1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აკ აკა აკვ აკმ აკრ აკუ

აკულტურული თეორია

ცვლილებები არ განიხილება როგორც კონკრეტულ კულტურაში მიმდინარე პროცესი, არამედ მიიჩნევა მოვლენად, რომელიც შეიძლებოდა შეხებოდა ნებისმიერ ტრადიციულ კულტურას. მაგალითად, აკულტურული თეორია მოდერნულობას განიხილავს, როგორც მრავალი სხვადასხვა მიზეზის შედეგს: ვთქვათ, მეცნიერული ცნობიერების ზრდის, სეკულარული თვალთახედვის განვითარების, ეფექტური/ ინსტრუმენტული რაციონალიზმის აღზევების, ფაქტსა და მის შეფასებას შორის აბსოლუტურად ცხადი სხვაობის და სხვ. სხვაგვარად, მოდერნულობა შეიძლება დავუკავშიროთ როგორც სოციალურ, ასევე ინტელექტუალურ ცვლილებებს: ტრასფორმაციები, ინტელექტუალურის ჩათვლით, განიხილება როგორც დაჩქარებული მობილურობის/ცვლილებების, პოპულაციის კონცენტრაციის, ინდუსტრიალიზაციის და ა. შ. შედეგი. ყველა ამ შემთხვევაში მოდერნულობა ტრანსფორმაციათა ერთობლიობაა, რომელიც თითოეულ კულტურას შეუძლია განიცადოს და, სავარაუდოდ, იძულებული იქნება განიცადოს. ეს ცვლილებები არ არის განსაზღვრული ამ კულტურების მდგომარეობით და, მაგალითად, პიროვნების, საზოგადოების ან სიკეთის სპეციფიკური გაგებით; უფრო მეტად, ესაა ცვლილებები, რომელსაც ყოველი კულტურა, პრინციპში, მსხვერპლად ეწირება. მაგალითად, თითოეულ კულტურას შეიძლება შეეხოს მეცნიერული ცნობიერების ზრდა, ყოველ რელიგიას - სეკულარიზაცია, ინსტრუმენტული აზროვნების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს საბოლოო აღსასრული, წარმოდგენა მეტაფიზიკურზე შეიძლება ძირეულად შეიცვალოს ფაქტსა და მის შეფასებას შორის გაჩენილი დაპირისპირების გამო. მოდერნულობა, ამ თეორიის მიხედვით, გაგებულია როგორც კონკრეტული კულტურისაგან განყენებული რაციონალური ან სოციალური პროცესების შედეგი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს თეორია უგულებელყოფს იმ ისტორიულ მიზეზებს, რის გამოც ეს ცვლილებები თავდაპირველად წარმოშვა სწორედ ამ, და არა სხვა ცივილიზაციაში, ან რის გამოც ამ ცვლილებებს ერთნი უფრო ადვილად ექვემდებარებიან, სხვანი კი - ძნელად. საქმე უფრო ისაა, რომ ეს პროცესი განისაზღვრება არა როგორც კულტურული სპეციფიკა, არამედ როგორც ზოგადი ფუნქცია, რომელიც კულტურულ სპეციფიკას მსხვერპლად იწირავს. აკულტურული თეორიები მიდრეკილნი არიან ახსნან მოდერნულობის ტრანზიცია გადასვლა, როგორც ტრადიციული რწმენებისა და მათდამი ერთგულების დაკარგვა. ეს დანაკარგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ინსტიტუციური ცვლილებების შედეგი. მაგალითად, მობილურობა და ურბანიზაცია განიხილულია როგორც მიზეზი, რომელიც ასუსტებს სტატიკური სასოფლო საზოგადოების რწმენა-წარმოდგენებსა და საფუძვლებს. ამ დანაკარგს/ცვლილებებს, შესაძლოა, საფუძვლად ედოს თანამედროვე სამეცნიერო აზრის განვითარება. ცვლილებები შეიძლება დადებითად იყოს შეფასებული; ან პირიქით, უარყოფითად - იმათ მიერ, ვისთვისაც ტრადიცია უფრო