1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯიჰ

ჯიჰადი (ჯაჰადა)

  1. ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და სწრაფვასა და ძალისხმევას ნიშნავს. იგი კლასიკურ ტექსტებში მეტწილად ბრძოლისა და ომის მნიშვნელობით გამოიყენება. ხშირად იმოწმებან ფრაზას ყურანიდან „ღვთის გზაზე ბრძოლა“, რასაც მრავალი ინტერპრეტაცია მოეძებნა ზნეობრივი სწრაფვიდან დაწყებული შეიარაღებული ბრძოლით დამთავრებული. კონტექსტიდან რთული მისახვედრი არ არის, თუ რომელი მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა ამა თუ იმ შემთხვევაში. ყურანის ადრეულ თავებში, რომელიც მექას პერიოდით თარიღდება, როდესაც მოციქული ჯერ კიდევ უმცირესობას ედგა სათავეში და გაბატონებული წარმართი ოლიგარქების წინააღმდეგ იბრძოდა, სიტყვა ჯიჰადი ზნეობრივი ბრძოლის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მოგვიანებით, როდესაც მოციქული მედინაში სახელმწიფო მმართველი გახდა, ამ სიტყვამ პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძინა. ხშირ შემთხვევაში მას ცალსახად სამხედრო დატვირთვა გააჩნდა. ამას ადასტურებს ყურანის IV თავი, გვ.95: „მორწმუნენი, რომელნიც სახლებში სხედან, გარდა შეუძლოდმყოფებისა, არ არიან თანასწორნი მათი, ვინც ღვთის გზაზე იბრძვის. უფალი მებრძოლებს უფრო მაღალ საფეხურზე ათავსებს, ვიდრე მათ, ვინც შინ დარჩენას ამჯობინებს. ღმერთი ყველა მორწმუნეს აჯილდოვებს, მაგრამ იგი განსაკუთრებით მებრძოლებს გამოყოფს“. მუსლიმური სამართლის მიხედვით ომის წარმოება 4 ტიპის მტრის წინააღმდეგ არის გამართლებული: ურწმუნონი, განდგომილნი, ამბოხებულნი და ყაჩაღები. მართალია, ოთხივე ტიპის ბრძოლა ლეგიტიმურია, მხოლოდ პირველი 2 ითვლება ჯიჰადად. ამრიგად, ჯიჰადი რელიგიური ვალდებულებაა. წმინდა ომის ფენომენის განხილვისას, მუსლიმი სამართალმცოდნენი შემტევ და თავდაცვით ჯიჰადს განასხვავებენ. იერიშის დროს ჯიჰადი ზოგადად მუსლიმური საზოგადოების მოვალეობაა და იგი მოხალისეთა და პროფესიონალთა მიერ იწარმოება. თავდაცვით ომში ეს თითოეული მუსლიმის მოვალეობა ხდება. ბინ ლადენმა სწორედ ეს პრინციპი წამოწია წინ თავის საომარ დეკლარაციაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ისლმის ისტორიის 14 საუკუნის მანძილზე ჯიჰადში ყველაზე ხშირად შეიარაღებული ბრძოლა მოიაზრებოდა მუსლიმური გავლენის გასავრცელებლად და დასაცავად. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით მსოფლიო 2 ნაწილად იყოფა: ისლამის სახლი (დარ ალ-ისლამი), სადაც მუსლიმური მმართველობაა და ომის სახლი (დარ ალ-ჰარბი) - დანარჩენი მსოფლიო, სადაც ურწმუნონი სახლობენ. ჯიჰადი უნდა გაგრძელდეს მანამ, სნამ მთელი მსოფლიო ან ისლამურ რჯულზე არ მოექცევა, ან მუსლიმურ სამართალს არ დაემორჩილება. ის, ვინც ჯიჰადს აწარმოებს დაჯილდოვებულ იქნება ორივე ცხოვრებაში. მას ექნება ქონება მიწიერ ცხოვრებაში და სამოთხე შემდგომში. ზოგჯერ ჯიჰადს ჯვაროსნული ბრძოლის მუსლიმურ სინონიმად