1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ერი

  1. E. Nation
    ადამიანთა ერთობა, რომელიც ინახავს თავისი წინაპრების გადმოცემებსა და მითებს, საერთო მსხვერპლისა და ტანჯვის ფასად დაკავშირებულია ისტორიულ ტერიტორიასთან და ერთიანობის შესანარჩუნებლად მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ასეთივე ტანჯვა გამოიაროს. როდესაც სახელმწიფოს ტერიტორია ე-ის ტერიტორიას ემთხვევა, საქმე გვაქვს ეროვნულ სახელმწიფოსთან. სახელმწიფოთა უმრავლესობა ერთგვაროვანი არ არის ეროვნული თვალსაზრისით და მის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული, რელიგიური და ენობრივი ჯგუფი ცხოვრობს.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Nation
    ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ,,ერთობა,“ რომელიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ზოგიერთ კრიტერიუმს. ტერმინ ,,ერის“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს. საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში მიღებული იყო ე-ის სტალინისეული განმარტება, რომლის მიხედვით, ე-ს ოთხი ძირითადი ნიშანი ახასიათებას: ენის ერთობა, საერთო ტერიტორია, ეკონომიკური წყობის ერთობა და საერთო ეროვნული ხასიათი, რომლის გამოვლინებაა კულტურა. ამასთანავე, მარქსიზმის მტკიცებით, ე-ბი ყალიბდებიან მხოლოდ კაპიტალიზმის ეპოქაში, როდესაც იქმნება საერთო ეროვნული ეკონომიკა და ერთიანი შიდა ბაზარი. ამრიგად, გამოდის, რომ XVI-XVII საუკუნეებამდე ე-ები არ არსებობდნენ, ხოლო XX ს-ში, იმის მიხედვით, თუ როგორ საზოგადოებრივ ფორმაციაში იმყოფებოდა ესა თუ ის ქვეყანა, არსებობდნენ სოციალისტური და ბურჟუაზიული ე-ები. ე-ის ასეთ გაგებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა თვით სოციალისტურ ქვეყანაში. მკვლევართა ნაწილის აზრით, ზემოხსენებული ოთხი ნიშანი ახასიათებს ნებისმიერ ეთნიკურ ერთობას და ამიტომ ე-ის რაობის გარკვევისათვის საკმარისი არ არის. ბევრი ე-ის აუცილებელ კრიტერიუმად საკუთარი სახელმწიფოს არსებობას მიიჩნევს და ასკვნის, რომ მხოლოდ ის ეთნიკური ერთობა შეიძლება ჩაითვალოს ე-ად, რომელიც პოლიტიკურ ერთობას ქმნის და აქვს თავისი სახელმწიფო. ეს თვალსაზრისი უახლოვდება დასავლეთში გავრცელებულ წარმოდგენას ე-ის რაობის შესახებ, სადაც ე. და სახელმწიფო ხშირად იდენტურ ცნებებად მოიაზრება, რადგან დასავლეთ ევროპაში ე-ის ჩამოყალიბება მათი სახელმწიფოების წარმოქმნასთან ერთად მოხდა (ასეთი თეორია წამოყენებული იყო იტალიაში XIX ს-ის დამლევს და მიზნად ისახავდა დაქუცმაცებული იტალიის გაერთიანებას). აღსანიაშნავია ისიც, რომ ინგლისურ და ფრანგულ ენებში სიტყვა ,,ერს“ (the nation, la nation) უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეთნიკური. თვით ქართულ და რუსულ ენებშიც კი, სადაც ეს სიტყვა ძირითადად ეთნიკური შინაარსისაა, გვხვდება ,,ერთან“ დაკავშირებული ტერმინები, სწორედ სახელმწიფოს მნიშვნელობით (მაგ., გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეროვნული ვალუტა, ეროვნული შემოსავალი და სხვ.). ე-ისა და სახელმწიფოს იდენტურობის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი ,,ერი-სახელმწიფო“ ან ,,ეროვნული სახელმწიფო“ (Nation-state). ამ ცნებაში იგულისხმება, რომ ასეთი სახელმწიფოს ყველა მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ერთი ე-ის წარმომადგენელია. მაგ., ფრანგი ე-ში გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, ასევე ამერიკელი ე აშშ-ის მოქალაქების ერთობლიობაა და ა.შ. ამდენად, ცნება ,,ფრანგი“ განსხვავდება ,,ეთნიკური ფრანგისაგან,“ რადგან პირველი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, მეორე კი მხოლოდ ეთნიკურ ფრანგებს. ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ,,ერი-სახელმწიფოს“ ტიპს განეკუთვნება, მაშინ როდესაც, აფრიკაში ,,ერი-სახელმწიფო“ იშვიათობაა . ამიტომ საერთაშორისო დოკუმენტებში უფრო ტერმინი ,,ხალხი“ იხმარება (მაგ., ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება).
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული, მყარი ერთიანობა საერთო ტერიტორიით, ენით, ეკონომიკური თანაცხოვრებითა და კულტურულ-ფსიქოლოგიური (ნაციონალური ხასიათი, თვითცნობიერება, ინტერესები და ყოფა) ნიშნებით. ერის წარმოშობის ეკონომიკურ საფუძვლად იქცა ფეოდალური დაქუცმაცებულობის ლიკვიდაცია, ქვეყნის შიგნით ცალკეულ ნაწილებს შორის ეკონომკურ კავშირთა განმტკიცება, ადგილობრივი ბაზრების ერთიან, საერთო-ნაციონალურ ბაზრად გაერთიანება. პირველი ევროპული ერები ფორმირდებოდა ცენტრალიზებული სახელმწიფოების საზღვრებში ერთი ან რამდენიმე ეთნიკურად ახლო მდგარი ხალხების ბაზაზე, მაგ., საფრანგეთში - ჩრდილო ფრანგებისა და პროვანსალებისაგან. ევროპის აღმოსავლეთსა და სამხრეთ- დასავლეთში ერების ფორმირება დაიწყო პოლიეთნიკური სახელმწიფოების შიგნით (ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი, რუსეთი); ამერიკის ქვეყნებში ერები ფორმირდებოდა ევროპიდან გადასახლებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისგან, რომლებიც შეერივნენ ერთმანეთს და აგრეთვე ინდიელებსა და ზანგებს. ამ ერების ძირითადი ენა, ჩვეულებრივ, ხდებოდა მეტროპოლიის ენა (ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი და სხვ.), ხოლო მათი ფორმირების ჩარჩოები იყო აღმოცენებული სახელმწიფოების საზღვრები. მ. ვებერის მიხედვით ე. გრძნობების ერთობაა, რომლისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოებრიობა საკუთარი მთლიანობისა და ინტერესების დასაცავად. თანამედროვე თეორიებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ერის ეთნიკურ ნიშნებზე, მის თვითცნობიერებაზე. ინგლისურ და ფრანგულ ენებში სიტყვა ერს (the nation la nation), უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეთნიკური. თვით ქართულ და რუსულ ენებშიც კი, საადაც ეს სიტყვა ძირითადად ეთნიკური შინაარსისაა, გვხვდება კონტექსტები, რომლებშიც ერი სწორედ სახელმწიფოს მნიშვნელობით გამოიყენება (მად., გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეროვნული ვალუტა და სხვა).
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9