ფასეულია და ვისაც მეცნიერული აზროვნება შეზღუდულად მიაჩნია. მაგრამ ყველა ეს თეორია თანხვდება ერთმანეთს ერთ გარკვეულ ასპექტში: ძველი შეხედულებები და მათდამი ერთგულება შესუსტებულია. ძველი ჰორიზონტები, ნიცშესეული წარმოდგენით, გაქრა. აკულტურული თეორიის ბატონობის მიზეზები გასაგები ხდება, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ დასავლელები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ მოდერნულობისაკენ გარდამავალ პერიოდში, იმ ცივილიზაციის გარეთ, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროს ვუწოდებთ. რთულია იცხოვრო ცვლილებათა პერიოდში და არ იყო ტენდენციური. ამ სულისკვეთებით ჩვენ, საკმაოდ ხშირად, შეფასებით ახსნას ვახდენთ ხოლმე, რომელიმე მხარის სასარგებლოდ. ცვლილებები უპრობლემოდ აიხსნება იმით, რომ ჩვენ „შევძელით“ სიყალბის დანახვა, ან დავივიწყეთ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი. კულტურული ხედვის ფარგლებში ასეთი დამაჯერებელი დასკვნების გამოტანისათვის, საჭირო იქნებოდა მოდერნულობის კომპლექსური შედარებითი შეფასება, იმის საპირისპიროდ, რომ მას განაპირობებდა ქრისტიანობა. ასეთ მკაფიო დასკვნამდე მისვლა ფრიად რთული (თუ შეუძლებელი არა) ამოცანაა. სხვა ფაქტორი, რომელიც ბიძგს აძლევს აკულტურულ თეორიას, არის მატერიალისტური მიდგომა, რომელიც პოპულარული იყო სოციალურ მეცნიერებებსა და ისტორიაში. ამ კონტექსტში მე ვგულისხმობ იმ ინტერპრეტაციებს, რომლებიც უგულებელყოფდნენ მორალურ და სულიერ ფაქტორებს უფრო „მიწიერი“ კატეგორიების სასარგებლოდ. ამგვარად, ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები - მეცნიერების განვითარება, ინდივიდუალიზმი, ნეგატიური თავისუფლება, ინსტრუმენტული აზროვნება და მოდერნული კულტურის სხვა მნიშვნელოვანი თავისებურებანი - ხშირად განიხილებოდა როგორც სოციალური ცვლილებების, ინდუსტრიალიზაციის, უდიდესი მობილურობის ან ურბანიზაციის შედეგი. აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირების თვალის მიდევნება, მაგრამ ისინი უგულებელყოფილია, ისევე როგორც პრობლემა, განაპირობებს თუ არა ეს ცვლილებები თავად კულტურაში რაიმე ცვლილებას ზნეობრივ იდეალთა თვალსაზრისით. პასუხი ხშირად უარყოფითია. კოლექტივიზმს აღმოსავლურ მახასიათებლად მიიჩნევენ. ასეთი დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია. გარდა ამისა, ყურადღებას იმსახურებს შემდეგი გარემოება. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების კოლექტივისტური ორიენტაცია და, საერთოდ, ცხოვრების წესი, კაცობრიობისათვის გაცილებით უფრო რეპრეზენტატიულია, ვიდრე ინდივიდუალიზმი, თუ გავითვალისწინებთ მის უფრო ხანგრძლივ დროით პერსპექტივას და სივრცით განფენილობას სხვადასხვა ქვეყანაში. XVI საუკუნემდე დასავლური კულტურებიც მკაფიო კოლექტივისტური ორიენტაციით ხასიათდებოდნენ, ინდივიდუალისტური ტენდენციები მხოლოდ ამის შემდეგ იჩენს თავს.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9