1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
აქს აქტ აქც

აქტიური მოსმენა

აქტიური მოსმენა ეფექტური კომუნიკაციის საფუძველია. აქტიური მოსმენის დროს მსმენელი ამახვილებს ყურადღებას მოსაუბრესა და მის ნათქვამზე. კარგ მსმენელს უნდა შეეძლოს მოსმენილის შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან კარგად გაიგო სხვისი ნათქვამი. ამისათვის აქტიურმა მსმენელმა უნდა დაამყაროს უკუკავშირი მოსაუბრესთან კითხვების საშუალებით, რათა დააზუსტოს, ერთი მხრივ, გადმოცემულის შინაარსი და, მეორე მხრივ, მოსაუბრის ემოციური მდგომარეობა, მისი დამოკიდებულება საკითხისადმი.
გარდა ამისა, აქტიური მოსმენისათვის აუცილებელია მოსმენის გარე და შიდა ფაქტორების გაცნობიერება. გარე ფაქტორებში გულისხმობენ: ზოგადად გადმოცემული საკითხის სირთულეს, მოსაუბრეს და გარემოს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე შეხება ამ საკითხთან და რამდენად რთულია მისი გაგება. აქტიური მსმენელი უნდა დააკვირდეს, თუ მოსაუბრისგან რა არავერბალური ინფორმაცია მოდის, რამდენად დამაჯერებელია მოსაუბრე, და ა.შ. ცხადია, კარგად ილუსტრირებული ინფორმაცია და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება უფრო გაუადვილებს მსმენელს გადმოცემული ინფორმაციის გაგებას. და ბოლოს, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად შესატყვისია გარემო ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად და არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი გარემო ფაქტორები (ხმაური, ვიბრაცია, განათება, ტემპერატურა და სხვა).
აქტიური მოსმენის დროს მსმენელმა ასევე უნდა გააკონტროლოს მოსმენის შიდა -საკუთარ თავთან დაკავშირებული ფაქტორები. კერძოდ, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსაუბრეზე, შეწყვიტოს ყველა შეუსაბამო ქცევა მოსმენის დაწყებამდე, წინასწარ მოამზადოს შესატყვისი მასალა (მაგ. ჩასაწერი რვეული, კალმისტარი, წინა გაკვეთილის შინაარსი), გააკონტროლოს თავისი ემოციური მდგომარეობა და ა.შ.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9