1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრემენოპაუზა

პერიოდი მენსტრუალური ფუნქციის დარღვევიდან ბოლო მენსტრუაციამდე; პირველი ფაზა (პრემენოპაუზა) - ეს არის ქალის ცხოვრების პერიოდი რეპროდუქციული პერიოდის დამთავრების მომენტიდან მენოპაუზის დადგომამდე. ამ ფაზაში იწყება რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი, კლიმაქტერული დისფუნქცია. კლიმაქტერული პერიოდის I ფაზის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან - 6 წლამდე. კლინიკური თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლებელია პრემენოპაუზის მიმდინარეობის ორი ვარიანტის გამოყოფა (კრიმსკაია მ., 1989). პირველი ვარიანტი (ფიზიოლოგიური) გვხვდება ქალთა 65%-ში; თვით მენოპაუზის დადგომადე ვლინდება მენსტრუაციათა შორისი პერიოდის თანდათანობითი მატება - 40-90 დღე და მეტი. უფრო იშვიათად აღინიშნება გახანგრძლივებული მენსტრუაცია (რიტმის შენარჩუნებით, მაგრამ სისხლის რაოდენობის თანდათანობითი შემცირებით - სრულ გაქრობამდე). ამასთან ერთად, გარკვეული პერიოდის (საშუალოდ 6-12 თვე) განმავლობაში, შენარჩუნებულია „ფარული ციკლი“, ანუ ქალებს არ უწყდებათ ის შეგრძნებები, რაც წინ უძღოდა მენსტრუაციას ან ვლინდებოდა მენსტრუაციის დროს. ჯანმრთელ ქალებში (I ვარიანტი), პრემენოპაუზის პერიოდში, არ არის გამოხატული სასქესო ორგანოების ჰიპოტროფიული ცვლილებები. თუმცა, ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების საშუალებით ვლინდება საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის თანდათანობითი, პროგრესული დაქვეითება. დინამიკაში აღინიშნება არასრულფასოვანი ორფაზიანი ან მონოფაზური რექტალური ტემპერატურა; დადებითი ან სუსტად დადებითი „გუგის“ ფენომენი; დაბალი კარიოპიკნოზური ინდექსი და სხვ. პრემენოპაუზის მეორე ვარიანტის (პათოლოგიური) შემთხვევაში, პირველისგან განსხვავებით, სასქესო ორგანოებში თავიდანვე ვლინდება ჰიპერესტროგენიის ნიშნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება და შესაძლებელია გამოვლენილ იქნას პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვის დროს. საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსები დიდხანს ინარჩუნებს ვარდისფერს; კარგად არის გამოხატული ლორწოვანი გარსის ნაოჭები; საშვილოსნოს ყელიდან, პრაქტიკულად მუდმივად, გამოიყოფა ლორწოვანი გამონადენი. საშვილოსნოს ზომები არმცირდება (ზოგჯერ მატულობს კიდეც); ის მკვრივია, ხანდახან მომრგვალო ფორმის (ზოგიერთ შემთხვევაში, ზომებში მატულობს სარძევე ჯირკვლებიც). პრემენოპაუზის ასეთი კლინიკური ვარიანტის შემთხვევაში, როგორც წესი, აღინიშნება სისხლდენა საშვილოსნოდან, ვლინდება საშვილოსნოს მიომა ან სასქესო ორგანოების სხვა სიმსივნეები.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9