1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დემოკრატია

  1. E. Democracy
    მმართველობის ერთ-ერთი შესაძლო ფორმა. დ. ხალხის მმართველობის სინონიმია და, როგორც ასეთი, განსხვავდება ერთი (მონარქია, ავტოკრატია), ან რამდენიმე პირის (არისტოკრატია, ოლიგარქია) მმართველობისაგან. დემოკრატიულია ის ქვეყნები, სადაც კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ მმართველთა უფლებამოსილებანი მართულთა თანხმობის შედეგია. წარმომადგენლობითი დ-ის პირობებში ამომრჩევლები პერიოდულად ირჩევენ თავის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხს აგებენ მათ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერი დ-ის დამახასიასიათებლი ნიშანია არჩევნის თავისუფლების პატივისცემა, რომელიც გულისხმობს ისეთი სამოქალაქო თავისუფლებების არსებობას, როგორიცაა სიტყვის და შეკრებების თავისუფლება. დემოკრატია შემდეგი პირობების დაცვას გულისხმობს:
    1. ხელისუფლების დაყოფა;
    2. ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა;
    3. შემწყნარებლობა უთანხმოებათა მიმართ;
    4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
    5. საზოგადოებაში განხეთქილების არარსებობა;
    6. წარმატებული ეკონომიკური განვითარება.
    დ-ს ხშირად აიგივებენ უმრავლესობის მმართველობასთან, რისი დამადასტურებელიც, თითქოსდა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებია. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, უმრავლესობის მმართველობა შესაძლებელია ძალიან სასტიკი აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა და სხვადასახვა სახის უმცირესობათა მიმართ. სწორედ უმრავლესობამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი სოკრატეს, რაც ათენის პოლიტიკურ წყობას დადებითად არ ახასიათებს. უმრავლესობას, როგორც წესი, ავიწყდება უმცირესობათა პრობლემები, ხოლო ზოგიერთი პრობლემა მტრულ დამოკიდებულებას იწვევს უმრავლესობის მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის განუსაზღვრელი ძალაუფლება საფრთხეს წარმოადგენს ცალკეული პირების, ან ჯგუფების მიმართ. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გაგებით, დ. უმრავლესობის შეზღუდული ძალაუფლებაა, შეზღუდული ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რომლებიც ცალკეულ ადამიანებს ეკუთვნით. უმრავლესობას არა აქვს ამ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის უფლება. ამრიგად, ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ზღუდავენ უმრავლესობის ძალაუფლებას.
    შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც კონსტიტუციურობის პრინციპი. ჩვენს დროში ეს პრინციპი ასახულია კონსტიტუციის თავებში - ეს ის თავებია, რომლებშიც მოცემულია ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. ისინი პირველ რიგში კანონმდებლების ძალაუფლებას ზღუდავენ, ვინაიდან არ აძლევს მათ საშუალებას გააუქმონ აზრის გამოხატვის თავისუფლება, ან საკანონმდებლო წესით დაუშვან ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვაა. ამრიგად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი უმრავლესობის ძალაუფლების ზღვარს აწესებენ.
    დ-ს დონე მით უფრო მაღალია, რაც უფრო შეზღუდულია ელიტის პოლიტიკური ძალაუფლება და რაც უფრო მაღალია ფართო სოციალური ფენების გავლენა.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. საზოგადოების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სახელმწიფოსა და ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რადგანაც ხალხი იშვიათად გამოხატავს ერთნაირ იდეას, ამიტომ „დემოკრატია“ როგორც აღწერითი ტერმინი შეიძლება ჩავთვალოთ „უმრავლესობის მმართველობის“ სინონიმად. შემდგომში, XVIII ს–ში, როდესაც ტერმინი კვლავ შემოვიდა ხმარებაში, უმრავლესობა, ვინც ამ ტერმინს ხმარობდა, წინააღმდეგი იყო ეწოდებინათ დემოკრატია იმისათვის, რასაც აქამდე უწოდებდნენ. დღეს ხშირად რეჟიმები, რომლებიც არანაირად არ შეიძლება ჩავთვალოთ დემოკრატიულად, სწორედ ასე უწოდებენ თავიანთ თავს (მაგ., ყოფილი კამპუჩის სახალხო რესპუბლიკა). ყველაზე უფრო საკამათოა შემდეგი საკითხები: ვინ ითვლება "ხალხად" და რა არის უმრავლესობა? ძველი ათენის მმართველობა დემოკრატიულად ითვლებოდა (დაახლოებით ძვ.წ. 500–დან 330 წ–მდე), რადგანაც ყველა მოქალაქეს შეეძლო მიეღო მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ „ყველა მოქალაქე“ არ გულისხმობდა „ყველა სრულწლოვანს“. ქალები, მონები და ქალაქში მცხოვრები უცხოელები (მათ შორის წარმოშობით სხვა ბერძნული ქალაქებიდან „გადმოსახლებულები“ ე.