1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდერი

  1. E. Gender სქესის გრმატიკული კატეგორია
    ბიოლოგიიდან და ფიზიოლოგიიდან ამ ტერმინმა ისეთ მეცნიერებებში გადაინაცვლა, როგორიცაა სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ეთნოგრაფია, კულტუროლოგია. გენდერი, როგორც სქესის სოციალური მახასიათებელი, წარმოაგდენს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის თანამედროვე იდეოლოგიას. სოციალური სქესი ეს არის სოციალური კონსტრუქცია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებლურ, ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და მამაკაცს შორის. მეცნიერებმა დიდი ხანია დაადასტურეს, რომ სტერეოტიპი წმინდა მამაკაცურ (მასკულინურ) და ქალურ (ფემინურ) აზროვნებასა და ქცევაზე. ის სტერეოტიპები, რაც „ქალურისა“ და „მამაკაცურის“ გარშემო იყრის თავს. გულისხმობს მკვეთრ მახასიათებელ ჩარჩოებს სქესის ფუნქციური დატვირთვისთვის. ამავე დროს, ეს სტერეოტიპები მოქმედებს „აქ და ამჟამად“, ანუ დამახასიათებელია კონკრეტული საზოგადოების არსებობის ფორმისათვის და ორი სქესის ურთიერთმიმრთებას განაპირობებს. სწორედ სოციალურ-კულტურული ნორმები (ეროვნება, ყოფითი სამართალი, ტრადიცია, რელიგია, ტაბუ) განსაზღვრავენ ქალისა და მამაკაცის პროფესიას, ქცევის მოდელს, ჩაცმას, ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და არა ბიოლოგიური სქესი. შესაბამისად, სოციუმი ქალისა და მამაკაცისგან ითხოვს უკვე დამკვიდრებული ფუნქციების შესრულებას, რაც ბიოლოგიური სქესის გენდერულ პარამეტრს ქმნის.
    ინგლისელის ენ ოუკლის მიერ დამკვიდრებული ტერმინი „გენდერი“ თანამედროვე დასავლურ სოციოლოგიაში გამოხატავს არა ინდივიდუალურ იდენტიფიკაციას, არამედ ქალურობისა და მამაკაცურობის იდეალებს. პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებობს ე.წ. გენდერული ასიმეტრია, როდესაც „მამაკაცური“ პრივილეგირებულ-დომინირებულ პოზიციაზეა, ხოლო „ქალური“ ითვლება არამოწინავედ, დაქვემდებარებულად, პირველზე დამოკიდებულად. ამგვარი ღირებულებათა სისტემა ბადებს საუკუნეობით გამყარებულ წარმოდგენებს, ცრურწმენებს, კულტურულ შეფასებებს - გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც ფაქტობრივად, რეფორმას ვერ თუ არ განიცდის და მცირედტრანსფორმირებული სახით გადადიან თაობიდან თაობაში. სოციალური როლები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ გენდერული უთანასწორობა კვლვ სიცოცხლისუნარიანია, რადგანაც გლობალიზაციის, მოდერნიზაციის პროცესში ხდება დისრკიმინაციის ფორმების „გაკულტურება“, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს საზოგადოების იერარქიულობის გაღრმავებას. გენდერული ნორმები განაპირობებს მამაკაცისა და ქალის ქცევის წესებს დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ეს კი თავისთავად განისაზღვრება მამისა და დედის ფუნქციური დაყოფით, სექსში ქალისა და მამაკაცის ხატით, აღზრდის სისტემებით, განათლებით, კულტურით, რელიგიური დოგმებით, პოლიტიკა-ეკონომიკით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასკულტურას, მასმედიას, როგორც სტერეოტიპიზაციის საშუალებას.
    გენდერი ინტერდისციპლინური მეცნიერებაა, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, ანთროპოლოგიას, ისტორიოგრაფიას, გეოგრაფიას, კულტუროლოგიას, პოლიტოლოგიას. საკანონმდებლო აქტებისა თუ საზოგადოებრივი პროცესების გენდერული ექსპერტიზა საშუალებას იძლევა მოხდეს ინდივიდისა თუ სოციუმის ცნობიერებბი დემოკრატიულობის, ჰუმანურობის ხარისხის დადგენა.
    Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
  2. სქესის სოციალური კატეგორია. ქალსა და კაცს შორის სოციალური ურთიერთობების ორგანიზებული მოდელი, რომელიც ახასიათებს არა მარტო მათ პიროვნებათშორის ურთიერთობებს, არამედ განსაზღვრავს მათ სოციალურ ურთიერთობებს ძირითად საზოგადოებრივ ინსტიტუტებში, მაგ., სოციალურ კლასებში, მსხვილი ორგანიზაციების იერარქიაში, დასაქმების სტრუქტურის ფორმირებისას და სხვ. გ. როგორც პროცესი და მოვლენა გულისხმობს სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე მამაკაცის მხრიდან ქალის ყოველგვარი ჩაგვრის ლიკვიდაციას. ფაქტობრივად ტერმინი ასახავს სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ქალთა და კაცთა ურთიერთობის ფენომენს და შესაბამისად მსოფლიოში დამკვიდრდა როგორც გარკვეული დირექტიული მიმართულება ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. მისი მიზანია ადამიანის სექსიზმისაგან დაცვა, რაც სქესობრივ დისკრიმინაციას - ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. ეს ტერმინი მეცნიერებაში სოციალური სქესის აღსანიშნავად გამოიყენება. სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, სხეულებრივ განსხვავებებთან, ცნება „გენდერი” კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი კი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების, თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს. ბავშვი დაბადებიდანვე განეკუთვნება ბიოლოგიურ კატეგორიას - სქესს, შესაბამისად, მდედრობითს ან მამრობითს. აღზრდის პროცესში ხდება მათი გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბება. გოგონები და ბიჭები სხვადასხვაგვარ გამოცდილებას იღებენ და ითავისებენ არსებულ გენდერულ როლებს მოცემულ კულტურაში. ისინი სწავლობენ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს გოგო თუ ბიჭი, რა არის დასაშვები თითოეულისთვის და რა - არა.
    ამგვარად, გენდერი გულისხმობს ფსიქოლოგიურ ატრიბუტებს, მახასიათებლებს და ქცევებს, რომელთა შეძენა ხდება სოციალურ კონტექსტში. ყოველ საზოგადოებაში გენდერული განსხვავებები ვლინდება ადამიანთა ქცევის ფორმებში. მაგალითად, რომელ სფეროში მოღვაწეობენ ქალები და მამაკაცები და რა სამუშაოს ასრულებენ ისინი, როგორ იცვამენ, როგორ გამოხატავენ ემოციებს და ა.შ.
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9