1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გამოხატვის თავისუფლება

E. Freedom of expression
უფლება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის აღმშენებლობაში. სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი საფუძველია, დემოკრატიული საზოგადოების პროგრესისა და ცალკეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ეს უფლება შეეხება არა მხოლოდ ისეთ „ინფორმაციას“ ან „იდეას“, რომელიც სახელმწიფოს მიერ კეთილგანწყობილად მიიღება, არამედ ისეთსაც, რომელიც მიუღებელია ხელისუფლების ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამას მოითხოვს პლურალიზმის, ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპები, რომელთა გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.ტერმინი „გამოხატვა“ არ შემოიფარგლება შეხედულებების, აზრის გამოთქმის წერილობითი და ზეპირი ფორმებით. იგი მოიცავს ნებისმიერ საშუალებას, რომელიც იდეების გამოთქმასთან ან ინფორმაციის გადაცემასთან არის დაკავშირებული. ინფორმაციის წარმოების, გადაცემის, გავრცელების საშუალებებია: ბეჭდვითი მასალები, რადიომაუწყებლობა, ხელოვნების ნომუშები, ფილმები, ელექტრონული საინფორმაციო სისტემები. აზრის გამოხატვის თავისუფლება 3 ელემეტს მოიცავს ა) საკუთარი აზრის მიდევნების (ქონის) თავისუფლებას; ბ) ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას; გ) ინფორმაციის მიღების თავისუფლებას. პირველადი პირობაა საკუთარი აზრის მიდევნების (ქონის) თავისუფლება. ამ უფლების დაცვას აბსოლუტური ხასიათი აქვს, ვინაიდან ის შეზღუდვები, რომლებიც სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება. ნებისმიერი შეზღუდვა ამ უფლებასთან მიმართებით შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების ბუნებასთან. მოქალაქეები არ უნდა განიცდიდნენ ძალდატანებით იდეოლოგიურ დამუშავებას სახელმწიფოს მხრიდან. მით უფრო დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, აზრის ქონის თავისუფლების სერიოზულ და მიუღებელ წინააღმდეგობას ნიშნავს აღნიშნული თავისუფლება მოიცავს ასევე იმის გარანტიას, რომ პიროვნებაზე არ განხორციელდება ზეწოლა მისგან განსხვავებული აზრის გამოთქმის მიღების მიზნით გთ დაცულია როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით (იხ.: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ (მე-19 მუხ.), ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ (მე-10 მუხ.), საქართველოს კონსტიტუცია (24-ე მუხ.) ყველა, ვინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების უფლებით, გარკვეულ ვალდებულებებსაც უნდა ემორჩილებოდეს: რამდენადაც შესაძლებელია, თავი უნდა აარიდონ ისეთი გამონათქვამების ან მსჯელობის გამოყენებას, რომლებიც შეურამცხყოფელია სხვა პირთათვის. სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული შეზღუდვები დააწესოს გამოთქმის თავისუფლებებზე იმ პირობით, რომ შეზღუდვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის. დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის დადგენისას ყურადღება ექცევა: 1) დასახული მიზნის პროპორციულობას; 2) ცალკეული პიროვნებისა და ფართო საზოგადოების უფლებათა შორის პროპორციული ბალანსის დადგენას მაგალითად, ნაციონალისტური, ფაშისტური, რასისტული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ტოლერანტობის, პლურალიზმისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ასეთი გამონათქვამების შეზღუდვის დასაბუთება ბევრად უფრო ადვილია, ვინაიდან მათი არსებობა იწვევს ძალადობას, შუღლს, სიძულვილს გარკვეული ჯგუფების მიმართ (იხ. კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მე-4 მუხ.).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9