მოიაზრებენ და ეს ორი ფენომენი მეტნაკლებად ერთნაირად აღიქმება. გარკვეული თვალსაზრისით ეს ასეც არის. ორივე მათგანი წმინდა ომს ნიშნავს, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის დასამკვიდრებლად და ურწმუნო მტრის დასამარცხებლად იწარმოება. მაგრამ არსებობს სხვაობაც. ჯვაროსნული მოძრაობა ქრისტიანული ისტორიის გვიანი მოვლენაა და ძირითადი ქრისტიანული ღირებულებებისაგან რადიკალურ განშტოებას წარმოადგენს. ქრისტიანობა თავდასხმის ობიექტია მეშვიდე საუკუნიდან, რის შედეგადაც მისი დიდი ტერიტორიები მუსლიმთა მმართველობის ქვეშ მოექცა. წმინდა ომის, უფრო ხშირად კი სამართლიანი ომის კონცეფცია ანტიკური პერიოდიდან არის ცნიბილი. და მაინც, ისლამსა და ქრისტიანობას შორის არსებულ ხანგრძლივ ბრძოლაში ჯვაროსნული მოძრაობა გვიანი, შეზღუდული და შედარებით მოკლევადიანი აღმოჩნდა. ჯიჰადი ისლამურ ისტორიას პირველსაწყისიდან მოსდევს და იგი წმინდა წერილებში, წინასწარმეტყველის ცხოვრებასა და მისი თანამოაზრეებისა და შთამომავლების ქმედებებში მუდმივად დომინირებს. იგი ისლამის მთელს ისტორიას გასდევს და თანამედროვე ეპოქასაც ახასიათებს. სიტყვა ჯვაროსანი ჯვრიდან მომდინარეობს და ქრისტიანობის დასაცავად და დასამკვიდრებლად წმინდა ომს აღნიშნავს. თუმცა, მან ეს მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა და ამჟამად ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება ზნეობრივად გამართლებული კამპანიის წარმოების აღსანიშნავად. შეიძლება ჯვაროსნული ბრზოლა გამართო გარემოს, ან ქალთა უფლებების დასაცავად, უკეთესი სოციალური მომსახურების მოთხოვნის მიზნით და სხვა მრავალი მიზეზით. ერთადერთი მნიშვნელობა, რომლითაც ეს სიტყვა აღარ იხმარება - რელიგიური ომია. ჯიჰადიც გამოიყენება მრავალი მნიშვნელობით, მაგრამ, ჯვაროსნული ომისაგან განსხვავებით, პირველსაწყისი, მთავარი მნიშვნელობა ამ სიტყვამ შეინარჩუნა. ის, ვინც ჯიჰადის დროს იღუპება წამებულად იწოდება (არაბულ და სხვა მუსლიმურ ენებზე შაჰიდად). ინგლისური სიტყვა წამებული (martyr) ბერძნულიდან მოდის და „მოწმეს“ ნიშნავს. იუდო-ქრისტიანულად იგი აღნიშნავს ადამიანს, რომელიც უმალ ეწამება და მოკვდება, ვიდრე საკუთარ რწმენას უღალატებს. მისი წამება, შესაბამისად გამოცდა და მოწმობაა მისი რწმენისა და მზადყოფნისა თავი გაწიროს ამ უკანასკნელისათვის. არაბული ტერმინი „შაჰიდი“ ასევე მოწმეს ნიშნავს და ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც „წამებული“, თუმცა, მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ისლამურ ხმარებაში ტერმინი „წამებული“ ჯიჰადის დროს დაღუპულს ნიშნავს, რომლის ჯილდოც მარადიული კურთხევაა. თვითმკვლელობა ზნეობრივი ცოდვაა და მარადიული ტანჯვით ისჯება. სამართალმცოდნენი ამ ორ ფენომენს ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავენ. პირველი ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალი გზაა, ხოლო მეორე ჯოჯოხეთისაკენ. რადგანაც წმინდა