1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დაბ დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაც დაწ დახ დაჯ

დაქირავებული პირები (მეომრები)

E. Mercenaries
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი დპ-ში გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც: ა) სპეციალურად არის მოხმობილი, რათა ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ ებრძოლოს დამქირავებლის მოწინააღმდეგე მხარეს შეიარაღებულ კონფლიქტში; ბ) უშუალოდ მონაწილეობს შეიარაღებულ მოქმედებებში; გ) მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში და ძირითადად ამოძრავებს ერთადერთი სურვილი - მიიღოს პირადი მოგება. მას კონფლიქტში მყოფი დამქირავებელი მხარე უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით ჰპირდება მატერიალურ ანაზღაურებას, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი იმავე რანგისა და ფუნქციების კომბატანტისათვის განკუთვნილ ანაზღაურებას ბევრად აღემატება; დ) არ არის კონფლიქტში მყოფი დამქირავებელი მხარის არც მოქალაქე და არც ამ მხარის კონტროლქვეს მყოფ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები; ე) არ შედის კონფლიქტში მყოფი დამქირავებელი მხარის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში; ვ) არ არის გაგზავნილი ოფიციალურ ვალდებულებათა შესასრულებლად იმ ქვეყნის მიერ, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს თავისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირის სახით. დამქირავებლებს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ კომბატანტების ან სამხედრო ტყვის სტატუსს. ამ კატეგორიის მეომართა სტატუსის განსაზღვრის ცდები თავს იჩენს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით 50-60-იანი წლებიდან, როდესაც ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ახალ საფეხურს მიაღწია - დაიწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა. ამას როგორც ყოფილმა მეტროპოლიებმა, ისე ხელისუფლებისათვის მებრძოლმა ადგილობრივმა ჯგუფებმა დაუპირისპირეს დაქირავებულ პირთა შეიარაღებული ფორმირებები. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ მიმართა ყველა სახელმწიფოს, თავიანთ ტერიტორიაზე არ დაეშვათ დაქირავებულთა დაბანაკება, მომზადება და ეკიპირება; გამოცხადდა, რომ დაქირავებულთა გამოყენება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ხალხთა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არის სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო თვით ეს პირები დამნაშავეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან (1968 წ.) გაეროს 1970 წლის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა) სპეციალურად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არარეგულარული ძალებისა თუ შეიარაღებული ბანდების, მათ შორის დაქირავებულთა, შეჭრის ორგანიზებისა და წახალისებისაგან. 1973 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო სპეციალური რეზოლუცია - „კოლონიალიზმისა და უცხოელთა ბატონობის და რასისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლს კომბატანტთა სამართლებრივი რეჟიმის ძირითადი პრინციპები“, რომლის მიხედვით, ამ მებრძოლთა წინააღმდეგ დაქირავებულთა გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „აგრესიის განსაზღვრების შესახებ“ (1974 წ.) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების ჯგუფებს, არარეგულარული ძალებისა და დაქირავებულთა შეგზავნას მეორე სახელმწიფოში, რომლის წინააღმდეგ ისინი შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ, აგრესიის ერთ-ერთ ნაირსახეობად მიიჩნევს. მსგავსი დოკუმენტები შეიმუშავა და მიიღო აფრიკული კავშირის ორგანიზაციამ 1971 და 1972 წლებში. 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია „დაქირავებულთა შეკრების, გამოყენების, დაფინანსებისა და სწავლების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. ჟენევის 1949 წლის კონვენციებმა და 1977 წლის დამატებითმა ოქმებმა ომის მსხვერპლთა შესახებ შეაჯამა არსებული სამართლებრივი პრაქტიკა. ამრიგად, საერთაშორისო სამართლის ნორმები აშკარად მოწმობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დროს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეები (ჩეჩნები, ადიღეელები, კაზაკები, სირიელები და სხვ.), რომლებიც სეპარატისტულ ხელისუფლათ ჰყავდათ დაქირავებული, კომბატანტებად ვერასგზით ვერ ჩაითვლებიან, ისინი ბანდიტთა ფორმირებებად უნდა იქნენ მიჩნეულნი. იგივე ითქმის ე.წ. „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ მიერ შემოგზავნილ „მოხალისეებზე“, რომლებიც ძირითადად დაქირავებული მეომრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, საქართველო ჰუმანურად ეპყრობოდა ტყვედ ჩავარდნილ თვით ამ დამქირავებლებსაც, ავრცელებდა მათზე საერთაშორისო სამართლის ნორმებს. აფხაზი სეპარატისტები კი ქართველი მოსახლეობის მიმართ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკას ახორციელებდნენ, რაც მშვიდობისა და კაცობრიობის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად არის აღიარებული ეუთოს, ევროპის საბჭოს და მთლიანად სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. არ შეიძლება გამოირიცხოს რუსეთის მთავრობის პასუხისმგებლობა მის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ბანდების, არარეგულარული ჯარების თუ დაქირავებულთა მომზადებისა საქართველოში (აფხაზეთში) შემოგზავნის გამო. რუსეთის ფედერაცია ვალდებული იყო, არ დაეშვა ასეთი ბანდების შექმნა და, მით უმეტეს, საქართველოში მათი გადმოსვლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლველად.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9