გურული ჯიშის ვაზი. ძალიან სწრაფად იზრდება, ნაყოფიერია; ლერწები წვრილი აქვს, მოწითალო ფერისა; ზედ ზოლები და წინწკლები ძლივს აჩნია; მუხლებს შუა მოკლეა; ფოთლები საშუალო სიდიდისაა, მკვრივი, ზოგჯერ ხუთ ყურიანი, ძნელად შესამჩნევი ნაღრებით; ფოთლების კბილები მსხვილი, ზედა პირი უქინქლო, მწვანე, ქვედა — მცირე ქინქლით დაფარულია. ღერწი საშუალო სიგრძისაა, ვარდისფერი. მტევანი პატარა იცის, ცილინდრული მოყვანილობისა, ზოგჯერ ფრთებიანი, საკმაოდ მკვრივი; ღერწი მოკლეა, წვრილი, ვარდისფერი გადაკრავს; ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, საკმაოდ მსხვილი; ნაყოფი წვრილი, მრგვალი, მუქი მოვარდისფროა; კანი თხელი, ნაზი, გული საკმაოდ წვნიანი აქვს, ტკბილი, ცოტაოდენი სასიამოვნო სიმჟავე გადაჰკრავს; საერთოდ ძალიან გემრიელია. მოვარდისფრო და სურნელოვან ნაზ ღვინოს იძლევა. იმდენად ნაზია ღვინო, რომ ტიკით ან კუპრიელით არ წაიღება. ჩხავერი ბევრ ადგილას მოჰყავთ გურიაში, განსაკუთრებით შემოქმედში, უჩხობში, ლიხაურში, მაკვანეთში, სადაც ერთნაირი ჰავა და ნიადაგია.
Source: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7