1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბი ბიბ ბიდ ბიზ ბიკ ბილ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიტ ბიუ ბიჰ

ბიჰევიორიზმი

1. დასწავლის პრინციპების ექსპერიმენტული კვლევა ცხოველებზე და მათი გადატანა ადამიანებზე; 2. კონცეფცია, რომლის თანახმად, ცნებათა ანალიზი შესაძლებელია გამჭვირვალე მოქმედებებითა და აშკარა გამონათქვამებით; 3. მიმართულება XX საუკუნის ამერიკულ ფსიქოლოგიაში, რომელიც ცნობიერებას არ მიიჩნევს მეცნიერული კვლევის ობიექტად და ფსიქიკა დაჰყავს ქცევის მრავალგვარ ფორმაზე. ქცევა გაგებულია გარე გამღიზიანებელზე - სტიმულზე ორგანიზმის რეაქციათა ერთიანობად. ამ მიმართულების ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი შეასრულეს ი. პავლოვმა, ჯ. უოტსონმა და ე. თორნდაიკმა. პავლოვმა აღმოაჩინა პირობითი რეფლექსები - დასწავლის ტიპი (კლასიკური განპირობებულობა), რომელიც ამერიკელი ფსიქოლოგებისთვის იქცა ობიექტური ფსიქოლოგიის საყრდენად; ამ ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპის თანახმად, მეცნიერების საგანი მხოლოდ დაკვირვებადი მოვლენებია. ბ-ის თვალსაზრისით, ქცევის შესწავლა უნდა მოხდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერბისთვის დამახასიათებელი ობიექტური საკვლევი ტექნიკის გამოყენებით. დასწავლის პრინციპების საკვლევად ქცევა უნდა იყოს მარტივი, ხოლო პროცედურა - ეთიკურად მისაღები. ექსპერიმენტები ძირითადად ტარდებოდა ცხოველებზე (ვირთხები, მტრედები). ლაბირინთში ცხოვლთა რეაქციების კვლევით თორნდაიკმა გამოავლინა დასჯა-წახალისების (განმტკიცების) მნიშვნელობა დასწავლის პროცესში და აღმოაჩინა ცდისა და შეცდომის მეთოდის სახელით ცნობილი დასწავლის მექანიზმი, რომელიც შემდგომ გაავრცელეს ადამიანის სწავლების პროცესებზე. ბ-ის თვალსაზრისით, ქცევის სახეები შეითვისება (დაისწავლება) ორი ძირითადი საშუალებით: კლასიკურად ფორმირებული და ინსტრუმენტული (ოპერანტული) პირობითი რეფლექსების გამომუშავებით. რეალურად არსებობს არა ერთიანი, არამედ რამდენიმე მონათესავე, თუმცა ურთიერთგანსხვავებული სტიმულ-რეაქციის თეორია. გამოყოფენ რამდენიმე მიმართულებას: რადიკალურს (უოტსონი, თორნდაიკი) და ნეობიჰევიორიზმის ნაირგვარ ვარიანტს (სკინერის, ტოლმენის, კლარკ ჰალლის და სხვ.). აკადემიურ ფსიქოლოგიაში ეს იდეები 30-40-იან წლებში ბატონობდა, შემდგომ კი შეიჭრა საზოგადოდ კულტურასა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში (ლინგვისტიკაში, აღზრდისა და სასკოლო სწავლების პრაქტიკაში, ფსიქოთერაპიაში). დღეს იგი მიიჩნევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად სოციოლოგიაში და გილისხმობს ობიექტური მეთოდებით გარემოს ზემოქმედებასა და ადამიანის რეაქციებს შორის მიმართების კვლევას. მაგალითად, ამ მიდგომას ეყრდნობა ბ-ული ინტერაქციონიზმი, რომელიც ურთიერთქმედების პროცესესბს სტიმულ-რეაქციის სქემის საფუძველზე განიხილავს. ბ-მა უდიდესი გავლენა მოახდინა კულტურის შემსწავლელ მეცნიერებებზე და კოგნიტივისტურ მიმართულებაზე მეცნიერებაში (იხ. კოგნიტური სოციოლოგია). სოციალურ მეცნიერებებში დამკვიდრდა ტერმინი „ბიჰევიორული“ იმ მიდგომის აღსანიშნავად, რომელიც ეყრდნობა აშკარა ქცვას და ფსიქიკის სხვაგვარად კვლევას უარყოფს. ტერმინ „ბიჰევიორისტისგან“ განსხვავებით, რომელიც ბ-ის მიმდევარს გულისხმობს, ტერმინი ბიჰევიორული“, ჩვეულებრივ, იმათ მიმართ გამოიყენება, ვინც ქცევის კვლევის პოზიციაზე დგას, მაგრამ ბ-ის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს არ იზიარებს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9