1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ძა ძვ ძი ძმ ძუ
ძუძ

ძუძუს კობო

ძუძუს კიბოსთვის დამახასიათებელია კანისა და რეგიონული ლიმფური კვანძების სიმპტომები. ცნობილია „ფორთოხლის კანის“, უმბილიკაციის, „მოედნის”, პრიბრამის (დვრილის მოქაჩვისას სიმსივნური წარმონაქმნი მოჰყვება მას), კენიგის („ხელისგულის” სიმპტომი), კრაუზეს (არეოლის და დვრილის კანის გასქელება და შეშუპება), პაირის (გასწვრივის ნაცვლად, კანი განივ ნაოჭებად იკრიბება) სიმპტომები. ძუძუს კიბოს კლინიკური ვარიანტებიდან აღსანიშნავია კვანძოვანი, დიფუზური, პეჯეტის დაავადება და იშვიათი ფორმები. ამ ფორმებიდან, ყველაზე ხშირად გვხვდება კვანძოვანი კიბო. უფრო ხშირად, იგი ვითარდება ზემო გარეთა კვადრანტში ან ცენტრალურად, თუმცა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას. მკვრივი, ხორკლიანი, მოძრაობაში შეზღუდული წარმონაქმნია. ცენტრალური მდებარეობის დროს, დვრილი გვერდზეა გადახრილი. პროცესისის გავრცელების შემთხვევაში ხდება მისი ჩაბრუნება. ძუძუს დიფუზურ კიბოს ახასიათებს სიმსივნის სწრაფი გავრცელება, როგორც სარძევე ჯირკვალში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მეტასტაზირებს როგორც ლიმფურ კვანძებში, ისე შორეულად. დიფუზურ ფორმებს მიეკუთვნება: შეშუპებით-ინფილტრაციული, „ჯავშნიანი ფორმა“, ერიზიპელოიდური (წითელი ქარისებური), მასტიტისმაგვარი (მწვავე კარცინომატოზული მასტიტი). ერიზიპელოიდური კიბოს დროს – ძუძუში ისინჯება მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნი. გარეგნულად იგი წითელ ქარს მოგვაგონებს, რის გამოც ხშირად დიაგნოზი არასწორად ისმება. პროცესი იწყება სწრაფად, მალე პროგრესირებს და პროგნოზიც არასაიმედოა. მასტიტისმაგვარი კიბო, უფრო ხშირად, ვითარდება ახალგაზრდა ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ამ დროს, სარძევე ჯირკვალი დიფუზურად გამკვრივებულია, მტკივნეულია, კანი ჰიპერემიულია და ტემპერატურა მომატებული. დიფერენციული დიაგნოზი ტარდება მწვავე ჩირქოვან მასტიტთან. ძალზე აგრესიულია და პროგნოზიც ცუდი აქვს. ინფილტრაციული კიბოს დროს – ძუძუს მფარავი კანი, დვრილი და არეოლა შეშუპებულია, გამოხატულია „ფორთოხლის კანის” სიმპტომი, ჰიპერემია. პალპაციით - სიმსივნური კვანძის გასინჯვა გაძნელებულია. შეშუპება განპირობებულია ლიმფური გზების მეტასტაზური ემბოლით, ბლოკადით ან სიმსივნური ინფილტრატის ზეწოლით. კიბოს „ჯავშნიანი ფორმის“ დროს – სიმსივნური ინფილტრაცია (ძუძუს გარდა) ვრცელდება გულმკერდის ზედაპირზეც, ზოგჯერ კი მეორე ძუძუზე. მფარავი კანი გასქელებულია, ფიქსირებულია, გამოხატულია ჭარბი პიგმენტაცია. ძუძუ ზომაში შემცირებული და შეჭმუხნილია. სიმსივნური ინფილტრაცია ზეწოლას ახდენს გულმკერდის ზედაპირზე, როგორც ჯავშანი. ავადმყოფს აქვს შებოჭვის გრძნობა გულმკერდის არეში. ცისტიკარცინომისა და მედულოკარცინომის დროს – სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში შედარებით დიდია, რბილი კონსისტენციისაა და კეთილთვისებიანი სიმსივნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძუძუს კიბოს იშვიათი ფორმებიდან საყურადღებოა აპოკრინული, ბრტყელუჯრედოვანი და კოლოიდური კიბო, რომელთა გამოვლენა დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9