1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის უფლებები

  1. E. Human rights
    ა.უ-ის კონცეფცია ბუნებითი კონცეფციის დოქტრინიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება. ამ კონცეფციის მიხედვით საზოგადოების თითოეულ წევრს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს ძირითადი უფლებები - სწორედ იმიტომ, რომ ისინი ადამიანებად დაიბადნენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს, (შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი), ხოლო ადამიანს აქვს ყველა ის უფლება, რომელსაც არ უკრძალავს კანონი. ადამიანის უფლებებში ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ: მატერიალურ და საპროცესო უფლებებს. მატერიალური უფლებები მოიცავენ - პირად, ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. პირად ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება: ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მოქალაქეობის უფლება, სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, სიტყვის, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება და ა.შ. პოლიტიკურ უფლებებს მიეკუთვნება: ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება, საარჩევნო უფლება, პოლიტიკური პარტიის, პროფესიული კავშირის შექმნის და მასში მონაწილეობის უფლება, მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლება და ა.შ. ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს მიეკუთვნება: შრომის უფლება; შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება; პროფკავშირების შექმნის უფლება; გაფიცვის უფლება; განათლების, ჯანმრთელობის უფლებები და ა.შ. კულტურულ უფლებებს მიეკუთვნება: საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება და ა.შ. საპროცესო უფლებები კი ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომელთა დახმარებითაც ადამიანი დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. ადამიანის უფლებათა დაცვის საპროცესო გარანტიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლო, ომბუდსმენის (სახალხო დამცველი) ინსტიტუტი, რეფერენდუმის მოწყობის უფლება და ა.შ. ადამიანის უფლებათა ზოგადი პრინციპებია: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია ხალხთა თვითგამორკვევის უფლება; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა, ისინი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობენ, ვინაიდან ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ; არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დაფიქსირებულია თუ არა ყველა ეს უფლება და თავისუფლება სახელმწიფოთა კონსტიტუციებსა და საკანონმდებლო აქტებში, ვინაიდან ადამიანის კუთვნილი უფლებები და თავისუფლებები ყველა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წყარო არ არის სახელმწიფო. ეს უფლებები სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, სახელმწიფო კი აღიარებს მათ არსებობას; სახელმწიფოს მოვალეობაა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, რადგანაც ის არსებობს ხალხისაგან და ხალხისათვის; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. ამ უფლებათა და თავისუფლებათა არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს დროის რომელიმე მონაკვეთით და არ შეიძლება შეილახოს სხვა ღირებულებებით; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ზღუდავს სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელებისას, ე.ი. ხელისუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Human Rights
    ადმიანისგან, როგორც გონიერი არსებისგან, გაუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს უფლებები ღმერთის მიერ არის ნაბოძები და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს; მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეპოქასა ან საზოგადოებაში ცხოვრობდა ან ცხოვრობს ადამიანი, ეს უფლებები არ იცვლება და ამიტომ სახელმწიფო მოვალეა, არმოაჩინოს და დაიცვას ისინი. ამდენად, ადამიანის უფლებები პოზიტიური სამართლის, ანუ იმ ნორმათა ერთობლიობის მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი, პირველად წყაროდ ცხადდება, ხოლო სახელმწიფოს მიერ თავისი კანონით ამ უფლებათა უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო, უზურპაციის აქტად ითვლება. პოზიტივიზმის მიმდევრები, რომლებიც სამართლებრივი მნიშვნელოვბის მქონედ აცხადებენ მხოლოდ სახელმწიფოს ნებას და მის კანონმდებლობას, უარყოფდნენ ადამიანის ბუნებითი უფლებებისათვის უპირატესობის მინიჭებას მოქმედი კანონმდებლობის წინაშე და ამ უფლებათა ნუსხას სახელმწიფოს ნებას უქვემდებარებდნენ. კაცობრიობის განვითარების პროცესში სულ უფრო და უფრო იმარჯვებდა ბუნებითი სამართლის შეხედულებები, თუმცა გარკვეული ცვლილებებით ყალიბდებოდა ე.