მეკვლევი. ახალი წლის წინა ღამეს გობზე დაალაგებენ: „დედო“ პურს. ფეტვის მჭადს (ჭადისჭადი) მოხარშული ღორის თავს, გაპუტულ ინდაურს, ღომის მარცვალს, კურკანტლას, სუროს და სხვ. ამგვარად გაწყობილ გობით იღლიაში ოჯახის ერთი წევრთაგანი-მაკვლიერი შემოივლის ყოველ ნადგამობას: მარანს, სასიმინდეს, ხულას, საბძელს,ბოსელს, საღორეს, სადგომ სახლს: ყველგან მუჭით მიაბნევ-მოაბნევს ღომის კაკალს და ადგილის შესაფერ ლოცვას იტყვის; მაკვლიერს უკან მიყვება ღვინიანი დოქით ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი. ამ „შინაურ მაკვლიერს“ გარდა, „გარეშე მაკვლიერებიც“, კარგი ფეხის კაცები, დადიან ოჯახებში, ულოცავენ სახლის პატრონს ახალწელს და უსურვებენ ბედნიერებას „ცოლით, შვილებით და ყოველის კეთილით (მოკეთე)“.
Source: ბერიძე ვუკოლ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა; Беридзе В. Грузинcкiй (картскiй) глоссарiй. С.-Петербургъ, 1912.