წ. მეტეკები) ასეთ უფლებას მოკლებულნი იყვნენ. ასე რომ, საბოლოოდ კენჭისყრაში სრულწლოვანი მოსახლეობის მეოთხედი იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე მკვლევრები ათენს „დემოკრატიულ“ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. ასეთივე მიდგომაა თანამედროვე სახელმწიფოების მიმართაც – ის სახელმწიფოები, სადაც მამაკაცების საკმაო რაოდენობას აქვს ხმის უფლება – დემოკრატიულად ითვლება. მაგ., დიდ ბრიტანეთში 1918 წ–მდე (ამ წელს ხმის უფლება მიიღეს ქალებმა) ხმის უფლება ჰქონდა მოსახლეობის ნახევარს, მაგრამ ეს წელი არ არის მიჩნეული ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაქცევის თარიღად. მოსახლეობის რა მინიმალურმა ნაწილმა უნდა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ რეჟიმი დემოკრატიულად ჩაითვალოს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სიტყვა „უმრავლესობას“ უფრო ზუსტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე განუსაზღვრელ სიტყვას „ხალხი“ და ნიშნავს ნახევარზე მეტს. ორი კანდიდატურის კენჭისყრის დროს სირთულეები არ წარმოიქმნება. თუ კანდიდატურების რაოდენობის სამი ან მეტია, პრობლემა რთულდება. მის გადასაჭრლად სხვადასხვა დროს ბევრი მოაზროვნე იმტვრევდა თავს. პირველი სისტემატური ანალიზი ეკუთვნის ბორდას და კონდორსეს (XVIII ს–ის დასასრული). ხმათა (უბრალო) უმრავლესობის პრინციპმა (არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა მეტი ხმა, ვიდრე დანარჩენებმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია) შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ არჩეულ იქნას ის, ვისაც ამომრჩეველთა უმრავლესობა უღირსად თვლის. მაგრამ ქვეყნებში, სადაც საყოველთაო არჩევნები ამ პრინციპით ტარდება (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი და სხვა)., მას დემოკრატიულად თვლიან. ბორდას აზრით, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა იმ კანდიდატს, რომელიც უმაღლეს საშუალო შეფასებით კატეგორიას მიიღებდა. კონდორსეს თანახმად, გამარჯვების ღირსია ის კანდიდატი, რომელიც დანარჩენ კანდიდატებს მოუგებს. უნდა აღინიშნოს, რომ „უმრავლესობის პრინციპის“ ამ ვარიანტის გამოყენებას არჩევნებში ორზე მეტი კანდიდატურის არსებობის შემთხვევაში ყოველთვის ერთი და იმავე კანდიდატის არჩევნებამდე როდი მივყავართ, ხოლო კონდორსეს ვარიანტი, რომელიც ყველა წყვილურ დაპირისპირებაში კანდიდატის გამარჯვებას გულისხმობს, ზოგჯერ საერთოდ ვერ ავლენს გამარჯვებულს. ამ შემთხვევაში, რომელმა კანდიდატმაც უნდა გაიმარჯვოს, ყოველთვის არსებობს უმრავლესობა, რომელიც სხვა კანდიდატურას ისურვებდა. ასე რომ, „უმრავლესობის პრინციპის“ მნიშვნელობა გაუგებარია. XVII ს–ში გაჩნდა გამონათქვამები დემოკრატიის დასაცავად, რომლის საფუძველსაც ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებები წარმოადგენდა. შესაძლოა აღნიშნული რამდენადმე პროტესტანტული რეფორმაციის შედეგი იყო. თომას ჰობსი და ჯონ ლოკი აღიარებდნენ მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას, მაგრამ არცერთ მათგანს არ გაუკეთებია წმინდა დემოკრატიული დასკვნები. დასავლეთში საარჩევნო უფლებების მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო XIII ს–ის ბოლოს. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს ეს უფლებები თავდაპირველად მიიღეს მხოლოდ მსხვილი საკუთრების მფლობელებმა, მაგრამ მოგვიანებით, 1791 წლის კონსტიტუციისა და 1793 წლის კონსტიტუციის პროექტის შესაბამისად აღნიშნული უფლებები პრაქტიკულად მოსახლეობის ყველა სრულწლოვან მანმაკაცზე გავრცელდა. ბევრ ამერიკულ კოლონიაში ჯერ კიდევ 1776 წლამდე საარჩევნო უფლებას მოსახლეობის ფართო მასები ფლობდნენ, ხოლო დემოკრატიას საფუძველი 1787 წლის კონსტიტუციამ ჩაუყარა, რომელმაც თითოეულ შტატს პალატისა და პრეზიდენტის არჩევნებისას მოსახლეობის რაოდენობის (ინდიელებისა და მონების გარდა) შესაბამისი წარმომადგენლობა დაუკანონა. XIII ს –ში, როდესაც დ. კვლავ „აღმოაჩინეს“, არც ერთი არსებული სისტემა არ წარმოადგენდა უშუალო დ–ს. ხმის უფლების მქონე პირები ირჩევდნენ წარმომადგენლებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ შემდგომ არჩევნებამდე იყვნენ პასუხისმგებელნი. შესაბამისად, არსებობს დ–ის ორი ძირითადი სახე – პიდაპირი და წარმომადგენლობითი (რეპრეზენტატული). პირდაპირია დ., რომელშიაც გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქალაქეთა მასის მიერ. ამ მხრივ, დემოკრატიის ეს ფორმა მკვეთრად განსხვავდება წარმომადგენლობით დ–ებისაგან, სადაც ხალხის ინტერესები სპეციალური წარმომადგენლების, დეპუტატების მიერ გამოიხატება. საერთოდ, პირდაპირი დ. დამახასიათებელი იყო მცირე ზომის სახელმწიფოებისათვის, რომლებშიც ხმის მქონე მოქალაქეების რაოდენობა არ იყო დიდი. ამგვარი დ–ის ყველაზე ნათელი მაგალითია ანტიკური ქალაქ–სახელმწიფოები, თუმცა იგი არსებობდა უფრო გვიანაც – შვეიცარიაში (ჟენევაში) ან ამერიკის დასავლეთის შტატების რიგ ქალაქებში.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. Fr. democratie
    Gk. demos ხალხი + kratos ხელისუფლება
    მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ხალხის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9