გაეროს ერთ-ერთი ძირითადი ორგანი, რომელიც შედგება გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ყოველი სახელმწიფო უფლებამოსილია, დაასწროს ასამბლეის სესიას ხუთი წარმომადგენელი, თუმცა ყოველ დელეგაციას მხოლოდ თითო ხმა აქვს. სესია იკრიბება ყოველი წლის სექტემბრის მესამე სამშაბათს. რიგგარეშე სპეციალური სესიები მოიწვევა ორგანიზაციის წევრთა უფლებამოსილების მოთხოვნით ან უმრავლესობისგან თანხმობის მიღების საფუძველზე. სპეციალური სესია მოიწვევა 24 საათში. სესია ირჩევს თავმჯდომარესა და მის 21 მოადგილეს გეოგრაფიული რეგიონების სამართლიანად წარმოდგენის პრინციპის დაცვით. ეს რეგიონებია: დასავლეთ ევროპისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოები, ლათინური ამერიკა და კარიბი, აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანე და აღმოსავლეთი ევროპა. მუშაობა წარმოებს ასამბლეის პლენარულ და კომიტეტების სხდომებზე. იქმნება 7 კომიტეტი: პირველი - პოლიტიკური განიარაღების საკითხები; მეორე - ეკონომიკური და ფინანსური საკითხები; მესამე - სოციალური და ჰუმანიტერული საკითხები; მეოთხე - დეკოლონიზაციის საკითხები; მეხუთე - ადმინისტრაციული და საბიუჯეტო საკითხები; მეექვსე - სამართლებრივი საკითხები; სოციალური პოლიტიკური კომიტეტი. მოქმედებს აგრეთვე ორი პროცედურული კომიტეტი: ა) გენერალური კომიტეტი (თავმჯდომარის, მისი 21 მოადგილის, შვიდივე დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეთა შემადგენლობით), რომელიც განაგებს დღის წესრიგს, მუშაობის წესსა და სხვა ამგვარ საკითხებს; ბ) რწმუნებათა შემოწმების კომიტეტი. გარდა ამისა, ასამბლეამ შექმნა გაეროს რამდენიმე მუდმივი ორგანო: სარევიზიო კომისია, ინვესტიციების კომიტეტი, გაეროს პერსონალის საპენსიო ფონდის კომიტეტი, საერთაშორისო სამართლის კომისია და სხვ.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
გენერალური ასამბლეა გაეროს ძირითადი სათათბირო ორგანოა. მასში წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. გ.ა. განიხილავს კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს და ერთმანეთისგან განსხვავებულ პრობლემებს. ესენია: საყოველთაო მშვიდობა, ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარება, ჩვენი პლანეტის ეკოლოგია, მსოფლიო მოსახლეობის ზრდა და სხვ. სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, განურჩევლად ქვეყნის სიდიდისა თუ ძლიერებისა, თითოეულ სახელმწიფოს ერთი ხმის უფლებას ანიჭებს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა (მაგ., საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება თუ საბიუჯეტო პრობლემები), ხმათა 2/3-ით უნდა იყოს დამტკიცებული. სხვა საკითხები ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღება. გ.ა.-ს მიერ დასამტკიცებელ საკითხებს, უმთავრესად, მისი ექვსი ძირითადი კომიტეტი განიხილავს: პირველი კომიტეტი - განიარაღებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს; მეორე კომიტეტი - ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს; მესამე კომიტეტი - სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურის საკითხებს; მეოთხე კომიტეტი - სპეციალურ პოლიტიკურ და დეკოლონიზაციის საკითხებს; მეხუთე კომიტეტი - საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ საკითხებს; მეექვსე კომიტეტი - სამართლებრივ საკითხებს. კომიტეტები გ.ა.-ის ძირითად სამუშაო ერთეულებს წარმოადგენენ. საკითხის განხილვისას გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. რიგ შემთხვევებში, როდესაც არავინაა წინააღმდეგი, საკითხი კენჭისყრის გარეშე გადაწყდება. გ.ა.-ს გადაწყვეტილება გამოდის რეზოლუციის სახით. კომიტეტების მოვალეობაში, აგრეთვე, შედის რეზოლუციის სამუშაო ვარიანტების მომზადება, რის საფუძველზეც ასამბლეის გადაწყვეტილება საბოლოო სახეს იღებს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]