ფორმალური შეთანხმება ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის, რომელიც უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების შესრულებას ისახავს მიზნად. სახელმწიფოები ქმნიან ა-ებს, როცა მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, როცა მათ საერთო საფრთხე ემუქრება და როცა კავშირის შექმნით ისინი ერთად აწონასწორებენ მეტოქის რეალურად თუ სუბიექტურად აღქმულ ძლიერებას. კავშირის შექმნა ძალის „სესხება“ და ძალის „დამატებაა“. ა-ების შექმნის მიზეზებია: 1) პასუხი გარეშე საფრთხეზე; 2) იდეოლოგიური სოლიდარობა; 3) გარეშე სახელმწიფოს დახმარება; 4) უცხო სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში „შეღწევა“, ანუ მის საშინაო პოლიტიკურ სისტემაზე ზეგავლენის მოპოვება. ა-ები შეიძლება იყოს საიდუმლო ან ღია, ორმხრივი ან მრავალმხრივი. ა. ძალთა წონასწორობის სისტემის ძირითად ცნებად მიიჩნევა. ა-ის საშუალებით სახელმწიფოები აწონასწორებენ სხვა სახელმწიფოს ძლიერებას ან, პირიქით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მასთან კავშირში შედიან.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]