აღნიშნული ცნებები შემოიტანა გერმანელმა სოციოლოგმა ფერდინანდ ტიონისმა (1855-1936), რათა ერთმანეთისგან განესხვავებინა ერთობა (გემაინშაფტი). და საზოგადოება (გეზელშაფტი). ერთობა მოიცავს ტრადიციულ-რურალურ, ხოლო საზოგადოება - თანამედროვე ინდუსტრიულ-ურბანულ ურთიერთობებს. ერთობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: მისწრაფება კოლექტივიზმისაკენ და საერთო ინტერესების პრიმატი, ტრადიციით მიღებული ჩვევებისა და რწმენის მიმართ ერთგულება, ორიენტაცია სასულიერო ღირებულებებზე, გვაროვნული და ნათესაური კავშირების პრიორიტეტულობა და სხვა. ამის საპირისპიროდ, გეზელშაფტურ ურთიერთობებს ახასიათებს: მისწრაფება ინდივიდუალიზმისაკენ და კერძო (ეგოისტური) ინტერესების პრიმატი, ლეგალური და ფორმალურ-რაციონალური წესებით მოქმედება, ორიენტაცია საერო ღირებულებებზე, არანათესაურ და არაგვაროვნულ კავშირებზე დამყარებული ასოციაციები და გაერთიანებები და სხვ. ტიონისის მიხედვით, ერთობას საფუძვლად უდევს ნება არსებობისათვის („არსობრივი ნება“), ხოლო საზოგადოებას - ნება არჩევნისათვის („არჩევითი ნება“).
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]