ომი მორწმუნის ვალდებულებაა, იგი შარიათის მიერ რეგულირდება. ჯიჰადის მებრძოლებმა არ უნდა დახოცონ ქალები, ბავშვები და მოხუცები, თუ ეს უკანასკნელნი პირველი არ ესხმიან მათ თავს; არ უნდა აწამონ ტყვეები; ბრძოლის განახლების შესახებ წინასწარ უნდა გააფრთხილონ მტერი და პატივი უნდა სცენ შეთანხმებებს. თეოლოგები მსჯელობენ საბრძოლო სამართლის შესახებაც და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის იარაღის ტიპი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია და იარაღი, რომელიც იკრძალება. ამ შემთხვევაში ქიმიური იარაღი, მოწამლული ისრები, მტრისათვის სასმელი წყლის მარაგის მოწამვლა და ა.შ იგულისხმება. ამ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი სამართალმცოდნე გმობს, ზოგი კი მიესალმება ამ იარაღის გამოყენებას. ტერორიზმსა და მკვლელობას ისლამი არ ამართლებს. ისლამი არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს უდანაშაულო ადამიანების შემთხვევით სისხლისღვრას. იმისათვის, რომ ჯიჰადი ვალიდური იყოს, იგი „ღვთის გზაზე უნდა“ იწარმოებოდეს და არა მატერიალური მოგების მიღების მიზნით. თუმცა, ხშირად ჯიჰადის სახელის შებღალვა მისი უღირსი მიზნებით გამოყენების გამო ხდება. წმინდა სამართალი არაკომბატანტების მიმართ ნორმალურ მოპყრობას ქადაგებს, თუმცა აღიარებს გამარჯვებულის უფლებას როგორც მათ ქონებაზე, ასევე თავად პიროვნებებსა და ოჯახზეც. უძველესი ჩვეულების თანახმად, ომში დამარცხებული მტერი მონად იქცეოდა ოჯახთან ერთად. იგი შეიძლება გაეყიდათ, ან მფლობელებს დაეტოვებინათ შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით. ისლამმა ეს წესიც შეცვალა და ადამიანთა დამონების უფლება მხოლოდ ჯიჰადის დროს სცნო კანონიერად. ომის ყველა სხვა დანარჩენი ფორმა ამგვარ უფლებას მოკლებულია.
    Source: ხმალაძე ნათია. ახლო აღმოსავლეთი. ომის სახლი//ახალი აზრი, № 3(17), – 2004
  2. სიტყვასიტყვით „ალაჰის გზაზე მუყაითს, მუყაითად მიმავალს“ ნიშნავს და სავსებით გამორიცხავს სხვა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლას. თავად მუსლიმი თეოლოგების მტკიცებით, მისი ძირითადი არსი პიროვნული თავისუფლების დაცვაგაფრთხილებაა და გაუმართლებელია რელიგიური დევნა ან კონფესიური შუღლის გაჩაღება ამ სიტყვის საფარქვეშ. მათი აზრით, თავად ისლამის (არაბ. თანხმობა, მშვიდობა, მორჩილება) მიმდევარი ვალდებულია სათნოებით მოეპყრას სხვა რელიგიას და სწორედ ასეთი საქციელით წარმოაჩინოს თავისი რწმენის უპირატესობა. ვაჰაბიტურ სექტებში კი იბნ-ტეიბისეული იდეების გააზრებამ სერიოზული დამახინჯება განიცადა და საბოლოო ჯამში როგორც ეროვნული, ისე წმინდა ისლამური ტრადიციების სრულ უარყოფაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც ისინი ღაზავათს (იგივე ჯიჰადს) არა მარტო ქრისტიანებს (რასაც ყურანი არც ქადაგებს), არამედ სუნიტებსა და შიიტებსაც უცხადებენ.
    Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9