წ. ცვალებადი შინაარსის ბუნებითი სამართლის კონცეფცია, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებები არ შეიძლებოდა ერთი და იმავე არსისა და მოცულობისა ყოფილიყო მონათმფლობელობის, ფეოდალიზმისა და კაპიტალიზმის ხანაში, – ეს კატეგორიები იცვლება და ახალ შინაარსს იძენს კაცობრიობის განვითათარებასთან ერთად, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩასახვასა და სრულყოფასთან მჭიდრო კავშირში; ადამიანის უფლებები რჩება სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ინსტიტუტების პირველად წყაროდ, მაგრამ მათი მოცულობა ვარირებს ეპოქისა თუ კონკრეტული საზოგადოების განვითარების დონეთა მიხედვით.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. პიროვნების განუხრელი უფლებები და თავისუფლებები, რომელთაც ინდივიდი დაბადებისთანავე იძენს. ა. უ. განსაზღვრავს მინიმუმს იმ პირობებისა, რომლებიც საჭიროა ადამიანის ღირსებისა და სიციცხლის შესანარჩუნებად; მოიცავს სამოქალაქო უფლებებსა და პოლიტიკურ თავსუფლებებს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, აგრეთვე, მთელი რიგი ერთობების (ბავშვები, ქალები, ნაციონალური უმცირესობები, ხალხები და ა. შ.) უფლებებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას. სოციალური და ეკონომიკური უფლებები ითვალისწინებს მთავრობის განსაზღვრულ ვალდებულებებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მათ ირეალურს უწოდებს, რადგანაც ბევრ ქვეყანას სათანადო რესურსების უქონლობის გამო არ ძალუძს ამ უფლებათა განხორციელება. განსაკუთრებული ვალდებულებები დაკავშირებულია ისეთ უფლებებთან, როგორიცაა მშვიდობა, განვითარება და ჰუმანიტარული დახმარება. უფლებათა დიდი ნაწილი თითოეულ ინდივიდს ეხება, ხოლო ზოგიერთი, მაგ., ეროვნული თვითგამორკვევის უფლება - გარკვეულ ერთობას. უფლებები დაკანონებულია გაეროს მიერ „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“ (1948) გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ორი საერთაშორისო კონვენციით, მრავალი ქვეყნის კონსტიტუციით, აგრეთვე ევროპული კონვენციით, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ა. უ-ის თაობაზე მიღებული დეკლარაციები ნორმატიული ხასიათისაა და მათ უფრო მორალური და სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ოპონენტები უარყოფენ იდეას ა. უ-ის უნივერსალობის შესახებ, ან ამტკიცებენ, რომ ეს უფლებები ითვალისწინებს მხოლოდ იდეოლოგიურ და კულტურულ ასპექტებს; მოცემული სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ექსტრემალურ შემთხვევაში ისინი შეიძლება დარღვეულ იქნას; ა. უ-ის დაცვის მოთხოვნები ეწინააღმდეგება ერთიანი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  4. E. Human Rights
    ევროპის გაერთიანებების სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აღიარებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციის პრინციპებს. წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემა 1986 წლის ერთიანი ევროპული აქტის პრეამბულაში დადასტურდა და მოგვიანებით ევროკავშირის ხელშეკრულების მე-6 მუხლში აისახა ეს მუხლი ეფუძნება ზემოხსენებულ კონვენციას და წევრ სახელმწიფოთა საერთო კონსტიტუციურ ტრადიციებს ძირითადი უფლებების დაცვის გარანტიები შემდგომში გამყარდა ამსტერდამის ხელშეკრულებით, რომელმაც განავრცო სასამართლოს იურისდიქცია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებზე ახალი დებულება განსაზღვრავს ზომებს, რომელიც უნდა გამოიყენონ იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფო არღვევს კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს.
    Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9