მასპინძელი ქვეყნების მიერ უცხოელთა მიმართ მოპყრობიასთან დაკავშირებით არსებობს ორი აღიარებული მიმდინარეობა: ეროვნული ანუ თანაბარი მოპყრობის სტანდარტი და მოპყრობის საერთაშორისო მინიმალური სტანდარტი. სახელმწიფოებრივი ანუ თანაბარი მოპყრობის სტანდარტის მიმდინარეობას გაჰყვა ბევრი განვითარებადი, განსაკუთრებით, ლათინური ამერიკის ქვეყანა. არსებითად, უცხოელს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც ქვეყნის მოქალაქეებს, რამდენადაც დიდი ან მცირე არ უნდა იყოს ამ უფლებათა ოდენობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს სტუმარი არ უნდა მოელოდეს, რომ მას მეტად დაიცავს სახელმწიფო, ვიდრე საკუთარ მოქალაქეს, ანუ უცხოელის მიმართ არ უნდა არსებობდეს ნეგატიური თუ პოზიტიური დისკრიმინაცია. აღნიშნული მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერის, კარლოს კალვოს სიტყვებით: „ქვეყანაში დამკვიდრებულ უცხოელებს, რა თქმა უნდა, აქვთ იგივე უფლებები, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, თუმცა ისინი არ უნდა მოელოდნენ, რომ სახელმწიფო მათ უფრო მეტად დაიცავს, ვიდრე საკუთარ მოქალაქეებს” (კალვო კ., გვ. 231).
Source: სმიტი რონა კ.მ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმძღვ./რონა კ.მ. სმიტი; [მთარგმნ.: მანანა კობიაშვილი; რედ.: გიორგი ჯოხაძე; სახალხო დამცველის აპარატი] - მე-2 გამოც. - [თბ.]: ოქსფორდის უნ-ტის გამ-ბა, [2006]: „სეზანი“ - 519გვ.; 23სმ. - (სახალხო დამცველის ბ-კა) - ანბ. საძ.: გვ. 504-505 - ბიბლიოგრ.: გვ. 506-519. - ISBN 99940-58-71-1: [ფ.ა.]