1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდერული სტერეოტიპები

წარმოდგენები, შეხედულებები, ცრურწმენები ქალისა და მამაკაცის სოციალური როლის, ფუნქციის, დანიშნულების, შესაძლებლობების, სტატუსის შესახებ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. „არსებობს კეთილი საწყისი, რომელმაც შექმნა წესრიგი, სინათლე და მამაკაცი და ბოროტი საწყისი, რომელმაც შვა ქაოსი, სიბნელე და ქალი“ - ამბობდა პითაგორა. \ გენდერული სტერეოტიპების შექმნაში, ბუნებრივია, უდიდესი როლი ენიჭება ოჯახსა და საზოგადოებაში არსებულ ტრაიდიციებს, ასევე კულტურულ, რელიგიურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ წარმოდგენებსა და ტექსტებს. გაბატონებულია აზრი, რომ ქალი უნდა იყოს ლამაზი, ჩუმი, ნაზი, დამთმობი, პასიური, არაავტორიტარული, არარაციონალური, ემოციურ-სპონტანური, ინტუიციური, კონსრევატიულად მოაზროვნე არსება, ხოლო მამაკაცი - ძლიერი, აქტიური, „მაიმუნზე ოდნავ ლამაზი“, პრინციპული, რაციონალური, ლოგიკური, ბრძენი, წარმატებაზე ორიენტირებული, განზოგადების კარგი უნარის მქონე. ბიოლოგიური დანიშნულებიდან გამომდინარე, ქალს ევალება ოჯახის, ბავშვების მოვლა, ხოლო მამაკაცი კონცენტრირებულია „ფულის შოვნაზე“, არასაოჯახო ეკონომიკაზე და პოლიტიკურ საქმიანობაზე. როლების ამგვარი სტერეოტიპიზაცია მამაკაცს საშუალებას აძლევს მიაღწიოს დომინირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში, სამაგიეროდ, იგი ნაკლებად მონაწილეობს საკუთარი შვილის აღზრდაში. გენდერული უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები უშუალოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. იქმნება მოჯადოებული წრე, არსებული შაბლონი ერთგვარად სოციალურ შეკვეთას წარმოადგენს და დეკლარიებული ეგალიტარული კანონების სიმრავლის მიუხედავად, საკმაოდ რთულია მისი დაძლევა. გენდერული სტერეოტიპები სექსიზმის ერთგვარი მეთოდოლოგიაა და საფუძვლად უდევს შრომის არათანაბარ დაყოფას. არსებობს წარმოდგენა, რომ პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, ტექნიკა, მაღალი ტექნოლოგიები ხელეწიფება მამაკაცურ გონებას, ხოლო სამზარეულო, სახლი, ოჯახი, საექიმო საქმე, პედაგოგიკა - ქალური პროფესიებია. თუმცა თანამედროვე რეალობა გვიჩვენებს, რომ ამგვარ სტერეოტიპებს არაფერი აქვს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. განსაკუთრებით ეს მკაფიოდ გამოიხატა გარდამავალ პერიოდში, როცა ეკონომიკური კრიზისი ქალის მხრებს დააწვა და სწორედ მან იტვირთა ოჯახის ფიზიკური გადარჩენა. მიუხედავად ამისა, გენდერული სტერეოტიპები კვლავ სიცოცხლისუნარიანია. ქალი - ცოლი, დედა, ბებია, საყვარელი, სექსუალური ობიექტი, „მეორე სქესი“, მამაკაცის სატელიტი, დამოკიდებული არსება; მამაკაცი - ოჯახის უფროსი, მარჩენალი, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9