმომადგენლებს (იქნებოდნენ ეს მიწათმფლობელები, მეწარმეები, იურისტები თუ სხვა) საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად საზოგადოების დაბალ ფენებთან ურთიერთობების დამყარება დასჭირდათ. ეს ურთიერთობები ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი უნდა ყოფილიყო; ხმების სანაცვლოდ პარლამენტში ან სხვა არჩევით თანანმდებობაზე გასული ადამიანები მრავალ სიკეთეს პირდებოდნენ ამორჩევლებს. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, მნიშვნელოვანწილად, ამ სიკეთეების გადანაწილების ირგვლივ ვაჭრობისგან შედგებოდა. მოსახლეობის იმ ფენებისთვის, რომელთაც განათლებაზე, ძალაუფლებასა და სხვა რესურსებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, კლიენტელისტური ურთიერთობები განსაკუთრებით მომგებიანად ჩანდა. მაგალითად, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ასეთი მეთოდებით პოლიტიკოსები ხშირად ინგლისური ენის არმცოდნე ახლად ჩამოსული ემიგრანტების ხმებს იზიდავდნენ. განათლებისა და საერთო კეთილდღეობის ზრდასთან ერთად კლიენტელიზმზე დამყარებულმა ურთერთობებმა თავისი მნიშვნელობა თანდათანობით დაკარგეს. პოლიტიკაში მოსახლეობის ახალი ფენების ჩართვა ახალი ტიპის, მასობრივი პარტიის გაჩენას განაპირობებს. ამ პარტიების მთავარი ამოცანა იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის (მუშების, მორწმუნეების, გლეხების, სხვა ფენების) ინტერესთა წარმოდგენა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვა. ესენი იყვნენ აგრარული, რელიგიური, მუშური/სოციალისტური ან ნაციონალისტური პარტიები. ელიტური პარტიებისგან განსხვავებით, თავიდან ამ პარტიების საქმიანობა პარლამენტის, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებისა და საზოგადოების მაღალი ფენების გარეთ მიმდინარეობა. მასობრივი პარტიების გაჩენით პოლიტიკაში ასახვა პოვა საზოგადოებაში უკვე არსებულმა დაპირისპირებებმა. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ასეთი დაპირისპირება იყო სოფლის მოსახლეობასა და ქალაქის ელიტებს შორის, რელიგიურსა და საერო პირებს შორის, დაქირავებულებსა და დამქირავებლებს შორის. ასეთი პარტიები, როგორც წესი, მასობრივ წევრობაზე დამყარებულ ორგანიზაციებს წარმოდგენდნენ; მათ ემატებოდა დამხმარე ორგანიზაციათა (ქალთა და ახალგაზრდათა კავშირები, პროფკავშირები) ფართო ქსელი. პარტიების მასობრივი ხასიათი საზოგადოების ფართო ფენების პოლიტიკურ ცხოვრებში ჩართვის საშუალებას იძლეოდა. ასეთი პარტიების სიძლიერე, მათ შორის საარჩევნო სიძლიერე, პარტიებისა და და დამხმარე ორგანიზაციათა სიმრავლით იყო განპირობებული. მასობრივ პარტიებს მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი იდეოლოგიები და მათთვის დამახასიათებელი კულტურული სიმბოლოები გააჩნდათ. ამ იდეოლოგიებს და კულტურულ სიმბოლოებს პარტიები საზოგადოებაში ამკვიდრებდნენ. მაგალითად, ასეთი კულტურული სიმბოლოები იყო პარტიული დროშები, დღესასწაულები (ამის მაგალითია პირველი მაისის დღესასწაული). ამ პერიოდის პარტიების განვითარება დემოკრატიის განვითარების პროცესის ნაწილია. მასობრივი დემოკრატიის განვითარებასთან ერთად, პარტიებს და მათ მხარდამჭერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს სხვადასხვა ბარიერის გადალახვა უწევდათ. ნორვეგიელი პოლიტოლოგ სტეინ როკანის თანახმად, მისაღწევი იყო: 1) ლეგიტიმაცია - შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, მთავრობის მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმა და მთავრობისადმი მიმართვის შედეგიანობა. 2) ინკორპორაცია - მზარდი ოპოზიციური მოძრაობების მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების საარჩევნო პროცესში ჩართვა; 3) რეპრეზენტაცია - პარტიების და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოებში; 4) აღმასრულებელი ხელისუფლების სიძლიერე - აღმასრულებელი ხელისუფლების დაცულობა საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და პირდაპირი გავლენისაგან. ამის მიღწევა სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში სხვადასხვა დროს მოხდა და უშუალოდ არ უკავშირდებოდა მოცემული ქვეყნების ინდუსტრიული განვითარებისა და ურბანიზაციის დონეს. ასე მაგალითად, საყოველთაო საარჩევნო უფლება და წარმომადგენლობითი მთავრობის ფორმირება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრად უსწრებდა წინ ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებას, გერმანიაში კი ამ ორი პოლიტიკური ინსტიტუტის დამკვიდრება ქვეყნის განვითარების უფრო გვიან ეტაპზე მოხდა. მასობრივ პარტიათა შორის ცალკე შეიძლება მოვიხსენიოთ ნაციონალისტური პარტიები. ეს პარტიები მიზნად ქვეყნის შიგნით რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ან კოლონიური ქვეყნის მოსახლეობის მობილიზაციასა და ამა თუ იმ ფორმით თვითმმართველობის (ავტონომიის, დამოუკიდებლობის) მიღწევას ისახავდნენ. იმ განვითარებად ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან შედგება (ინდოეთი, ნიგერია და ა.შ.), დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ე.წ. კონგრესის ტიპის პარტიები მოვიდნენ სათავეში. ისინი, ერთი მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვადასხვა ეთნიკური/რეგიონული ელიტების ინტეგრაციას ახდენენ, მეორე მხრივ კი, ქვეყნის მართვის პროცესში ამ ჯგუფების ინტერესების წარმომადგენლებად გვევლინებიან. ასეთი პარტიებია, მაგალითად, ინდოეთის ეროვნული კონგრესი, ნაციონალური ფრონტი მალაიზიაში და სხვა. მათი მოწოდებები ქვეყნის ერთიანობის გამტკიცებასა და გაძლიერებაზე არის მიმართული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებენ პარტიები, რომლებიც გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ განხორციელებას არა თვითმმართველობისთვის ბრძოლით, არამედ მთლიანად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მეშვეობით ცდილობენ (თურქული უმცირესობის პარტია ბულგარეთში, უნგრულ პარტიათა გაერთიანება სლოვაკეთში). მეოცე საუკუნის ათიანი და ოციანი წლების მიჯნაზე ახალი ტიპის პარტიები ჩნდება. ეს პროტო-ჰეგემონური პარტიებია. თუკი მანამდე პარტიები სხვა პარტიებთან და იდეოლოგიებთან თანაარსებობისათვის მზადყოფნას გამოხატავდნენ, ახალი ტიპის პარტიების მიზანს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე სრული ძალაუფლების მოპოვება და საზოგადოების გარკვეული იდეოლოგიური თარგის მიხედვით გარდაქმნა წარმოადგენდა. ამ ტიპის იყო კომუნისტური ან ფაშისტური/ნაცისტური პარტიები.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9