1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროპის სამართალი

E. European Law
საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციების ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ორგანოების სტრუქტურის, კომპეტენციის, ფუნქციონირებისა და წევრი სახელმწიფოების უფლება-მოვალეობათა განმსაზღვრელი ნორმების ერთობლიობა. ტერმინი გამოიყენება ორი მნიშვნელობით: 1. იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ევროკავშირის ორგანოების კომპეტენციას, მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების უზრუნველყოფის საშუალებებს. ევროკავშირი ზენაციონალური ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციას მიეკუთვნება, რადგანაც მის ორგანოებს უფლება აქვთ ბათილად ცნონ ნებისმიერი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტი, რომლებიც დაფუძნებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება; 2. ფართო გაგებით, ეს-ის ცნებაში მოიაზრება ევროპის საბჭოს ორგანოების სტრუქტურა, კომპეტენცია, მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შიდასახელმწიფოებრივ სამართალში ასახვისა და რეალიზაციის უზრუნველყოფის საშუალებები. თუ ევროკავშირის სამართალი შეიქმნა მონაწილე ქვეყნების (თავდაპირველად მასში 12 ქვეყანა მონაწილეობდა, დღისათვის კი ეს რიცხვი 25-ს აღწევს) ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, დღეს მისი საქმიანობა მოიცავს აგრეთვე თანამშრომლობას პოლიტიკურ, უშიშროებისა და დიპლომატიურ სფეროებში. სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფა ევროსაბჭოსთან მჭიდრო კავშირში. ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად გვევლინება. მას ხელშეკრულების დადების უფლება აქვს. ევროპის საბჭო იმთავითვე დაარსდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მიზნით. მთელი მისი სტრუქტურა და საქმიანობა ეყრდნობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სხვა კონვენციას) საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს (კონვენციებს, შეთანხმებებს და სხვ.), რომლებიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. ორგანიზაცია აკონტროლებს წევრი სახელმწიფოების შიგნით ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას - რამდენად შეესაბამება იგი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა აქტის მოთხოვნებს. ევროკავშირის 25-ვე წევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოს მონაწილეა, რომელიც დღეისათვის 46 სახელმწიფოს მოიცავს.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9