1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თავ თათ თამ თან თაო თაღ

თამაშების თეორია

თეორია, რომელიც თამაშს აღიარებს ადამიანის თავისუფალი თვითგამოხატვის ფორმად; თამაში არ არის მიმართული რაიმე უტილიტარული მიზნის მიღწევისაკენ და არსებობს საწარმოო-პროფესიული მოღვაწეობისაგან დამოუკიდებლად. სათამაშო ქცევა ვლინდება უმაღლეს ძუძუმწოვრებთან, ბავშვებთან, განვითარების პრიმიტიულ დონეზე მყოფ ხალხთან. თამაშს ხშირად ხელოვნებას ადარებენ. მას სოციალურ-კულტურული ფუნქციები აქვს: 1) პირველადი სოციალიზაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ახალი თაობის საზოგადოებაში დამკვიდრებას; 2) განსხვავებული სოციალური მდგომარეობისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანთა გამაერთიანებელი, ემოციებით დატვირთული კომუნიკაციების სფერო; 3) არქაული ჩვეულებებისა და ღირებულებების შენარჩუნება და კვლავწარმოება, რომლებმაც დროსთან ერთად პირვანდელი პრაქტიკული საზრისი დაკარგეს. ბევრი ევროპელი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ხედავს კულტურის წყაროს ადამიანის თამაშის უნარში. ამ აზრით, იგი კულტურის წარმოშობის წინაპირობაა (გადამერი, ფინკი, ჰაიზინგა), თამაშის სტიქიაში ადამიანი რადიკალურად სხვა როლშია იმ როლებისაგან განსხვავებით, როცა ფანტაზიორობას არ მიმართავს. XIX ს-ში ეს აზრი ბევრმა მეცნიერმა აიტაცა. XX ს-ში თამაშის ფენომენი კულტუროლოგთა ძლიერ ინტერესს იწვევს. სარტრის მოსაზრებით, ადამიანს ორი არჩევანი აქვს - იყოს არარაობა ან ითამაშოს. ნიდერლანდელი მეცნიერისთვის - იოჰან ჰაიზინგასათვის კულტურა თავისუფალი და პატიოსანი თამაშია, თამაში კულტურის ფენომენია და არა ბიოლოგიური, ამიტომ კულტუროლოგიური თვალსაზრისით უნდა გაანალიზდეს. ადამიანის პირვანდელი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი სახეობები მასთანაა გადაჯაჭვული. ჰაიზინგას ნაშრომის - Homo Ludens-ის („მოთამაშე ადამიანი“) ძირითადი თეზისი ასაბუთებს კულტურის თამაშისეულ ხასიათს და შრომის საპირისპიროდ, თამაშს კულტურის შემქმნელ ფაქტორად განიხილავს. ის ინდივიდისათვის სოციალურად მნიშვნელოვანია მასში მყოფი საზრისის, გამომხატველობითი ღირებულების გამო, ამიტომ შრომაზე უფრო მეტადაა ადამიანური კულტურის მაფორმირებელი ელემენტი - ადამიანმა გარემოს შეცვლის აქტი ჯერ საკუთარ ფანტაზიაში, თამაშის სფეროში განახორციელა. ჰაიზინგას თვალსაზრისით, თამაში კულტურაზე უფროსია, წინ უსწრებს და ქმნის მას. კულტურა სწორედ თამაშის ფორმით იქმნება, იგი თავიდან გათამაშდება. ყველა მკვლევარი აღნიშნავს თამაშის უმიზნობას უტილიტარული გაგებით. კულტურის გენეზისის კონცეფციას თამაშის საუძველზე თნამედროვე კულტუროლოგიაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს (ფინკი, ი გასეტი, ჰესე და სხვ.). თ.თ. საერთაშორისო ურთიერთობებში კონფლიქტური ვითარებების დროს გადაწყვეტილების მიღების კვლევის ფორმალური მეთოდია. „თამაში“ ამ შემთხვევაში ადამიანური ურთიერთქმედების ფართო სპექტრის მეცნიერული მეტაფორაა. თ.თ. მოქმედ პირთა რაციონალობის ვარაუდს ემყარება. თ.თ. მათემატიკის ერთ-ერთი დარგია და როგორც წესი, მატრიცების სახითაა წარმოდგენილი. თ.თ-ის მარტივ მოდელებში თითოეულ მონაწილეს აქვს გადაწყვეტილების არჩევის ორი ვარიანტი, რაც ოთხი შესაძლო შედეგის არსებობას განაპირობებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მეორე მოქმედი პირის ინტერესებიც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მხარეს წარმოდგენა არ ჰქონდეს პარტნიორის არჩევანზე. თ.თ-ის მიხედვით, მონაწილეთა მოქმედების პრინციპი შეიძლება იყოს სარგებლის მაქსიმალიზაცია, ან დანაკარგების მინიმალიზაცია, რომელთა შორის არჩევანიც ორივე მხარისათვის შედეგს განაპირობებს. თ.თ. წარმოშობს კითხვებს რაციონალობის რაობის შესახებ. არსებობს თ.თ-ის ნულოვანჯამიანი და არანულოვანჯამიანი (ე.წ. შერეული მოტივაციის) ვარიანტები. ნულოვანჯამიან ვარიანტში თითოეული მხარის მოგება აუცილებლად მეორე მხარის წაგებას მოასწავებს, ხოლო არანულოვანჯამიან ვარიანტში ორივე მხარის მიერ სარგებლის მოპოვება დასაშვებია. თ.თ-ის ყველაზე ცნობილი ვარიანტია ე.წ. „პატიმრის დილემა“, რომელიც კლასიკურ არანულოვანჯამიან თამაშს წარმოადგენს. „პატიმრის დილემის“ გარდა თ.თ-ის მოდელებიდან აღსანიშნავია „ორმხრივად გარანტირებული განადგურება“, „მწვანე საფარის ტრაგედია“, „სქესთა შეჯახება“ და სხვ. საერთაშორისო ურთიერთობებში თ.თ. გამალებული შეიარაღების, განიარაღების, ბირთვული სტრატეგიული ურთიერთქმედებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო პოლიტიკური ანალიზის დროს გამოიყენება. თ.თ-ის შემქმნელად ჯონ ფონ ნეიმანი მიიჩნევა. საერთაშორისო ურთიერთობებში თ.თ-ის ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსი თომას შელინგია.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9